search close
picture ანგარიში

დისკრიმინაცია და ძალადობა ლგბტქი ადამიანთა მიმართ | სამართალწარმოების ანგარიში

9 დეკემბერი 2019

შესავალი

ევროპის საბჭოს მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევის თანხმად, [რესპოდენტთა] „ინფორმირებულობის დონე ყველაზე მეტად მაღალია ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ განხორციელებული სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებთან დაკავშირებით. იმავდროულად, ლგბტ ადამიანების მიმართ არსებული განწყობები ნებისმიერი სხვა ჯგუფის მიმართ არსებულზე უარესია”.[1]

2018 წლის 17 აპრილს დამტკიცდა ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა (2018-2020 წლებისთვის)[2] რომელიც სახელმწიფოსთვის ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტია. თუმცა აღნიშნული გეგმა არ მოიცავს ლგბტქი ადამიანების დისკრიმინაციისა და ძალადობისგან დაცვის ღონისძიებებს. გეგმაში არ არის გაწერილი ღონისძიებები სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და ლგბტქი ადამიანების შესახებ არსებული სტერეოტიპების შესამცირებლად. გეგმა სრულიად დაცლილია ლგბტქი ადამიანების საჭიროებებისგან.

ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაზე მუშაობის პროცესში, საქართველოს მთავრობისგან არსებობდა დაპირება, რომ 2018 წლის ბოლომდე გეგმაში ცალკე თავში გაიწერებოდა ლგბტქი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებები,[3] თუმცა ეს დაპირება ამ დრომდე არ შესრულებულა. აღნიშნული პრობლემის შესახებ, თავის ანგარიშში მიუთითა გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა სოგის ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის შესახებ ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზმაც.[4]

დღეს არსებული მდგომარეობით, სახელმწიფოს არ გააჩნია ერთიანი სტრატეგია ჰომო/ბი/ტრანსფობიის წინააღმდეგ საბძოლველად, რაც მძიმედ აისახება ლგბტქი ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ხელს უშლის მათ საკუთარი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობაში.

ანგარიშის შესახებ

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” (WISG) მიერ 2018 წელს წარმოებული საქმეების ანგარიშს. ანგარიშში წარმოებული საქმეებისა და დოკუმენტირებული შემთხვევების მაგალითზე გაანალიზებულია სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციის ფაქტებია ასევე მსხვერპლთა მიმართვიანობასთან დაკავშირებული პრობლემებური საკითხები. ანგარიში მოიცავს ინფორმაციას 2017 წელს წარმოებული საქმეების სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებითაც.

ანგარიშის მიზანია წარმოადგინოს ლგბტქი ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტები და მათზე რეაგირების პრაქტიკები შესაბამისი უწყებების თუ სასამართლოს მიერ.

საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური იყო ე. წ. „იძულებითი ქამინგ აუთის” შემთხვევები და ტრანსი ადამიანების პერსონალურ მონაცემთა უნებართვო გავრცელება. რიგ შემთხვევებში ტრანსმა ადამიანებმა მიმართეს შესაბამის უწყებებს და სათანადო სამართლებრივი შედეგიც დადგა.

იხ. ანგარიში ბმულზე: დისკრიმინაცია და ძალადობა ლგბტქი ადამიანთა მიმართ სამართალწარმოების ანგარიში


[1] ევროპის საბჭო, „სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია საქართველოში: საზოგადოების განწყობა და ინფორმირებულობა”. 2018. ხელმისაწვდომია აქ: https://rm.coe.int/hate-crime-hate-speech-and-discrimination-in-attitudes-and-awarenessg/16808ef62b

[2] საქართველოს მთავრობის დადგენილება „ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2018-2020 წლებისთვის) დამტკიცების შესახებ”. 17/04/2018. ხელმისაწვდომია აქ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4153833?publication=0

[3] საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2018 წლის 28 სექტემბრის წერილი № GOV 7 18 00031666

[4] Human Rights Council. Report of the Independent Expert on protection against violence and discrimination based on sexual orientation and gender identity. §18. 2019. A/HRC/41/45/Add.1 ხელმისაწვდომია აქ: https://undocs.org/en/A/HRC/41/45/ADD.1?fbclid=IwAR1uGxuJ6lMh0KqfYO 9D1vUNMQv4SWO0LSiwgZcH7UQCeSdylM71tmToyZo