8 ივლისს “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” (WISG) ILGA-Europe-ასთან ერთად გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის 37-ე სესიისთვის ანგარიში წარადგინა. ანგარიში საქართველოში ბოლო 5 წლის პერიოდში ლგბტქი ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას აფასებს.
გაეროს წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესამოწმებლად უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა ერთ-ერთი მექანიზმია, რომელიც წევრი სახელმწიფოებისგან 5 წელიწადში ერთხელ მოითხოვს ეროვნული ანგარიშების წარდგენას მათ ქვეყნებში არსებულ უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამასთან, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში, გაერო მოიაზრებს ადამიანის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობას ალტერნატიული ანგარიშების წარდგენისა და ადვოკატირების ფარგლებში.
ეროვნული და სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი ანგარიშები სახელმწიფოსადმი კონკრეტული რეკომენდაციების გაცემის ძირითადი წყაროა. თავის მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან რეკომენდაციების მიღებაზე დასტური მათი შესრულების ვალდებულებასაც გულისხმობს. შესაბამისად, WISG-ისა ILGA-Europe-ას მიერ წარდგენილი კოალიციური ანგარიში გაეროს წევრ სახელმწიფოებს სთავაზობს ჯამში 14 რეკომენდაციას, იმისათვის რომ მათ ეს რეკომენდაციები უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში საქართველოსკენ მიმართონ.
აღნიშნული რეკომენდაციები გასდევს დოკუმენტის 5 ძირითად ქვეთავს და მიემართება ლგბტქი ადამიანების წინაშე მდგარ იმგვარ სისტემურ პრობლემებს, როგორიცაა: ჰომო/ბი/ტრანსფობიური დანაშაული; ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ სიძულვილის ენის გამოყენება; შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელება; სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაცია; ტრანსი და ინტერსექსი ადამიანების ჯანდაცვის უფლებების განხორციელება. თითოეული ნაწილი დეტალურად, კვლევაზე დაფუძნებით მიმოიხილავს საკითხთან დაკავშირებულ იმ ბარიერებს, რასაც საქართველოში მცხოვრები ლგბქტი ადამიანები აწყდებიან, ასევე აფასებს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-2 ციკლის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების შესრულებას.
უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 2021 წლის იანვარში იგეგმება.
ანგარიშის ელ-ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: WISG-ის და ILGA-Europe-ას ანგარიში უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის 37-ე სესიისათვის
ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG). ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ- დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.