search close
picture განცხადება

სწრაფი რეაგირების მექანიზმი ლგბტქი+ თემის წევრებისათვის

31 ივლისი 2020

COVID-19-ის კრიზისით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შემსუბუქების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ და გაეროს განვითარების პროგრამამ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, შექმნა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სწრაფი რეაგირების მექანიზმი ლგბტქი+ თემის წევრებისათვის.

თანამშრომლობის შედეგად მომზადდა ქვემოთ მოცემული კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ლგბტქი+ თემის წევრს შეუძლია მიიღოს მხარდაჭერა გადაუდებელი საჭიროებისას ქვემოთ მოცემული განაცხადის შევსების შემდეგ. გთხოვთ, განაცხადის ფორმა, იხილეთ ტექსტის ბოლოს.

I. (მულტიდისციპლინური/მულტიგუნდი) გუნდის შემადგენლობა

გადაწყვეტილების მიმღები (მულტიდისციპლინური/მულტიგუნდი) გუნდი შედგება არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობისა“ (Equality Movement) და “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” (WISG) წარმომადგენელი სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, სექსოლოგის, ასევე სხვა შესაბამისი სამედიცინო პერსონალისა და იურისტისაგან. განცხადების შესწავლის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას (მულტიგუნდში) ჯგუფში ზემოაღნიშნული შემადგენლობიდან საჭიროებისამებრ ერთვება შესაბამისი წევრი ან წევრები.

II.რეფერირება

მულტიფუნქციურ გუნდში გადამისამართდება სხვა სათემო ორგანიზაციებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, თუ მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოში შესული განცხადებები.

III. ვის შეუძლია განაცხადის გაკეთება მხარდაჭერის მისაღებად (კრიტერიუმები):

  • ლგბტქი+ თემის   წევრებს,   რომელთაც   COVID-19-ით   გამოწვეული   კრიზისისას დაკარგეს შემოსავლის წყარო (მათ შორის აუნაზღაურებელ შვებულებაში მყოფი, არაფორმალურ ეკონომიკაში დასაქმებული და თვითდასაქმებული1);
  • ლგბტქი+ თემის წევრებს, რომელნიც ვერ იღებენ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ვერც ერთ სოციალურ მხარდაჭერას, მათ შორის COVID-19-ის ანტი-კრიზისული გეგმით გათვალისწინებულ ფინანსურ დანამატს2;
  • ლგბტქი+ თემის წევრებს, რომლებსაც არ ჰყავთ მხარდამჭერ პირთა წრე (მაგ.ოჯახი, ნათესავები, მეგობრები და ა.შ.);
  • ლგბტქი+ თემის   წევრებს,   რომლებიც   არიან,   ან   იყვნენ   ოჯახში   ძალადობის მსხვერპლები, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლი, ასევე პირებს, რომლებიც არიან ან იყვნენ დისკრიმინაციის მსხვერპლები3; ზემოაღნიშნულ შემთხვევებში გადაწყვეტილების მიღებისას, მულტიფუნქციური გუნდის წევრმა იურისტმა შესაბამისი მტკიცებულების მოძიების მიზნით უნდა მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს.
  • ლგბტქი+ თემის წევრებს, რომელთაც სამედიცინო დიაგნოზიდან გამომდინარე (მაგ. მძიმე, ქრონიკული და/ან ინფექციური, ფსიქიკური დაავადებები) ესაჭიროებათ განგრძობადი მხარდაჭერა. მულტიფუნქციური ჯგუფის გადაწყვეტილებით, დახმარება შესაძლოა ასევე გაეწიოთ იმ პირებს, რომელთაც დასმული არ აქვთ კონკრეტული დიაგნოზი, თუმცა ფიქსირდება მათი მიმართვიანობა შესაბამისი დარგის ექიმთან და მიმდინარეობს სამედიცინო კონსულტაციები.
  • ტრანსგენდერი პირები,    რომლებიც   სარგებლობენ    სპეციფიკური    სამედიცინო სერვისებით, მაგალითად, ჰორმონული თერაპია, და, აღნიშნული სპეციფიკურობიდან გამომდინარე, საჭიროებენ ყოველთვიურ გეგმაზომიერ სამედიცინო შემოწმებას;
  • ლგბტქი+ თემის წევრებს, რომელნიც დარჩნენ თავშესაფრის/საცხოვრებლის გარეშე და არიან უსახლკარობის რისკის ქვეშ4;
  • თემის წევრებს, რომლებზეც დამოკიდებული არიან განსაკუთრებული ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პირები (მაგ: არასრულწლოვანი შვილები, მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ბოლო ექვსი თვის მანძილზე მათთან ერთად მცხოვრები პირები და სხვ.);
  • სხვა გადაუდებელ ან კრიზისულ სიტუაციებში მყოფ ლგბტქი+ თემის წევრებს, თუ მულტიდისციპლინური გუნდი (სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და იურისტები) გამოავლენს საჭიროებათა თავსებადობას აღნიშნული დახმარების მიღების კრიტერიუმებთან.

IV. რა სახის მხარდაჭერის მიღება შეუძლიათ ლგბტქი+ თემის წევრებს:

  • ძირითად საარსებო საშუალებებზე ხელმისაწვდომობა: საკვები და ჰიგიენური საშუალებები5 (მაქსიმალური თანხა 150 ლარი); ჯანდაცვის სერვისების ანაზღაურება და მედიკამენტურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა: წამლები და გადაუდებელი ჯანმრთელობის მდგომარეობის სპეციფიკური მედიკამენტური მკურნალობა, მათ შორის, მენტალური ჯანმრთელობისათვის აუცილებელი მედიკამენტების უზრუნველყოფა, ფსიქიატრის, ვენერო-დერმატოლოგისა და საჭიროებიდან გამომდინარე სხვა კონსულტაციების ანაზღაურება (მაქსიმალური თანხა 100 ლარი); საცხოვრებელთან დაკავშირებული საჭიროებების უზრუნველყოფა: საცხოვრისით დაკმაყოფილება / ბინის ქირის ანაზღაურება / საცხოვრისთან დაკავშირებული ხარჯები. მიმდინარე კომუნალური/კომუნიკაციის გადასახადები (მაქსიმალური თანხა 350 ლარი); ფსიქო–სოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა: ფსიქოლოგის, იურისტისა და სექსოლოგის მომსახურება, ასევე ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე სხვა სპეციალისტის მომსახურება რესურსების არსებობის პირობებში.

V. შეფასების პროცედურა

  • დახმარების მიღების შესახებ შესაბამისი პირის მიერ განაცხადის წარდგენა ხდება ელექტრონული ან ფიზიკური ფორმით;
  • მულტიდისციპლინური გუნდი პირველადი განაცხადების შესწავლას იწყებს დაუყოვნებლივ, დაინტერესებული პირის მიერ მისი წარმოდგენისთანავე;
  • მულტიდისციპლინური გუნდის მიერ გადაწყვეტილების მიღება ხდება განაცხადის წარმოდგენიდან 10 დღის განმავლობაში;
  • თემის წევრს შეუძლია მულტიდისციპლინურ გუნდს მიმართოს განმეორებით, არაუმეტეს თვეში ერთხელ ერთი და იმავე სახის საჭიროებისთვის;
  • თითოეული განაცხადი მხარდაჭერის მოთხოვნაზე შეფასდება მულტი-დისციპლინური გუნდის მიერ ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. ის ბენეფიციარები, რომლებიც კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, მიიღებენ დახმარებას ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად;
  • თემის ის წევრები, რომლებიც ცხოვრობენ პარტნიორთან და/ან თემის სხვა წევრებთან ერთად და ინაწილებენ საცხოვრებლისა და კომუნალურ გადასახადებს, მიიღებენ ფინანსურ დახმარებას, შინამეურნეობის (სახლში მცხოვრები ყველა წევრის) საერთო საჭიროების გათვალისწინებით. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, კრიტერიუმები შეეხება ყველა მცხოვრებს;




1 პირი თვითდასაქმებულად მიიჩნევა სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე.

2 გადაწყვეტილების მიღებისას მულტიდისციპლინური გუნდი ეყრდნობა სოციალური მუშაკის შესაბამის დასკვნას. (მიღებულ გადაწყვეტილებას უნდა დაერთოს დასკვნის ფორმა).

3 გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სასამართლოსთვის ან ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი, სასამართლოს განჩინება, პროკურატურისთვისა და სახალხო დამცველისთვის გაკეთებული მიმართვები, ან/და პროკურატურის დადგენილება ან სახალხო დამცველის გადაწყვეტილება.

4 მულტიდისციპლინური გუნდი გადაწყვეტილების მიღებისას იყენებს სოციალური მუშაკის მიერ შემუშავებულ ბიო-ფსიქო -სოციალური შეფასების შედეგად მომზადებულ დასკვნას, როგორც მტკიცებულებას.

5 მიმაგრებული დოკუმენტი: დახმარების კალათის ტიპი განისაზღვრება კონკრეტული პირის საჭიროებებიდან გამომდინარე. (სტანდარტული-სოციალური, სასურსათო, ქრონიკული და სხვა.)