search close
picture განცხადება

გაეროს წევრმა ქვეყნებმა საქართველოს მიმართ გასცეს რეკომენდაციები ადამიანის უფლებათა, მათ შორის, ლგბტქი საკითხებზე

26 იანვარი 2021

დღეს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მესამე ციკლის ფარგლებში, გაეროს წევრმა ქვეყნებმა საქართველოში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა შეაფასეს.

შეფასება, მათ შორის, ეყრდნობა არასამთავრობო სექტორის მიერ მიწოდებულ ანგარიშებს. 37-ე სესიისთვის, WISG-მა ილგა ევროპასთან ერთად მოამზადა სპეციალური ანგარიში[1], რეკომენდაციები და ფაქტების ფურცლები[2] საქართველოში ლგბტქი ადამიანების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

WISG-ის მიერ ანგარიშებში დასმული მრავალი საკითხი აისახა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის ანგარიშში, რაც, თავის მხრივ, წარდგენილი მონაცემების კომპილაციაა.[3]

დღევანდელ სესიაზე გაეროს წევრმა ქვეყნებმა საქართველოს მიმართ რეკომენდაციები სხვადასხვა მიმართულებით გააჟღერეს. მათ შორის, რეკომენდაციები ეხებოდა გამოწვევებს დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების და ლგბტქი ადამიანების უფლებრივ საკითხებზე.

სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის ნაწილში, საქართველომ WISG-ის მიერ მომზადებულ ანგარიშებში დასმული მრავალი რეკომენდაცია მიიღო.

შესაძლებელია მათი დაჯგუფება საკითხების მიხედვით.

ზოგადი ხასიათის რეკომენდეციები მოიცავდა საზოგადოებაში ჰომოფობიური სტიგმის დაძლევას (ბრაზილია, ჩილე, არგენტინა); სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას, როგორც პრევენციას, ისე სათანადო გამოძიებას (საფრანგეთი, ბელგია, დანია, ირლანდია, თურქეთი, კანადა, კვიპროსი, ექუადორი, მექსიკო); სიძულვილის ენის გავრცელების პრობლემას (გერმანია, პორტუგალია, ბრაზილია, არგენტინა) და ლგბტქი ადამიანების უფლებების დაცვასა თუ გაძლიერებას; ასევე სოგი-ს საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას (გაერთიანებული სამეფო, ურუგუაი, ავსტრალია, ბრაზილია, დანია, ფიჯი, ისლანდია, ისრაელი).

ამასთან, საქართველომ განხილვის ფარგლებში მიიღო უფრო კონკრეტული სახის რეკომენდაციებიც, მათ შორის, ეპანეთისგან, საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებისთვის სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის მოთხოვნის გაუქმებასთან დაკავშირებით; შვედეთისგან - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონის ცვლილებასთან დაკავშირებით, იმგვარად, რომ მსხვერპლთა უფლებების დაცვა განხორციელდეს ნებისმიერი ნიშნით, მათ შორის სოგი-ს ნიშნით, დისკრიმინაციისგან თავისუფლად;

რეკომენდაციები ასევე უკავშირდება სიძულვილის, ულტრამემარჯვენე რადიკალური ჯგუფებისგან მომავალი საფრთხეების იდენტიფიცირებას, პრევენციასა და სათანადო გამოძიებას, მათ შორის ლგბტქი ადამიანების მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის უზრუნველყოფის ნაწილში (ნიდერლანდების სამეფო, ვენესუელა, ელ-სალვადორი). ასევე მნიშვნელოვანია ლუქსემბურგის მიერ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების დაცვის რეკომენდაციის გაჟღერება ყველა ქალის, მათ შორის მოწყვლადი ქალების მიმართ.

WISG მიესალმება ლგბტქი ადამიანების წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი საკითხების წამოწევას პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში. აღნიშნული რეკომენდაციების წერილობითი ფორმით გავრცელების შემდეგ შემოგთავაზებთ მის დეტალურ შეფასებას. რაც შეეხება საქართველოს მხრიდან რეკომენდაციების გაზიარების საბოლოო სტატუსს (მიიღებს თუ არა სახელმწიფო მათ შესასრულებლად), ეს 47-ე სესიის ფარგლებში გახდება ცნობილი, რომელიც 2021 წლის ივნის-ივლისშია ჩანიშნული. 

 


[1] UPR-ის 37- სესიისთვის მომზადებული WISG-ის და ILGA-Europe-ის ანგარიში და რეკომენდაციები: https://cutt.ly/WhYEflc

ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG). ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ- დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.

[2] აქტების ფურცელი https://cutt.ly/VhYEpim

[3] უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა OHCHR| UPR UPR - Georgia