search close
picture განცხადება

ქარტიამ TV პირველის ჟურნალისტის მხრიდან ქარტიის პრინციპების დარღვევა დაადგინა

23 სექტემბერი 2020

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილება მიიღო WISG-ის და თანასწორობის მოძრაობის განცხადებების საფუძველზე[1], რომელიც ეხება 2020 წლის 16 აპრილს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა "ანა წერეთლის დღის ამბებში" ქარტიის 1-ლი, მე-5 და მე-7 პრინციპის დარღვევას.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გადაცემა საერთო კოვზით ზიარების თემას ეხებოდა, სადაც მოწვეულმა რესპონდენტმა, პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრმა, გიორგი ანდრიაძემ, პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ: „C ჰეპატიტით უამრავი დაავადებული ადამიანი ეზიარება, შიდსით დაავადებული ადამიანიც ეზიარება. რატომ არ გადადის ეს დაავადებები?“, რითაც მან მცდარი და დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი ინფორმაცია გააჟღერა.

WISG-მა და თანასწორობის მოძრაობამ ქარტიის განცხადებაში იდავეს, რომ ჟურნალისტმა ანა წერეთელმა გადაცემაშივე არ უზრუნველყო აეხსნა მაყურებლისთვის, რომ აივ ინფექცია და C ჰეპატიტი არ გადადის ნერწყვით. ამით კი ხელი შეუწყო დეზინფორმაციის გავრცელებას და სტიგმის გაძლიერებას აივ დადებითი და C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მიმართ.

გადაწყვეტილება ქარტიის თითოეული პრინციპების დარღვევის შესახებ საბჭომ შემდეგნაირად განმარტა:

ქარტიის პირველი პრინციპი: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.” დადასტურებული ფაქტია, რომ, COVID-19-სგან განსხვავებით, C ჰეპატიტი და აივ დადებითი ინფექცია [შიდსი] არ გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით, შესაბამისად, პარალელის გავლება, ერთი მხრივ, COVID-19-ისა და, მეორე მხრივ, C ჰეპატიტის და აივ დადებით ინფექციის ინფიცირების გზებს შორის არასწორია. თეორიულად დასაშვებია, რომ ჟურნალისტმა არ იცოდა ამ ფაქტის შესახებ, მაგრამ იგი ვალდებული იყო დაეზუსტებინა რესპონდენტთან, რა კვლევების ან ინფორმაციის საფუძველზე ამბობდა გიორგი ანდრიაძე, რომ, შესაძლებელია, C ჰეპატიტი და აივ დადებითი ინფექცია გადაედოს საერთო კოვზით ზიარებისას, ანუ ჰაერ-წვეთოვანი გზით. ჟურნალისტის რეპლიკა გადაცემის ბოლოს, რომ „C ჰეპატიტი არ გადადის ნერწყვით“, არ ჩაითვლება მაყურებლისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდებად, ვინაიდან დეტალურად არ განმარტავდა გადაცემის გზებს შორის სხვაობას და ამასთან აქცენტი გაკეთდა მხოლოდ C ჰეპატიტზე. აივ დადებით ინფექციაზე მაყურებელს მაინც არასწორი ინფორმაცია დარჩა მიწოდებული.

ქარტიის მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.“ საბჭოსათვის დადასტურებულად ცნობილია, რომ მოპასუხე ჟურნალისტმა მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ განმცხადებელს პრეტენზია ჰქონდა ჟურნალისტის მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით. ამასთან, როგორც პირველი პრინციპზე მსჯელობისას დადგინდა, სადავო გადაცემით მართლაც არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და შემდგომ არ შესწორებულა ინფორმაცია ეთიკური ჟურნალისტიკისათვის დადგენილი წესით, შესაბამისად, დაირღვა ქარტიის მე-5 პრინციპი.

ქარტიის მე-7 პრინციპი: “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

WISG-ის და თანასწორობის მოძრაობის მიმართვაში აღვნიშნეთ, რომ C ჰეპატიტის და აივ დადებით ინფექციის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით მოხდა ამ დაავადებათა მატარებელი ადამიანების სტიგმატიზირება. სტიგმა და დისკრიმინაცია მნიშვნელოვნად აბრკოლებს ადამიანის უფლებების რეალიზებას, ხელს უშლის აივ დადებითი ინფექციისა პრევენციისა და მკურნალობის შესახებ არსებითად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებაში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთიანი აივ/შიდსის პროგრამის (UNAIDS) ანგარიშის[2] (GLOBAL PARTNERSHIP FOR ACTION TO ELIMINATE ALL FORMS OF HIV-RELATED STIGMA AND DISCRIMINATION) თანახმად, აივ დადებითი ინფექცია/შიდსთან დაკავშირებული სტიგმა და დისკრიმინაცია ქმნის ბარიერებს აივ-ის პრევენციის, ტესტირებისა და მკურნალობის სერვისების მისაღებად და რისკის ქვეშ აყენებს აივ-დადებითი სტატუსის მქონე ადამიანების სიცოცხლეს. აივ-დადებით ადამიანებს, რომლებიც ხშირად აწყდებიან აივ-თან დაკავშირებულ სტიგმას, ორჯერ უფრო მაღალი შანსი აქვთ, რომ დააგვიანებენ მკურნალობაში ჩართვას, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად არ განიცდიან აივ-თან დაკავშირებულ სტიგმას.

საბჭომ გაიზიარა WISG-ის და თანასწორობის მოძრაობის პოზიციები და პირველ პრინციპზე მსჯელობისას აღინიშნა, რომ: „მაყურებელმა მიიღო არასწორი ინფორმაცია, თითქოს C ჰეპატიტი და აივ დადებითი ინფექცია გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით, რაც გულისხმობს, რომ ეს დაავადებები შეიძლება გავრცელდეს ხელის ჩამორთმევით, ფიზიკური კონტაქტით, დახველებით, ცემინებით, საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით, საერთო კერძო თუ საჯარო სივრცეებით სარგებლობით. ამ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით გაძლიერდა სტერეოტიპები და სტიგმა C ჰეპატიტის და აივ დადებითი დაავადების მქონე ადამიანების მიმართ, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ, და დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო საზოგადოება ხშირად მათგან დისტანცირებს. ეს ძირითადად დამყარებულია ირაციონალურ შიშებზე, რომ მათთან კონტაქტით შესაძლებელია ინფიცირება. არასწორი ინფორმაციის გავრცელება კი ხელს უწყობს სწორედ ასეთი ირაციონალური შიშების და სტიგმის გაძლიერებას, რითაც დაირღვა ქარტიის მე- 7 პრინციპი.“

იხილეთ ქარტიის გადაწყვეტილება


1 https://www.qartia.ge/ka/siakhleebi/article/81471-tv-pirvelis-zhurnalistis-ana-tserethelis-tsinaaghmdeg-qartias-mimarthes

2 https://www.unaids.org/sites/default/files/media_asset/global-partnership-hiv-stigma-discrimination_en.pdf