search close
picture განცხადება

WISG ადვოკატირებს 2013 წლის 17 მაისის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ეროვნულ დონეზე აღსრულებას და კონსულტაციას გაუწევს დაზარალებულ მანიფესტანტებს

20 ივლისი 2022

WISG ადვოკატირებს 2013 წლის 17 მაისის საქმეზე „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (შემდგომში ევროპული სასამართლო) 2021 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულებას ეროვნულ დონეზე და, მზად არის, უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწიოს იმ დაზარალებულ მანიფესტანტებს, ვინც ევროპულ სასამართლოში წარმართული პროცესის მიღმა დარჩა.


როგორც ცნობილია, ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის 16 დეკემბერს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც ეხება 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOT) მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ სიძულვილით მოტივირებულ ძალადობას. საქმეს 37  მოსარჩელე ჰყავს, მათ შორის არის ორი ორგანიზაცია - „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ WISG და „იდენტობა“. სასამართლომ საქართველოდან წარდგენილი ორი სარჩელი გააერთიანა და შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც დადგინდა, რომ მომჩივანების მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლის (არაადამიანური მოპყრობა) არსებითი და პროცედურული ნაწილი მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) კავშირში და კონვენციის მე-11 მუხლი (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) ასევე მე-14 მუხლთან კავშირში. 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელწიფომ არ დაიცვა მშვიდობიანი დემონსტრანტები, არ აღკვეთა მათ მიმართ ძალადობა და შემდგომში სათანადოდ არ გამოიძია მანიფესტანტების მიმართ ჩადენილი ჰომოფობიური და ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები. 

2013 წლის 17 მაისს მომხდარზე საქართველოს პროკურატურამ დაზარალებულად მხოლოდ ოთხი ადამიანი ცნო, ხოლო ოთხი პირი გასამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფას. მათი საქმის განხილვა 2015 წელს დასრულდა და სასამართლომ ოთხივე ბრალდებული გაამართლა. 

WISG-მა და თერთმეტმა განმცხადებელმა სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვის პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს ეროვნულ სასამართლოშიც. სარჩელის განხილვა 2017 წელს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დასრულდა: „სასამართლომ არაეფექტიანად მიიჩნია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული მოქმედებები და შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა”. 

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში 2022 წლის 16 მარტს შევიდა და მის აღსრულებაზე ზედამხედველობა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს დაევალა. დღეს არსებული მდგომარებით, ეროვნულ დონეზე საქართველოს პროკურატურას ევალება, გამოიძიოს დანაშაულები და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისროს როგორც დანაშაულში უშუალოდ მონაწილე პირებს, ისე დანაშაულის ორგანიზებაზე პასუხისმგებელ პირებს. მომჩივანთა ინტერესებს ეროვნულ დონეზე იცავს საია და WISG. 

WISG 2022 წლის სექტემბერში საქართველოს პროკურატურას მიმართავს იმ ადამიანების დაზარალებულად ცნობისთვის, რომელთა მიმართ უფლებადარღვევა ევროპულმა სასამართლომ WISG-ის სარჩელის საფუძველზე დაადგინა. 

რამდენადაც მანიფესტაციის დროს დაზარალებულთა ნაწილი ევროპულ სასამართლოში წარმართული პროცესის მიღმა დარჩა, მათ ამ ეტაპზე სამართლებრივი სტატუსი  არ გააჩნიათ. 

ვითვალისწინებთ რა, რომ ზოგიერთ მათგანს ამ პროცესში ჩართვის სურვილი შეიძლება ჰქონდეს, ყველა ადამიანს, ვინც 2013 წლის 17 მაისის მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობდა, რაიმე ფორმით დაზარალდა და სურვილს გამოთქვამს, დეტალურად მიიღოს ინფორმაცია, რომელიც დაზარალებულად ცნობას და სამართალდამცავ სისტემასთან თანამშრომლობას უკავშირდება, სამართლებრივ კონსულტაციას ვთავაზობთ.


გთხოვთ, შეავსოთ ფორმა 2022 წლის 10 სექტემბრამდე, დაგვიტოვოთ საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი იურისტი დაგიკავშირდებათ. 


https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdRQgqCgbpbEnE8usdGexekTI4VuFNLhHJhA2KhwWBB70l9Mw/viewform