search close
picture განცხადება

ანტი-ლგბტ კანონის თაობაზე

16 ივლისი 2024

მმართველმა პარტიამ სიძულვილის იდეოლოგიის საკანონმდებლო დონეზე გაფორმების პროცესი დაიწყო. 26 ივნისს, მარტივი უმრავლესობის 78 ხმით, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ანტი-ლგბტ და ცენზურის დამწესებელი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც 18 კანონში ცვლილებას გულისხმობს. რაც შეეხება საკონსტიტუციო კანონპროექტს „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” [1], რომლის შინაარსსაც არაფერი აქვს საერთო სათაურით გაცხადებულ მიზანთან, მისი განხილვა გადაიდო იქამდე, სანამ პარლამენტში კანონის მისაღებად საჭირო 113 ხმის მქონე პარლამენტარი არ შეიკრიბება. ეს გულისხმობს ოპოზიციური პარტიების დასწრებასაც, რომლებიც, “გირჩის” გამოკლებით, ამ ეტაპზე პროცესს ბოიკოტს უცხადებენ. 


"ქართული ოცნების" წლევანდელი წინასაარჩევნო კამპანია ღიად დაეფუძნა სიძულვილს, ჰომოფობიას, ტრანსფობიას და “ლგბტ პროპაგანდის” შესახებ კონსპირაციის თეორიებს. ლგბტ თემის ინსტრუმენტალიზება ცხადად დაადასტურა პარტიის ლიდერმაც, 29 აპრილს, ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარი ადრეული მოსაზრებისგან განსხვავებით, რომელიც ქართული ოცნების მმართველობის დასაწყისში ჰქონდა, წელს პოლიტიკური ჰომოფობიის კლასიკური ტრადიცია გააცოცხლა, ლგბტ ადამიანები ოპოზიციური პარტიების და უცხოური ძალების “აგენტურად” მონათლა, რომელთაც საქართველოში “ფსევდოლიბერალური ღირებულებების” შემოტანა, ქვეყნის სუვერენიტეტის გაუქმება, ომი და ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურთ.


ბოლო წლებში, “ქართული ოცნების” სხვა ლიდერებმაც, განსაკუთრებით პრემიერ მინისტრებმა, ჯერ ირაკლი ღარიბაშვილმა, შემდეგ ირაკლი კობახიძემ, მაგალითად “CPAC Hungary”-ის [2] კონფერენციებში მონაწილეობით, მკვეთრი სიგნალი მოგვცეს იმისა, რომ მმართველი პარტიის მხრიდან ლგბტ ადამიანებისადმი სიძულვილის მობილიზების სტრატეგიების გამოყენებას, რასაც ძალაუფლების ავტორიტარული მობილიზებისთვის სულ უფრო მზარდად მიმართავენ ულტრა-მემარჯვენე ლიდერები, საქართველოშიც უფრო ფართო მასშტაბი მიეცემოდა. 


“ქართულ ოცნებას” ავტორიტარული რეჟიმების საუკეთესო ტრადიციებში, ქვიარ ადამიანებისგან მტრის ხატის ძერწვა და ამისთვის ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების პირდაპირ თუ ირიბად გაღვივება არასოდეს შეუწყვეტია. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ მმართველობის 12 წლის თავზე, მიმდინარე საარჩევნო წელს, ეკონომიკური და ეკოლოგიური კატასტროფების წინაშე მდგარი საზოგადოების ყურადღების გადატანას კვლავ ლგბტ ადამიანებით და თურმე მათგან მომდინარე საფრთხით ცდილობს.


კანონპროექტის ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობა აკოპირებს სხვა ქვეყნებში აპრობირებულ მიდგომას (მაგ: რუსეთი, უნგრეთი) და “ბავშვის საუკეთესო ინტერესის” ცნების ინსტრუმენტალიზებას ეწევა ჰომოფობიური სიძულვილის გავრცელების მიზნით. საფრთხედ აცხადებს “ლგბტ პროპაგანდას”, რომლის გასანეიტრალებლად ჰომოფობიური და ცენზურის დამწესებელი კანონის მიღებას გვპირდება.


მსგავსად “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონისა, რომლის შესახებ პრემიერ-მინისტრი ევროკავშირიდან მომავალი საყოველთაო კრიტიკის ფონზე გვიმტკიცებდა, რომ მისი მიღებით ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსი 20-30%-მდე გაიზარდა (რეალურად კი, ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეუჩერა), ანტი-ლგბტ კანონის შემთხვევაშიც, “ქართული ოცნების” ლიდერები გიმტკიცებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მიზნად არ ისახავს არცერთი ძირითადი უფლების უგულებელყოფას, რომელიც  საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებითაა აღიარებული ყველასთვის. [3] თუმცა, ანტი-ლგბტ კანონპროექტის თითოეული პუნქტი, მისი განმარტებითი ბარათი [4], ამ თემაზე უმრავლესობის წევრთა საჯარო კომენტარები, საკომიტეტო და პლენარულ სესიებზე წარმოდგენილი არგუმენტები, ისევე როგორც პრო-სახელისუფლებო მედიების მიერ ამ პერიოდში მომზადებული პროპაგანდისტული სიუჟეტების წყება სხვა არაფერს ემსახურება, თუ არა ლგბტ ადამიანების მიმართ ღიად და მიზანმიმართულად სიძულვილის გაღვივებას და  გენდერისა და სექსუალობის ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვის ფაქტობრივად გაუქმებას.


ერთერთი ინიციატორი, რატი იონათამიშვილი, “ზნეობრივ კითხვარს” უწოდებს  კანონპროექტით ჩამოთვლილ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა შემლახავი აკრძალვების სიას, რომელიც ცალსახად ფეხქვეშ თელავს საქართველოს კონსტიტუციით, “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონით და ევროპული სასამართლოს პრაქტიკით აღიარებულ უფლებებსა და მიზნებს, და რომელთა მიღებით ცენზურის ქვეშ მოექცევა უამრავი დარგის, მათ შორის საგანმანათლებლო, შემოქმედებითი, სამედიცინო და სამაუწყებლო საქმიანობის თავისუფლებაც.

გაგაცნობთ მოკლედ იმის შესახებ, თუ როგორ მოდის წინააღმდეგობაში საკონსტიტუციო კანონპროექტის სხვადასხვა პუნქტი საქართველოს კონსტიტუციასთან, კანონებთან და ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან:

ერთი და იმავე სქესის ადამიანებისთვის ქორწინების აკრძალვა - ქვიარ ადამიანებს ამჟამინდელი კანონმდებლობით ეს ისედაც არ შეუძლიათ. თუმცა, არსებულ აკრძალვას დაემატება “ქორწინებას მიმსგავსებული” ნებისმიერი სახის სამოქალაქო კავშირის აკრძალვაც. ეს კი ეწინააღმდეგება ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის პრაქტიკის შესაბამისად, ქორწინების არარსებობის პირობებში, ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ მიიღონ სამოქალაქო კავშირის ან რეგისტრირებული პარტნიორობის რომელიმე ინსტიტუტით სარგებლობის საშუალება.


ლგბტ ადამიანებისთვის არასრულწლოვნის შვილად აყვანის ან მინდობით აღსაზრდელად მიღების აკრძალვა - ასევე ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. სასამართლოს დადგენილი აქვს, რომ შვილად აყვანის ნებართვაზე უარი ადამიანის სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების დარღვევას წარმოადგენს.

ამას გარდა, გაუგებარია, თუ ადამიანი თავად არ განაცხადებს საკუთარი გენდერული იდენტობის ან სექსუალური ორიენტაციის შესახებ, როგორ დადგინდება მათი „რეალური“ გენდერული იდენტობა ან სექსუალური ორიენტაცია.


ტრანსსპეციფიკურ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის აკრძალვა და მათი კრიმინალიზება - დაუშვებელი გახდება ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაცია, რომელსაც ტრანს ადამიანების ნაწილი მიმართავს ტრანზიციის პროცესში, და რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მათი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის. ცხადია, ეს აკრძალვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ანტიდისკრიმინაციულ კანონს და ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.


განსაკუთრებით საგანგაშოა ტრანსსპეციფიკური სამედიცინო პროცედურების კრიმინალიზაცია, რაც გულისხმობს როგორც ექიმის მიმართ, ისე სამედიცინო დაწესებულებისთვის, ტრანს ადამიანისთვის ტრანზიციის პროცესში ნებისმიერი სამედიცინო ინტერვენციის, მათ შორის გენდერის დადასტურების ქირურგიული ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. 2019 წლის ანგარიშის თანახმად, პირდაპირი ან არაპირდაპირი კრიმინალიზაცია ტრანს თემის მიმართ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 13 ქვეყანაში არსებობს. [5]


გენდერის სამართლებრივი აღიარების აკრძალვა - აღნიშნულით საკანონმდებლო ინიციატივა გააუქმებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის „ზ“ პუნქტს, რომლის თანახმად აქამდე სამოქალაქო აქტის ჩანაწერში სქესის აღმნიშვნელი ჩანაწერის ცვლილების შეტანა შესაძლებელი იყო სქესის დამადასტურებელი ქირურგიული ოპერაციის ჩატარების დამადასტურებელი ცნობის წარდგენით. გენდერის სამართლებრივი აღიარების ეს პრაქტიკა ისედაც შეუსაბამოა ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, რადგან ევროპულმა სასამართლომ სამი ტრანსგენდერი კაცის საქმეზე საქართველოდან კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა 2022 წელს დაადგინა. შემოთავაზებული ცვლილება კი, კიდევ უფრო აუარესებს ტრანსგენდერი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას და ხელს უწყობს მათ დისკრიმინაციას.


აკადემიური თავისუფლების და ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსური განათლების აკრძალვა - ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულებებიდან უმაღლეს სასწავლებლებამდე, კანონპროექტი  დაუშვებლად აცხადებს საგანმანათლებლო პროგრამაში გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის საკითხებს. უმაღლეს სასწავლებლებში ამ საკითხების სწავლების აუცილებლობა, მათ შორის დგება ანტიდისკრიმინაციული კანონისა და სისხლის სამართლის კოდექსის სწავლების ეტაპზე. ამ საკითხების გარეშე შეუძლებელია დისკრიმინაციის და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ ცოდნის გავრცელება. იმავდროულად, ეს საკითხები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ნაწილია და გაუგებარია, როგორ უნდა განხორციელდეს იმავე ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის სწავლება ამ კანონის მოქმედების პირობებში. ეს ნორმა არალეგიტიმურად ზღუდავს აკადემიურ თავისუფლებას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას  და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს.


რაც შეეხება ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულებებს, ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსური განათლება, მისი უკიდურესი საჭიროების მიუხედავად, ამ დრომდე ისედაც არ არის სათანადოდ ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამებში.


კიდევ უფრო წარმოუდგენელია, რომ საკანონმდებლო პაკეტი დასჯადს ხდის არასრულწლოვანთან პირდაპირი კომუნიკაცის გზით სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხების შესახებ საუბარს, მათ შორის ფიზიკური პირებისთვის. ეს ნიშნავს, რომ თუკი მშობელი გადაწყვეტს შვილს გაუზიაროს ცოდნა ჰომოფობიის, მისი ისტორიის, სხვადასხვა ინსტიტუციების მიერ ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციისა და ჩაგვრის შესახებ, ეს თავის მხრივ შეიძლება გახდეს დაჯარიმებადი აქტი. 


გამოხატვის თავისუფლება - წესდება ცენზურა. აიკრძალება სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ ინფორმაციის მაუწყებლით გადაცემა, ხოლო ამ საკითხების მომცველი შემოქმედებითი ნაწარმოების მაუწყებლის ეთერით გავრცელება ცენზურას  დაექვემდებარება.


 

შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება - შეიზღუდება მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხების შესახებ. კანონის თანახმად, შეიზღუდება შეკრების თავისუფლება, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ჰომო/ბი/ტრანსფობიის ან ლგბტი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. ეს შეზღუდვა წინააღმდეგობაშია როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ისე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებთან საქართველოსთან დაკავშირებით. 

“შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“  კანონში ცვლილების თანახმად, ლგბტი პირთა და მათ მხარდამჭერთა შეკრების წინააღმდეგ საპოლიციო ძალის გამოყენება მაშინაც ლეგიტიმური იქნება, როდესაც არ არსებობს შეკრების ან მანიფესტაციის დაშლის კანონით დადგენილი საფუძველი. პოლიციას უბრალოდ შეეძლება, მოითხოვოს შეკრების/მანიფესტაციის შეწყვეტა და თუ ამ მოთხოვნიდან 15 წუთის განმავლობაში შეკრება/მანიფესტაცია არ შეწყდა, სამართალდამცავი ორგანო მის შესაწყვეტად გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფის აკრძალვა - ამ საკანონმდებლო ჩანაწერის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის წახალისება შრომით ურთიერთობებში. ერთი შეხედვით, ამ ჩანაწერის მიზანია დამსაქმებლები გათავისუფლდნენ პასუხისმგებლობისგან, რომელთაც მათ შრომის კოდექსის ანტი-დისკრიმინაციული ნორმები აკისრებთ.


პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით მიღებამდე ერთი დღით ადრე, 25 ივნისს, გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის შეფასება საკონსტიტუციო კანონპროექტზე „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ”. კომისიის დასკვნის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა გააგრძელოს ამ კანონპროექტის მიღება, რადგან იგი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს და საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებულ ვალდებულებებს. კომისია მიიჩნევს, რომ ამგვარი ცვლილებების მიღება ატარებს რისკს, გააღვივოს მტრული დამოკიდებულება და სტიგმატიზებული გარემო ლგბტი ადამიანების მიმართ საქართველოში. 


ვენეციის კომისიამ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინოს აღნიშნული და არ მიიღოს ამგვარი ცვლილებები. ხოლო თუ სახელმწიფო გააგრძელებს კანონპროექტზე მუშაობას, კომისია მას სთავაზობს ისეთ ცვლილებებს, რომელიც თანასწორობის უფლების დაცვისკენ იქნება მიმართული. ცვლილებები ითვალისწინებს კონსტიტუციური კანონპროექტის მუხლების უმრავლესობის საერთოდ წაშლას, იმისთვის რომ კანონი შეესაბამებოდეს ანტიდისკრიმინაციულ სტანდარტებს. 


ვრცლად ვენეციის კომისიის შეფასება წაიკითხეთ ბმულზე


საქართველოს პარლამენტი ანტი-ლგბტ ცვლილებათა პაკეტის საბოლოოდ მიღებას მეორე და მესამე მოსმენით, არჩევებამდე ცოტა ხნით ადრე, სექტემბერში გეგმავს. საგულისხმოა ისიც, რომ მეორე მოსმენის დროს შესაძლებელია კიდევ უფრო დამძიმდეს შემოთავაზებული ცვლილებები და კანონის შემზღუდავი და მადისკრიმინებელი ეფექტი საზოგადოების კიდევ უფრო ფართო ჯგუფებზე გავრცელდეს, ვიდრე კანონპროექტის ამჟამინდელი რედაქცია მოიცავს.


[1] საქართველოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/363910?

[2] Conservative Political Action Conference (CPAC) - “კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია”,დაფუძნდა აშშ-ში 1947 წელს და ყოველწლიურად თავს უყრის კონსერვატორ ლიდერებსა და აქტივისტებს. აქვს რამდენიმე განშტოება სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის უნგრეთში, სადაც 2022 წელს ირაკლი ღარიბაშვილი, 2023-ში კი ირაკლი კობახიძე იყო მიწვეული

[3] იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს კანონის პროექტზე „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალ სხვა კანონპროექტებზე (N07-3/446; 04.06.2024)

[4] განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/363972?

[5] ეს ქვეყნებია: Brunei, the Gambia, Indonesia, Jordan, Kuwait, Lebanon, Malawi, Malaysia, Nigeria, Oman, South Sudan, Tonga, and the United Arab Emirates. TRANS LEGAL MAPPING REPORT, ILGA-World, 2019, 10.