search close
picture განცხადება

ლელა გაფრინდაშვილი WISG-მა კატო მიქელაძის პრემიაზე წარადგინა

22 დეკემბერი 2023

ახლა, როცა კატო მიქელაძის პრემიამ ახალი სიცოცხლე შეიძინა, ჩვენთვის განსაკუთრებული სიხარულია პრემიის კანდიდატად ლელა გაფრინდაშვილის წარდგენა, როგორც კატო მიქელაძის აღმომჩენის და მისი სახელის მზის შუქზე ამომტანისა. სწორედ ამიტომ, ეს პრემია ლელას გარეშე ვერ წარმოგვიდგენია. მითუმეტეს, რომ ლელა გაფრინდაშვილის განსაკუთრებული დამსახურებაა ზოგადად XIX-XX საუკუნის ქალი საზოგადო მოღვაწეების შრომისა და ბრძოლის ისტორიების ჩვენამდე მოტანა.

თითქმის 30 წელია, ლელა გაფრინდაშვილი ფემინისტური მოძრაობის ერთერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული ფიგურაა. გარდა ფემინისტური ცოდნის შექმნასა და გავრცელებაში მისი განსაკუთრებული წვლილისა, რაც მრავალი კვლევის, სტატიის, ნაშრომის ავტორობაში გამოიხატება, ფემინისტურ მოძრაობაში ყოფნა ლელასთვის, პირველ რიგში, ყოველთვის ნიშნავდა ყველაზე ჩაგრული ჯგუფების გვერდით დგომას, იქნებოდა ეს ქვიარ თემი, სტუდენტები, პატიმრები თუ მევახშეობის მსხვერპლი ადამიანები.

ხაზგასასმელია, რომ ლელა გაფრინდაშვილისთვის მეინსტრიმ აქტივისტური ტენდენციებისთვის მიყოლა არასოდეს ყოფილა პრიორიტეტი და ყველაზე ნათლად ეს ქვიარ აქტივისტებმა დავინახეთ. მაშინ, როცა სრულიად მარტონი ვიყავით ჰომოფობიასთან ბრძოლაში, ლელა იყო იმ რამდენიმე ადამიანს შორის, რომელიც ყოველთვის ერთგულ მეგობრად და თანამებრძოლად მიგვაჩნდა, გვეიმედებოდა და გვეიმედება, როგორც ხმა უსამართლობის წინააღმდეგ.

საქართველოში ძალიან ცოტანი არიან ფემინისტები, რომლებიც აკადემიურ და აქტივიზმის სფეროებს არათუ არ მიჯნავენ, არამედ საკუთარი მაგალითით ამტკიცებენ, რომ ეს ორი განუყოფელია ერთმანეთისგან.

აკადემიური კვლევის თვალსაზრისით, ლელა ერთ-ერთი პირველია, ვინც ნათლად დაინახა, რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა უფლებებისა და ფემინისტური აქტივიზმის ფესვების სიღრმისეული კვლევა. ის, როგორც მკვლევარი 1990-იანი წლებიდან მუშაობს ქალების (საზოგადო მოღვაწეები, მეცნიერები, ხელოვანები) საარქივო დოკუმენტებისა და პუბლიკაციების ანალიზსა და ამ მასალის თანამედროვე საქართველოში პოპულარიზაციაზე როგორც აკადემიურ, ისე სამოქალაქო სივრცეებში. ამავე პერიოდში იგი იწყებს ქართულ კულტურასა და სამოქალაქო ცხოვრებაში კატო მიქელაძის და მისი თანამოაზრე ქალების წვლილისა და მნიშვნელობის გასაჯაროებას სალექციო კურსების, საჯარო გამოსვლებისა და პუბლიკაციების საშუალებით.

კატო მიქელაძის, როგორც აქტივისტის, მწერლის, მთარგმნელისა და მეცნიერის სრულფასოვანი რეანიმაციის მიზნით, ლელა დღემდე აგრძელებს მუშაობას.

ლელას წვლილი აღსანიშნავია არა მხოლოდ იმის გამო, რომ მისი მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ახალმა თაობამ ხელახლა აღმოაჩინა და შეაფასა ქვეყნის საჯარო ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ქალები, რომლებიც XIX-XX საუკუნის მიჯნაზე ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ საქართველოში, არამედ იმის გამოც, რომ კვლევებზე დაფუძნებული სტატიები საფუძველს აცლის ქალთა უფლებებისა და ფემინიზმის, როგორც ქართული კულტურისათვის უცხო, „დასავლეთიდან თავს მოხვეული იდეოლოგიად“ წარმოჩენას.


მისი კვლევები აჩვენებს, რომ პოსტსაბჭოთა ფემინისტური აქტივიზმი გააზრებული უნდა იყოს, როგორც საქართველოში განმანათლებლობის პროცესში ცალკეული ქალებისა და ქალთა ჯგუფების თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად მიღწეული პროგრესი და დამოუკიდებლობის, უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის ხანგრძლივი ტრადიციის გაგრძელება.

ამ ისტორიისა და ცოდნის ლელას მიერ ეთიკური რეპრეზენტაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოში თანამედროვე ინტერსექციური ფემინისტური და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიზნებისათვის აწმყოსა და მომავალში.