საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო WISG-ის და “თემიდას” განცხადება ტელეკომპანია „იმედის” წინააღმდეგ.
სადავო მასალას, რომელიც 2023 წლის 17 სექტემბერს გავიდა ეთერში, წარმოადგენს გადაცემა „იმედის კვირის“ რეპორტაჟი სახელწოდებით „სამედიცინო სკანდალის მსხვერპლი“, პასუხისმგებელ ჟურნალისტს - წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე. WISG და “თემიდა” აღნიშნულ მასალაში ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე დავობენ.
სადავო მასალაში წამყვანი ერთი ადამიანის გამოცდილების განზოგადებით, ახდენს ტრანსგენდერი თემის დისკრედიტაციას, აძლიერებს სტიგმას ტრანსგენდერი ადამიანების და ტრანზიციის პროცესის მიმართ და ხელს უწყობს მათ მარგინალიზაციას.
სამედიცინო შეცდომა და ე. წ. „სინანული“, რაზეც მთლიანი სიუჟეტია აგებული, ისეა გაშუქებული თითქოს არასრულწლოვანთა ტრანზიციის პროცესი და განსაკუთრებით ქირურგიული ოპერაციები ხშირი და სახიფათო ტენდენციაა, რაც თითქოსდა „ლგბტ პროპაგანდამ“ გამოიწვია. სტატისტიკა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იწარმოება, აჩვენებს, რომ იმ შტატებში, სადაც აღნიშნული ქირურგიული ოპერაციები ტარდება, პაციენტთა შემდგომი ე. წ. „სინანულის“ შემთხვევები იმდენად მცირეა, რომ მათი განზოგადება და პრობლემის მასშტაბურობაზე აქცენტირება სიმართლეს არ შეესაბამება. მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, არასრულწლოვანთა სინანულის მაჩვენებელი 1,5%-ია. [1]
შესაბამისად, ამ მონაცემების განზოგადება არის ზუსტი ინფორმაციის დამახინჯება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რაც ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევაა. ამასთან, ინფორმაციით ამგვარი მანიპულირება ახდენს ქვიარ თემის და კონკრეტულად ტრანს თემის დისკრედიტაციას და აძლიერებს ტრანს იდენტობების მიმართ სტიგმას.
სიუჟეტში გამოყენებული ფრაზები, რომელიც მსგავსია ჰომოფობიური ჩაგვრის პრაქტიკაში დამკვიდრებულ პოზიციებთან, ატარებს ქვიარ თემის მიმართ დამაკნინებელ და შეურაცხმყოფელ ხასიათს . ჟურნალისტი არა თუ თავად არ უნდა იყოს დისკრიმინაციის, სტიგმის და სიძულვილის ენის წყარო, არამედ მას აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ ხელი არ შეუწყოს მათ გავრცელებას, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე.
ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
[1] “Gender-Affirming Mastectomy Trends and Surgical Outcomes in Adolescents” [https://bit.ly/475NapN]