search close
picture განცხადება

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22 ოქტომბერი 2025

2025 წლის 15 ოქტომბერს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსული კანონის საქმეზე (Georgian Young Lawyers’ Association and Others v. Georgia, app. no. 31069/24) წარადგინა მესამე მხარის წერილობითი პოზიცია (amicus curiae).[1]

დოკუმენტში ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ მან უკვე შეაფასა „გამჭირვალობის შესახებ საქართველოს კანონი“[2] (რუსული კანონი) და დაადგინა, რომ არსებული რეგულაციები შეუსაბამოა დემოკრატიული საზოგადოებისთვის.[3]

ვენეციის კომისიის შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაზე დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს მკაფიოდ და მკაცრად განსაზღვრული. ასევე, შეზღუდვა უნდა ითვალისწინებდეს ბოროტად გამოყენებისგან დაცვის ეფექტიან მექანიზმებს, რათა ბოროტად არ იქნეს გამოყენებული ორგანიზაციების სტიგმატიზაციის ან მარგინალიზაციის მიზნით მათი დაფინანსების წყაროების ან აღქმული პოლიტიკური პოზიციის საფუძველზე.[4] სადავო კანონი არ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, ვინაიდან მასში მოცემული ტერმინები „უცხოური ძალა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ ფართო და ბუნდოვანია, ხოლო იუსტიციის სამინისტროს ენიჭება გადაჭარბებული დისკრეციული უფლებამოსილება - მოითხოვოს პირადი მონაცემების გამჟღავნება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.[5]

ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ გამჭვირვალობა თავისთავად არ წარმოადგენს ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის კანონიერ საფუძველს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით. სამართლებრივი შეზღუდვები მხოლოდ ისეთ კონკრეტულ საზოგადოებრივ ინტერესებს უნდა უკავშირდებოდეს, როგორიცაა: ეროვნული უსაფრთხოება, საზოგადოებრივი წესრიგი ან დანაშაულის პრევენცია. მიუხედავად იმისა, რომ გამჭვირვალობა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ემსახურებოდეს ამ მიზნებს, სადავო კანონი არ ამყარებს კონკრეტულ კავშირს ამ მიზნებთან. შესაბამისად, მხოლოდ გამჭვირვალობის გაზრდა ვერ ამართლებს ფუნდამენტური უფლებების განურჩეველ შეზღუდვას. მეორეს მხრივ კი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა ძირს უთხრის დემოკრატიულ დისკურსსა და პლურალიზმს.[6]

ასევე, ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ კანონი შეუსაბამოა პროპორციულობის პრინციპთან, ვინაიდან, საფრთხეს უქმნის განსაკუთრებით პატარა ორგანიზაციების ფინანსურ მდგრადობას.[7]

ვენეციის კომისია „უცხოური გავლენის გამჭირვალობის“ კანონსა და მის ეფექტებს განიხილავს ფარასთან და გრანტების კანონებთან ერთად, ვინაიდან, დადგენილი რეგულაციები ერთმანეთს ემატება, აწესებს გადაჭარბებულ ვალდებულებებს და მძიმე სანქციებს.[8] იმ შემთხვევაში, თუკი მოქმედი წესები ვერ აღწევენ კანონით გათვალისწინებულ მიზანს, მაშინ ისინი უნდა გაუმჯობესდეს და უკვე არსებული კანონების პარალელურად არ უნდა იქნეს მიღებული დამატებითი ახალი შემზღუდავი აქტები.[9] ინდივიდუალურად და მითუმეტეს, ერთიანად აღებულ, ზემოაღნიშნული ნორმები აწესებენ ფართო და ერთმანეთთან გადაჯაჭვულ ვალდებულებებს, რომლებიც მკაცრი პასუხისმგებლობის მექანიზმებთან ერთად არაპროპორციულად ამძიმებენ იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაკავებულნი არიან დემოკრატიული ზედამხედველობითა და უფლებათა დაცვის საქმიანობით.[10]

ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნით, აღნიშნული კანონებით შექმნილი რთული სამართლებრივი ჩარჩო არღვევს სამართლებრივი სიცხადისა და აუცილებლობის პრინციპებს, აძლევს ხელისუფლებას გადაჭარბებულ დისკრეციულ ძალაუფლებას, რაც შეუსაბამოა დემოკრატიული საზოგადოებისათვის.[11]

 

 



[1] Venice Commission, CDL-AD(2025)035, Amicus Curiae Brief for the European Court of Human Rights in the Case of Georgian Young Lawyers’ Association and Others v. Georgia (no. 31069/24) on the Law of Georgia on Transparency of Foreign Influence.

[2] Venice Commission, CDL-AD(2024)020, Urgent Opinion on the Law of Georgia on Transparency of Foreign Influence.

[3] Venice Commission, CDL-AD(2025)035, Amicus Curiae Brief for the European Court of Human Rights in the Case of Georgian Young Lawyers’ Association and Others v. Georgia (no. 31069/24) on the Law of Georgia on Transparency of Foreign Influence, პარ. 34.

[4] იქვე, პარ. 5.

[5] იქვე, პარ. 8.

[6] იქვე, პარ. 9.

[7] იქვე, პარ. 10.

[8] იქვე, პარ. 24

[9] იქვე, პარ. 20, 30.

[10] იქვე, პარ. 27.

[11] იქვე, პარ. 33-34