search close
picture განცხადება

ქალ უფლებადამცველთა საერთაშორისო დღე

29 ნოემბერი 2024
29 ნოემბერი ქალ უფლებადამცველთა საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი 16 დღიანი კამპანიის ნაწილია, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას ეძღვნება. 

ქალთა უფლებების დამცველები (WHRDs) არიან ქალები, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებსა და ხშირად მუშაობენ გენდერის/სექსუალობის საკითხებზე. მათი საქმიანობა და გამოწვევები აღიარებულია გაეროს 2013 წლის რეზოლუციით, რომელიც მოითხოვს ქალ უფლებადამცველთა სპეციფიკურ დაცვას. 

საჯაროდ მოღვაწე ქალები, მათ შორის პარლამენტარები, ჟურნალისტები, აქტივისტები უამრავ ფსიქოლოგიურ ძალადობას, შევიწროებას და მუქარას აწყდებიან საქმიანობის დროს. ძალადობის შემთხვევები, არამხოლოდ მათ პირად უსაფრთხოებას აყენებს რისკის ქვეშ, არამედ ახალისებს გენდერული ნიშნით უთანასწორობას, დისკრიმინაციას და აფერხებს დემოკრატიულ პროცესებს. დღეს, როცა, ხელისუფლება გენდერსა და სექსუალობას პროპაგანდისტული მანქანის და სიძულვილის კამპანიის ასამუშავებლად იყენებს, 29 ნოემბერი საქართველოში მოღვაწე ქალი უფლებადამცველებისათვის განსაკუთრებული დატვირთვის ხდება.

ხელისუფლების მხრიდან ჰომო/ტრანს ფობიური კანონების ინიცირების შემდეგ გამწვავებული სიძულვილის და ძალადობის რისკის ქვეშაა ტრანს თემი. არ შეგვიძლია არ გავიხსენოთ კესარია აბრამიძის შემზარავი მკვლელობა, რომელიც ანტი-ლგბტ კანონის მიღებას ძალიან ნიშანდობლივად მოჰყვა. ტრანსგენდერი ქალები, რომლებიც, ისედაც ყველაზე ხშირად არიან ძალადობის მსხვერპლები, ფაშისტური ნარატივის პოპულარიზების შედეგად კიდევ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ დგანან. აღსანიშნია, რომ სწორედ კანონის მიღების შემდეგ, ამა წლის 20 ოქტომბერს მოხდა ძალადობრივი თავდასხმა ტრანსგენდერ აქტივისტ ნატა ტალიკიშვილზე. ქალთა და ქვიარ უფლებებზე მომუშავე ქალების მიმართ ძალადობა არათუ აღკვეთილია საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან, არამედ წახალისებულია, მთავრობის მიერ წარმოებული დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული ნარატივით.

ქალ უფლებადამცველებზე ძალადობა გლობალური პრობლემაა. მისი მასშტაბის უკეთ აღსაქმელად გიზიარებთ UN Women-ის სტატისტიკურ მონაცემებს ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ.


კანონმდებელი/პარლამენტარი ქალების მიმართ ძალადობა

- 5 სხვადასხვა რეგიონში (ქვეყანაში) ქალების 82 პროცენტი ამბობს, რომ პროფესიული საქმიანობისას გამოუცდიათ გენდერული ნიშნით სხვადასხვა ფორმის ძალადობა. ძირითადად, ეს შემთხვევები მოიცავდა შენიშვნებს, შეურაცხმყოფელ ჟესტებს, სექსისტურ და დამამცირებელ კომენტარებს, მუქარას და ჯგუფურ ფსიქოლოგიურ თავდასხმას. 

- სოციალური მედია მსგავსი ძალადობის ძირითადი პლატფორმაა. გამოკითხულ ქალთა თითქმის ნახევარი (44 პროცენტი) ამბობს, რომ სოც.მედიაში იღებენ მოკვლის, გაუპატიურების, ძალადობის მუქარებს. ხშირად ეს მუქარები მათ ოჯახის წევრებსაც ეხებათ. 

- პარლამენტარი ქალების 65% მათი კაცი კოლეგების მხრიდან სექსისტური კომენტარების და შეურაცხყოფის ადრესატია.

​​​​​​ჟურნალისტი ქალების მიმართ ძალადობა 

საერთაშორისო გამოკითხვამ გვაჩვენა, რომ ქალი ჟურნალისების 73%-ს გამოუცდია ონლაინ ძალადობა. 

აქედან, 20 პროცენტი კი ამბობს, რომ მათ ფიზიკური ძალადობაც გამოუცდიათ, რომელიც ონლაინ მუქარებით ყოფილა განპირობებული. 

მსგავსი თავდასხმების ყველაზე ხშირად დასახელებული მიზეზი გენდერია (49%-ით) რასაც მოსდევს პოლიტიკისა და არჩევნების გაშუქება (44%-ით) და ადამიანთა უფლებებსა თუ სოციალურ საკითხებზე მუშაობა (31%-ით). 

Unwomen-ის დეტალური სტატისტიკის სანახავად ეწვიეთ ბმულს.