search close
picture განცხადება

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე და 16 დღიანი კამპანიის დასაწყისია

25 ნოემბერი 2024

25 წლის წინ, 1999 წლის 17 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა, დომინიკელი დების, პატრია, მინერვა და მარია მირაბალების (Mirabal sisters) ხსოვნის პატივსაცემად. 1960 წლის ამ დღეს, სამივე და დიქტატორ რაფაელ ტრუხილოს რეჟიმის წინააღმდეგ ჩამოყალიბებული რევოლუციური მოძრაობის წევრობისა და წინააღმდეგობრივი საქმიანობისთვის სასტიკად მოკლეს.  

25 ნოემბერი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აქტივიზმის 16-დღიანი კამპანიის დასაწყისსაც აღნიშნავს. კამპანია, რომელიც საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების თაოსნობით, 1991 წლიდან მოყოლებული იმართება, ყოველი წლის 25 ნოემბერს იწყება და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორის დღეს სრულდება, იმის ხაზგასასმელად, რომ ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების ყველაზე გავრცელებული დარღვევაა მსოფლიოში.

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა (UNODC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ დღეს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გასულ წელს პარტნიორის ან ოჯახის წევრის მხრიდან ყოველ 10 წუთში ერთხელ ერთი ქალი კვდებოდა განზრახ მკვლელობის შედეგად. 

ამასთან, ქალებისა და გოგოების ზოგიერთი ჯგუფი ფემიციდის უფრო დიდი რისკის წინაშე დგას და საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსული ქალები, მათ შორის ქალები პოლიტიკაში, ქალი უფლებადამცველები და ჟურნალისტები, ხშირად ხდებიან მიზანმიმართული ძალადობრივი ქმედებების სამიზნე [5 ძირითადი ფაქტი ფემიციდის შესახებ]

2023 წელს, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) შენიშვნით, ქალი უფლებადამცველები ორჯერ უფრო მეტად ხდებოდნენ სამიზნე, მათი სამუშაოსა და მათი გენდერის გამო, როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ.

ტრანსგენდერი და გენდერულად მრავალფეროვანი ადამიანების მიმართ ძალადობის მატებასთან ერთად კი, ტრანს მკვლელობების მონიტორინგის 2023 წლის კვლევის მონაცემებმა აჩვენა, რომ მკვლელობის 321  შემთხვევიდან 94 პროცენტი ტრანს ქალები ან ტრანს ფემინური ადამიანები იყვნენ. ეს რიცხვი რეალობასა და ტენდენციაზე ზედაპირულ შთაბეჭდილებას გვიქმნის, რადგან მონაცემები ეყრდნობა მხოლოდ განცხადებულ შემთხვევებს და ყველა ტრანსგენდერი მსხვერპლი არ არის იდენტიფიცირებული მათი გარდაცვალების ანგარიშებში, როგორც ტრანს ან გენდერულად მრავალფეროვანი.

ამდენად, პატრიარქალური სისტემა, კერძოდან საჯარომდე, პირადიდან პოლიტიკურამდე, არ ტოვებს უსაფრთხო სივრცეს ქალებისთვის, სადაც ისინი ძალადობის და მიზოგინიის სამიზნე არ არიან. 

მაგრამ მაშინ, როცა გაერო ფემიციდის შემთხვევების პრევენციასა და აუცილებლობაზე საუბრობს და ამისთვის სახელმწიფოებს კომპლექსური მუშაობისკენ მოუწოდებს, საქართველოს მთავრობა მიმდინარე წელს ღიადაა დაკავებული ანტი-გენდერული პროპაგანდით, ქალების პოლიტიკური სივრციდან განდევნით და ფაშისტური კანონის შემოღებით, რომელიც მრავალი ქალის ცხოვრებას აუარესებს, ან მათი გენდერის კრიმინალიზებას ახდენს (იხ. "საქართველოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ"), და სიძულვილის ტირაჟირებითრომელიც ფემიციდს ახალისებს კიდეც.

 აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული კანონი ამოქმედდება პირველ დეკემბერს, რომელიც მიმდინარე 16 დღიანი კამპანიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია, რამდენადაც მსოფლიო ამ დღეს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.