search close
picture განცხადება

სტერეოტიპები, სტიგმა და დისკრიმინაცია ტრანსი ქალების მიმართ - WISG მაია ასათიანის წინააღმდეგ

1 თებერვალი 2021

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) მაია ასათიანის წინააღმდეგ[1], და დაადგინა[2], რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ის ეთერში, 2020 წლის 22 ოქტომბერს გასულ გადაცემაში „პროფილი“, მოპასუხე ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი. 

აღნიშნულ გადაცემაში[3] მაია ასათიანს სტუმრად ჰყავდა ია ფარულავა. ერთ ეპიზოდში ია ფარულავა ამბობს, რომ მისმა ძმებმა ბიჭივით აღზარდეს და მას შეუძლია „ფეხზე დამდგარმა ფისი გავაკეთო“, რაზეც წამყვანი პასუხობს, „ტრანსი ხომ არ ხარ“, ხოლო ამ რეპლიკის შემდეგ ია ფარულავა წამყვანს სთავაზობს მისი გენიტალიების შემოწმებას.

სწორედ ამ რეპლიკას ეხებოდა ქარტიისადმი WISG-ის მიმართვა, მე-7 პრინციპის დარღევის თაობაზე, რაც გულისხმობს შემდეგს: “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

WISG-ის იურისტმა, ქეთი ბახტაძემ, ქარტიას ზემოაღნიშნული პრინციპის დარღვვევის შესახებ წარუდგინა ვრცელი არგუმენტაცია, რომელიც 3 ძირითად საკითხს გამოყოფს:

1. ტრანსი ქალების ობიექტივაცია, ეგზოტიზაცია და სტერეოტიპიზაცია.

ჟურნალისტის მიერ რესპონდენტისთვის დასმული შეკითხვა „ტრანსი ხომ არ ხარ?!“ წარმოადგენს ტრანსი ქალების ობიექტივაციას, რადგან ჟურნალისტი აღნიშნულით ცდილობს მაყურებლის ყურადღება მიაპყროს მხოლოდ და მხოლოდ ქალის გენიტალიებს და გენდერულ ქცევას [კონკრეტულად, მოშარდვას]. ამით ის ცდილობს ხაზი გაუსვას ტრანსი ქალის განსხვავებას ცისგენდერი ქალისგან და ამკვიდრებს სტერეოტიპს, რომ ტრანსი ქალი აუცილებლად მამრობითი გენიტალიების მატარებელია და მისი ქცევა შეესაბამება მამაკაცის ქცევას. აღნიშნულით ჟურნალისტი ტრანსი ადამიანების და განსაკუთრებით ქალების მიმართ აღვივებს სტერეოტიპს, რომ ისინი არ არიან სრულფასოვანი ქალები, რადგან მათ შესაძლოა გააჩნდეთ მამრობითი სქესის ნიშნები ან/და მათი ქცევა შესაძლოა იყოს მასკულინური. აგრეთვე, გენიტალიებზე მითითებით, ჟურნალისტი გამორიცხავს ტრანსი ადამიანების ე.წ. „პოსტ-ოპერაციულ“ მდგომარეობას, რაც გულისხმობს სოციალური როლის და იმიჯის ცვლილებასთან ერთად ქირურგიულ ტრანზიციას, მათ შორის გენიტალიების ქირურგიას გენდერული იდენტობის შესაბამისად.

2. ტრანსი ქალების სხეულის გამო შერცხვენა [body shaming] და მისი გავლენა.

სადავო მასალაში ჟურნალისტი ცდილობს ერთგვარად გააშარჟოს ტრანსი ადამიანის სხეული. იგი აღნიშნულ საკითხზე საუბრობს ირონიით და რესპონდენტთან ერთად იცინის ამაზე, შესაბამისად, მაყურებელსაც აღნიშნულისკენ უბიძგებს. ადამიანის გენდერი არის მისი სოციალური როლი[4], ეს არის მდგომარეობა როგორც იგი აღიქვამს საკუთარ თავს სოციუმში და ირგებს ქალის, მამაკაცის, არცერთი მათგანის ან ორივე მათგანის როლს. გენდერი შესაძლოა ემთხვეოდეს ადამიანის სქესს, შესაძლოა არა. გენდერი და გენდერული იდენტობა სქესისგან სრულიად დამოუკიდებელი პიროვნების შემადგენელი ელემენტია. სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ სხეულის გამო ადამიანის შერცხვენა იწვევს დეპრესიულ სიმპტომებს, ხოლო ტრანსი ქალები და კაცები ცისგენდერი ადამიანებისგან განსხვავებით უფრო ხშირად ხდებიან ამგვარი მოპყრობის [body shame] მსხვერპლნი[5].

3. ტრანზიციის პროცესი და მასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოში. 

ტრანსი და გენდერულად არაკონფორმული ადამიანისათვის შესაძლოა, აუცილებელი და სასურველი არ იყოს ფსიქოლოგიური, ჰორმონული ან ქირურგიული სამედიცინო ინტერვენცია. ზოგიერთი ტრანსი ადამიანებისთვის სრულებით არ არის სასურველი გენდერული როლის შესაბამისი ინტერვენცია, მათ სამედიცინო ჩარევის გარეშეც სრულიად თავისუფლებად შეუძლიათ სასურველ გენდერულ როლში ცხოვრება. ზოგიერთი მათგანისთვის კი სამედიცინო პროცედურები ტრანზიციისთვის და საკუთარი გენდერული იდენტობის სრულად მორგებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი და აუცილებელია. საქართველოში დღეს არსებული მდგომარეობით ტრანს ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ ტრანსსპეციფიკურ სამედიცინო პროცედურებზე. მისაწვდომობასთან დაკავშირებული მრავალი ბარიერი არსებობს, მათ შორის ფინანსური და გეოგრაფიული, თუმცა ყველაზე აქტუალური მაინც სერვისის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემებია[6].

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ჟურნალისტის მხრიდან ტრანსი ადამიანების გენდერულ როლზე სიცილი, სასქესო ნიშნების გამო, წარმოადგენდა სხეულის გამო მათ შერცხვენას და იწვევდა, ერთი მხრივ, ტრანსი ადამიანების ვიქტიმიზაციას და ტრავმატიზაციას, ხოლო მეორეს მხრივ, საზოგადოებაში ამ ჯგუფის შესახებ სტიგმის და სტერეოტიპების გაღვივებას. ყოველივე ეს მძიმედ აისახება როგორც ინდივიდის მდგომარეობაზე (იხილეთ ზემოთ body shaming-ის გავლენის შესახებ), ისე აძლიერებს არაჯანსაღ დამოკიდებულებებს საზოგადოებაში.

აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ წარმოდგენილი მასალით ჟურნალისტმა წაახალისა დისკრიმინაცია ტრანსი თემის მიმართ და დაარღვია ქარტიის მეშვიდე პრინციპი.

მოხარული ვართ, რომ ქარტიის საბჭომ WISG-ის არგუმენტაცია სრულად გაიზიარა გამოწვევების და პრობლემების შესახებ, რაც დაკავშირებულია ტრანსი ადამიანების ყოფასთან საქართველოში, როგორც სამართლებრივი კუთხით, ისე საზოგადოებაში არსებული ფობიების და სტიგმების გათვალისწინებით, და გადაწყევტილების ტექსტში აღნიშნა:
ქალის მიერ მამაკაცის მსგავსად მოშარდვის დაკავშირება ტრანს ადამიანებთან, მით უფრო იუმორისტული ქვეტექსტით, წარმოადგენს სხეულის გამო ტრანსი ადამიანების შერცხვენას, რაც არა მხოლოდ იწვევს ტრანსი ადამიანების რეტრავმირებას, დამატებით კვებავს საზოგადოებაში არსებულ სტიგმას და დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას მათ მიმართ. ჟურნალისტი არა თუ თავად არ უნდა იყოს დისკრიმინაციის, სტიგმის და სიძულვილის ენის წყარო, არამედ მას აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ ხელი არ შეუწყოს მათ გავრცელებას, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე. განსახილველ შემთხვევაში თავად ჟურნალისტი და მისი რეპლიკა იწვევს სწორედ მოწყვლადი ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციის და სტიგმის გაძლიერებას, რითაც ირღვევა ქარტიის მე-7 პრინციპი.“

 



[1] წარმოებაში მიღების შესახებ გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია აქ: https://www.qartia.ge/ka/siakhleebi/article/85081-maiaasathianis-tsinaaghmdeg-qartias-momarthes

[2] საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება სრულად ხელმისაწვდომია აქ: https://www.qartia.ge/ka/gadatsyvetilebebis-dzebna/article/86594-gadatsyvetileba-saqmeze-qaltha-iniciativebis-mkhardamtceri-jgufi-wisg-maia-asathianis-tsinaaghmdeg

[3] გადაცემა „პროფილის“ 22 ოქტომბრის ჩანაწერი ხელმისაწვდომია აქ: https://www.youtube.com/watch?v=j7fBNcTS9WI

[4] გენდერი - სქესთა შორის ურთიერთობის სოციალური ასპექტი, რომელიც გამოხატულია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და გულისხმობს სოციალიზაციით განპირობებულ შეხედულებებს ამა თუ იმ სქესზე. საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, მუხლი 3 (1, ა). იხილეთ აქ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/91624?publication=9

[6] სახელმწიფოს არ გააჩნია ტრანსსპეციფიკური სამედიცინო პროცედურების კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (გაიდლაინი და პროტოკოლი), რითაც გაიწერება ტრანზიციისთვის საჭირო დიაგნოსტირებისა და შემდგომში გასატარებელი სამედიცინო ღონისძიებათა ნუსხა. იხილეთ აქ: https://bit.ly/2Iq1OlY