search close
picture განცხადება

ლგბტქი+ საკითხების გაქრობა სახელმწიფო პოლიტიკიდან: თანასწორობის გამოწვევები საქართველოში (ანგარიში)

17 მაისი 2025

თანასწორობის საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკაზე მუდმივად ახდენდა ზეგავლენას სხვადასხვა ჯგუფების მიერ შედგენილი დღის წესრიგი, რაც მიუთითებს არასაკმარის პოლიტიკურ ნებასა და შექმნილი მექანიზმების სიმყიფეზე. განათლების, ჯანდაცვის თუ სხვა საკითხების განხილვისას, ყოველთვის წინა პლანზე იდგა თუ რა პოზიცია ექნებოდა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, ან ამ საკითხების საჯაროობა ხომ არ გამოიწვევდა ძალადობრივი ჯგუფების მობილიზებას.

არცერთი ხელისუფლების პირობებში თანასწორობის იდეა ამ ყოველივეზე წინ არ დამდგარა. ამასვე უკავშირდება ის ფაქტი, რომ ლგბქტი+ თემისთვის შეკრების და გამოხატვის თავისუფლება დღემდე განუხორციელებელ უფლებად რჩება. ამასთან, არსებითი ცვლილებები არ განხორციელებულა განათლების და ჯანდაცვის სფეროებში, რაც ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

აღსანიშნავია, რომ თანასწორობის საკითხებზე სახელმწიფოს პოლიტიკა ყოველთვის ნაკლოვანებებით გამოირჩეოდა და არ ასახავდა ყველა სოციალური ჯგუფის საჭიროებებს და გამოწვევებს, თუმცა უკანასკნელი წლების განმავლობაში მეტად თვალსაჩინო გახდა ადამიანის უფლებების სფეროში უკუსვლა, განსაკუთრებით თანასწორობის საკითხებზე. თუ წინა წლებში საჯარო დისკურსში სახელმწიფო ფორმალური მიდგომებით და განცხადებებით თანასწორობის საკითხებზე ნეიტრალურ პოზიციებს ინარჩუნებდა, მათ შორის, საერთაშორისო მექანიზმებთან ურთიერთობისას, ბოლო წლებში უკვე აქტიური ქმედებებით, საჯარო განცხადებებით და დისკრიმინაციული კანონმდებლობით დაუპირისპირდა თანასწორობის იდეას, განსაკუთრებით ლგბტქი+ თემისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით.

სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან სათანადო რეაგირების უკმარისობამ, პოლიტიკის დღის წესრიგიდან თანასწორობის საკითხების ფაქტობრივმა გაქრობამ და საზოგადოების ნაწილში გაძლიერებულმა ჰომოფობიურმა რიტორიკამ გამოიწვია ის, რომ ლგბტქი+ ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობა, რომელიც ყოველთვის გამოწვევებით ხასიათდება, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ დადგა. ამ დრომდე არსებული პოლიტიკური ჰომოფობია - დისკრიმინაციულ კანონმდებლობაში ითარგმნა და ფაქტობრივად აკრძალა ლგბქტი+ თემის ძირითადი უფლებების განხორციელება.

წლების განმავლობაში სახელმწიფოს ჰომოფობიური რიტორიკის ინსტიტუციონალიზაცია მოახდინა საქართველოს კანონმა  „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ . კანონის მიღებამდე წარმოებულმა ჰომოფობიურმა სიძულვილის კამპანიამ კიდევ უფრო მეტად დააზარალა თემის წევრები და ამ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები. ამასთან, შეიზღუდა ლგბტქი+ თემის წარმომადგენლების რიგი ფუნდამენტური უფლებები; მათ შორის, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის, გამოხატვის თავისუფლების, შეკრების, სამოქალაქო უფლებები, დასაქმების უფლება, განათლება და სხვა. 

ამგვარად, ბოლო პერიოდის პოლიტიკურმა ნაბიჯებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიღწეული პროგრესი. დისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება საფრთხეს უქმნის არამხოლოდ ლგბტქი+ საკითხების გაქრობას სახელმწიფო პოლიტიკური დღის წესრიგიდან, არამედ უდიდესი დარტყმაა არასამთავრობო სექტორის საქმიანობაზე, გამოხატვის თავისუფლებასა და თანასწორობის უფლებაზე. სახელმწიფოს მხრიდან ჰომოფობიური ნარატივების გავრცელება და სიძულვილის ენის გამოყენება პირდაპირ აზიანებს საქართველოს სასიცოცხლო ინტერესს – გახდეს სრულფასოვანი დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც თითოეულ ადამიანს აქვს თანასწორი უფლებები და თავისუფლებები და ამასთან, ყოველდღიურ ცხოვრებაში ნეგატიურად აისახება ადამიანების საბაზისო უფლებების განხორციელებაზე.

ანგარიში სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: ლგბტქი+ საკითხების გაქრობა სახელმწიფო პოლიტიკიდან: თანასწორობის გამოწვევები საქართველოში

დოკუმენტი მომზადდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი.