search close
picture განცხადება

WISG-მა და EHRAC-მა სტრასბურგში გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმეში საქართველოს მთავრობის დაკვირვებებზე პასუხი წარადგინეს

25 მარტი 2019



გენდერის სამართლებრივი აღიარების პროცესი სახელმწიფოს მიერ არ რეგულირდება. ეს ზრდის ტრანსგენდერი ადამიანების უმუშევრობისა და სიღარიბის რისკს, ხელს უწყობს ჯგუფის წევრთა მარგინალიზაციას და კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის მათ საზოგადოებაში არსებული ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების მიმართ. თავის მხრივ, სტიგმა, უმუშევრობა და სიღარიბე კიდევ უფრო ართულებს ტრანსგენდერი ადამიანებისთვის გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის საჭირო საშუალებებზე ხელმისაწვდომობას,  რომელთა გავლაც, დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, აუცილებელია სქესის სამართლებრივი აღიარებისათვის. ამგვარად, იქმნება ერთგვარი მანკიერი წრე, რომლიდან თავის დაღწევაც არსებულ ვითარებაში, ფაქტობრივად, შეუძლებელია.“
ქეთი ბახტაძე (იურისტი), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი


2019 წლის მარტში ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპული ცენტრმა (EHRAC) და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა (WISG) საქართველოს მთავრობის დაკვირვებებზე პასუხი წარადგინეს ორი ქართველი ტრანსგენდერი მამაკაცის საქმეებზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების უარს მათ ოფიციალურ დოკუმენტებში გენდერის მარკერის შეცვლის თაობაზე სტრასბურგში ასაჩივრებენ. განმცხადებლებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2017 წელს მიმართეს.[1]

ორივე აპლიკანტის მოთხოვნა, რომ მათი გენდერის მარკერის ცვლილება ასახულიყო ოფიციალურ დოკუმენტებში, მათი მამრობით გენდერთან იდენტიფიცირების შესაბამისად, უარყოფილ იქნა საქართველოს ხელისუფლების მიერ. გადაწყვეტილება კი დასაბუთდა იმით, რომ გენდერის მარკერის ცვლილებითვის აუცილებელი პირობა სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაცია იყო. მხოლოდ ამის შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი ოფიციალურ დოკუმენტებში ცვლილების ასახვა.

ამ ტიპის ოპერაცია არც სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემაშია გათვალისწინებული და არც კანონით მოთხოვნილი, რაც ნიშნავს, რომ აპლიკანტებს არ ეძლევათ თავიანთი გენდერის სამართლებრივად აღიარების საშუალება. სოციალური როლის შესაბამისი გენდერის მარკერის გარეშე აპლიკანტები, ოფიციალური დოკუმენტების წარდგენისას, ყოველდღიურ ცხოვრებაში განიცდიან დამამცირებელ მოპყრობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას. მაგალითად, როდესაც მათ უხდებათ სამედიცინო და საბანკო დაწესებულებების სერვისებით სარგებლობა, ან საზღვრის გადაკვეთისას საბუთების წარდგენა. მათთვის შეუძლებელია მუდმივი სამსახურის შოვნა, ხოლო აპლიკანტ დ.-ს არ შეუძლია შვილების აღზრდაში სრულყოფილად მონაწილეობა.

მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ მიღებულ იქნა ანტიდისკრიმინაციული კანონი, საქართველო რჩება სოციალურად კონსერვატულ ქვეყნად და მდგომარეობა, რომლის წინაშე აპლიკანტები დგანან, მათთვის შიშისა და მღელვარების საგანია და იწვევს მათ იზოლაციას ადგილობრივი თემისგან.

აღსანიშნავია, რომ ევროპულმა სასამართლომ ფრანგული საქმის[2] განხილვისას დაადგინა, რომ გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის სქესის კვლავმინიჭების ქირურგიული ოპერაციის მოთხოვნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევაა (მუხლი 8, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, ECHR). ამის საფუძველზე აპლიკანტი დ. მიუთითებს, რომ მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება ირღვევა და ის არ არის ვალდებული, რომ ამ ტიპის ოპერაცია გაიკეთოს, და რომ საქართველოს მთავრობამ არ შექმნა სამართლებრივი და ადმინისტრაციული მექანიზმი მისი გენდერის მარკერის ოფიციალურ დოკუმენტებში შესაცვლელად. ორივე აპლიკანტი ასევე დაობს, რომ სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაციის მოთხოვნა გენდერის აღიარებისთვის წარმოადგენს არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას (მუხლი 3, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, ECHR), და რომ ისინი დაექვემდებარნენ დისკრიმინაციას გენდერული იდენტობის ნიშნით, რამდენადაც საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა მათი გენდერის მარკერის შეცვლაზე ოფიციალურ დოკუმენტებში (მუხლი 14, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, ECHR).

სასამართლოს აქამდე არასოდეს დაუდგენია არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის დარღვევა გენდერის სამართლებრივ აღიარებასთან მიმართებით. თუ ეს საქმე წარმატებული იქნება, ის ასევე იქნება პირველი შემთხვევა, როცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაადგენს დისკრიმინაციის აკრძალვის დარღვევას ტრანსი ადამიანებისთვის გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმით სარგებლობის შეუძლებლობის გამო.


“[აპლიკანტებისსაქმეები საქართველოში სისტემურ პრობლემაზე მეტყველებსგენდერის სამართლებრივი აღიარება არსებითია, რათა უზრუნველყოფილი იყოს ტრანსგენდერი ადამიანების ღირსეული ცხოვრება, ყველანაირი შევიწროვების, ჩაგვრის, შიშის და დისკრიმინაციის გარეშე. თუმცა, საქართველოს კანონმდებლობა ვერ ახერხებს დაარეგულიროს გენდერის სამართლებრივი აღიარების საკითხი იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული თვითნებური და შეუქცევადი შედეგები. ვიმედოვნებთ, რომ ამ საქმის ევროპის სასამართლოს წინაშე წარდგენით, საქართველოში მცხოვრები იმ ტრანსგენდერ ადამიანების, მდგომარეობა, რომლებიც გენდერის სამართლებივ აღიარებას ითხოვენ, გაუმჯობესდება“.
რამუტ რემეზაიტე (იურიდიული კონსულტანტი) და ჯოან სოიერი (იურისტი), EHRAC.


საქმის მნიშვნელობისა და ინტერესის გათვალისწინებით, სასამართლომ გასცა საქმეში დაინტერესებული პირების მესამე მხარედ ჩართვის ნებართვა. 2019 წელს  ორი ორგანიზაციამ - ILGA ევროპა[3] და ტრანსგენდერ ევროპა[4] წარუდგინა მოსაზრებები სასამართლოს. ჩართვის ნებართვა ასევე გაიცა გენტის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის[5]. აპლიკანტების მხარე სრულად იზიარებს სამივე ორგანიზაციის წარმოდგენილ პოზიციასა და მოსაზრებებს.

ეს საქმეები ამ ორი ორგანიზაციის - ადამიანთა უფლებების ევროპული ადვოკატირების ცენტრისა (EHRAC) და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) პირველი ერთობლივი საქმეა. ჩვენს არგუმენტაციას მხარს უჭერს მანჩესტერის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტის პროფესორის, სტეფან ვიტლის მიერ შედგენილი ანგარიში, რომლის მიხედვითაც აშკარაა რამდენად გამანადგურებელი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს გენდერის სამართლებრივი აღიარების უარყოფას ტრანსგენდერ ადამიანზე. EHRAC-მა დაWISG-მა მთავრობის დაკვირვებებს 2019 წლის 7 მარტს უპასუხეს და ახლა საქმეები საბოლოო გადაწყვტილებას ელოდება.

 



[1] დ.-ს განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2017 წლის 1 აგვისტოს, ხოლო კ.-ს განაცხადი 2017 წლის 10 ოქტომბერს წარედგინა. ორივე მათგანს სურს, რომ ისინი ანონიმურად დარჩნენ ევროპული სასამართლოს წინაშე.
იხილეთ დეტალურად:
ტრანსგენდერმა კაცმა გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის სტრასბურგის სასამართლოს მიმართა“: https://bit.ly/3aPJWL9;
“სტრასბურგში საქართველოს ორი ტრანსგენდერი მამაკაცი ედავება”: https://bit.ly/3aQqDS1