search close
picture განცხადება

სპორტული სამედიცინო დაზღვევა ფეხბურთელ ქალებს: ბრძოლა სპორტში გენდერული დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად

25 მაისი 2023

მიმდინარე წელს განსაკუთრებული მნიშვნელობის ცვლილებებს მივაღწიეთ ფეხბურთელ ქალთა მიმართ გენდერული  დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი ფეხბურთელ ქალებთან და სახალხო დამცველთან 4 წლიანი მუშაობის წარმატებულ შედეგად მივიჩნევთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) 1 მაისის განცხადებას, რომლის თანახმად სფფ ქალთა პირველ და მეორე ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების სპორტულ სამედიცინო დაზღვევას სრულად დააფინანსებს


ამ შედეგს წინ უძღოდა წლების მანძილზე ქალთა საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელობის, ისევე როგორც ფედერაციის მხრიდან, ფეხბურთელ ქალთა ჯანდაცვის საჭიროებების სისტემატური უგულებელყოფა, რამაც, ზოგ შემთხვევაში, ფეხბურთელთა ჯანმრთელობისა და პროფესიული საქმიანობისთვის შეუქცევადი ზიანი გამოიწვია. ფეხბურთელთა ნაწილმა პრობლემის სახელდება და მათი გადაჭრის გზების ძიება იმ პირობებში დაიწყო, როცა ფიზიკურად და ფინანსურად გაუსაძლისი გახდა ტრავმების რეაბილიტაციისა თუ ჯანდაცვის სხვა საჭიროებების უგულებელყოფით მიღებულ ზიანთან გამკლავება.


2020 წელს, საფეხბურთო კლუბ “მართვეში” დასაქმებულმა ფეხბურთელმა ქალებმა ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფს ქუთაისიდან, პარტნიორი ორგანიზაცია “პერიფერიას” დახმარებით მოგვმართეს. ამ დროისთვის ირკვეოდა, რომ ფეხბურთელ ქალებს არ ჰქონდათ ჯანმრთელობის დაზღვევა და დამსაქმებელი კლუბი მათ არ უნაზღაურებდა ვარჯიშისა და თამაშის დროს მიღებული ტრავმების მკურნალობის ხარჯებს. საფეხბურთო კლუბი არამხოლოდ დასაქმებულთა სპორტული ტრავმების მკურნალობა/რეაბილიტაციას უგულებელყოფდა, არამედ ჯანდაცვასთან დაკავშირებული მთელი რიგი საბაზისო საჭიროებების იგნორირებით ატარებდა ვარჯიშებსა და თამაშებს.


WISG-მა დაიწყო პრობლემების სიღრმისეულად მოკვლევა, დოკუმენტირება და მათი სისტემური ხასიათის გამოკვეთა. საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალთა საფეხბურთო კლუბში დასაქმებული პროფესიონალი სპორტსმენების გამოკითხვამ აჩვენა, რომ კლუბების ხელმძღვანელობის მხრიდან მათი ჯანდაცვის საჭიროებების იგნორირება უკავშირებოდა იმ მოცემულობასაც, რომ თავად ფეხბურთელ ქალებშიც დაბალი იყო სამედიცინო და სპეციალური საჭიროებების, მათ შორის რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ცნობიერება. გამოკითხვა აჩვენებდა, რომ თამაშის დროს მიღებულ ტრავმებს ფეხბურთელები უგულებელყოფდნენ, რათა დაკისრებული პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი არ შეშლოდათ, ხოლო ეს პრაქტიკა, შეიძლება ითქვას, რომ კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან წახალისებული იყო. იმ დროისთვის, გამოკითხულთა ნახევარზე მეტს ჯანმრთელობის შემოწმების პროცედურები არ უტარდებოდა; თითქმის სრული უმრავლესობა (82.8%) ვერ სარგებლობდა ჯანმრთელობის დაზღვევით.


აღნიშნული გამოკითხვით მიღებული მონაცემების დამუშავებისა და ფეხბურთელთა მომართვის საფუძველზე, WISG-მა შესაბამისი სტრატეგიული სამართალწარმოება და ადვოკატირება დაიწყო სახალხო დამცველთან, რისი შედეგიცაა წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ომბუდსმენის მიერ ფედერაციის მიმართ გაცემული მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.


ფედერაციამ, ჯერ კიდევ სახალხო დამცველის რეკომენდაციამდე, დებულებებში გარკვეული ცვლილებები განახორციელა, მაგალითად, ისეთ საბაზისო საჭიროებებზე, როგორიც იყო ქალთა ლიგებში მოასპარეზე კლუბებისთვის სავალდებულო ექიმისა და ფიზიოთერაპევტის ყოლა. ახალი დებულებით სავალდებულო გახდა ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფაც, თუმცა მალევე გამოირკვა, რომ დაზღვევის პაკეტები სპორტულ საჭიროებებზე არ იყო მორგებული. ხშირად, სადაზღვევო კომპანიასთან გადამისამართებულ ფეხბურთელებს საჭირო პროცედურები თუ მედიკამენტები არ უფინანსდებოდათ.


[წაიკითხეთ სრულად ამის შესახებ: ფეხბურთელების საქმე, WISG-ის მიმართვა სახალხო დამცველთან და სფფ-თვის გაცემული რეკომენდაცია]


ომბუდსმენმა მომდევნო (2023 წლის აპრილის) რეკომენდაციაში  ხაზი გაუსვა იმას, რომ მიუღებელი იყო ფეხბურთის და ფრენბურთის ფედერაციების მხრიდან ქალთა ჯანდაცვის საჭიროებების სათანადოდ ვერუზრუნველყოფა ქალთა კლუბების დაფინანსების სიმცირით გამართლებულიყო. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, განაპირობებს განსაკუთრებით უთანასწორო გენდერულ სახელფასო სხვაობას სპორტში ჩართულ ქალებსა და კაცებს შორის. საბოლოოდ, არასათანადო სამუშაო პირობებსა და შრომით ანაზღაურებასთან დაკავშირებული პრობლემათა ჯაჭვი ქალებში სპორტული კარიერის ადრეულ ეტაპზე დასრულების მიზეზი ხდება, რამდენადაც ჯანდაცვის თუ სხვა საჭიროებების კუთხით არსებულ ხარჯებს მიღებული შემოსავლებით ვერ ფარავენ.


სახალხო დამცველმა ფეხბურთელ ქალთა საჭიროებები 2022 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც ასახა და ამ მიმართულებით არსებული პრობლემების სისტემური ხასიათი სპორტის სხვა სფეროებში (ფრენბურთი, ჭადრაკი) ჩართულ ქალთა მდგომარეობის მიმოხილვითაც აჩვენა. ომბუდსმენმა ანგარიშის საშუალებითაც შეახსენა სპორტულ ფედერაციებს მათი ვალდებულება, განიხილონ ჯანმრთელობისა და შრომის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები სპორტსმენი ქალების თანასწორუფლებიანობის კუთხით და აქტიურად იმოქმედონ სპორტში გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად.

2023 წლის 1 მაისის განცხადებაში ფეხბურთის ფედერაციამ აღიარა, რომ “წლების განმავლობაში, ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ თემას ლიგაში მოთამაშე გოგონათა ჯანმრთელობის დაზღვევა წარმოადგენდა” და ქალთა პირველ და მეორე ლიგაში მოასპარეზე 420 ფეხბურთელის სპორტულ სამედიცინო დაზღვევის სრულად უზრუნველყოფის გადაწყვეტილება მიიღო. 


ფედერაციის აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ამასთან, წინა პერიოდის გამოცდილებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სადაზღვევო პაკეტის შემუშავებას და მის სამომავლო გაუმჯობესებას სისტემატური ხასიათი ჰქონდეს და სათანადოდ ასახავდეს სპორტსმენი ქალების ჯანდაცვის, მათ შორის, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სპეციფიკურ საჭიროებებს, რაც დღემდე გამოწვევად რჩება. 


ლანა გორგაძე, რომელიც ამჟამად კლუბ ლანჩხუთის ფეხბურთელია, კარგად იცნობს ქალთა ფეხბურთში წლების მანძილზე დამკვიდრებულ პრაქტიკას, როცა ქალებს მოედანზე ჯანმრთელობის დაზიანებების უგულებელყოფით უწევდათ თამაში. მისი თაობის არაერთ ფეხბურთელს თამაშისთვის თავის დანებება მოუხდა.


“ქალთა ფეხბურთში ბევრ სხვა უთანასწორობასთან ერთად ყველაზე მტკივნეული ფეხბურთელ გოგოებზე მორგებული ადეკვატური დაზღვევის არარსებობა იყო. ფეხბურთის თამაში 16 წლის წინ დავიწყე. იქიდან მოყოლებული, ჩემი თაობის ფეხბურთელ გოგოებს ჯანმრთელობის გამწვავებული პრობლემები და ტრავმები გვაქვს, რაც განპირობებული იყო არასწორი სამწვრთნელო პრაქტიკით და შემდგომში უკვე ადეკვატური მკურნალობის შეუძლებლობითა და სამედიცინო დაზღვევის უქონლობით. ფეხბურთის ფედერაციის მიერ სამედიცინო დაზღვევის უზრუნველყოფა ფეხბურთელი ქალების მნიშვნელოვანი გამარჯვებაა და იმის ნათელი მაგალითი, რომ ყველა პატარა მიღწევის უკან ჩვენი თავდაუზოგავი და უკომპრომისო ბრძოლაა ჩვენს მოკავშირეებთან ერთად.” - ამბობს გორგაძე.



სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.