search close
picture გზამკვლევი

ლესბოსელ, გეი და ბისექსუალ კლიენტებთან ფსიქოლოგიური საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპები

15 ივლისი 2021

„სახელმძღვანელო პრინციპები ლესბოსელ, გეი და ბისექსუალ კლიენტებთან ფსიქოლოგიური საქმიანობისთვის“  ფსიქოლოგებს უზრუნველყოფს (ა) ლესბოსელი, გეი და ბისექსუალი კლიენტების მკურნალობის ჩარჩოთი და (ბ) შეფასების, ინტერვენციის, იდენტობის, ურთიერთობების, მრავალფეროვნების, განათლების, პროფესიული მომზადების და კვლევის თაობაზე არსებული ბაზისური ინფორმაციითა და დამატებითი წყაროებით. წინამდებარე პრაქტიკული მითითებები დაფუძნებულია „ლესბოსელ, გეი და ბისექსუალ კლიენტებთან ფსიქოთერაპიის სახელმძღვანელო პრინციპებზე“ (Division 44/Committee on Lesbian, Gay, and Bisexual Concerns Joint Task Force on Guidelines for Psychotherapy with Lesbian, Gay, and Bisexual Clients, 2000) და შეესატყვისება ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) „პრაქტიკული სახელმძღვანელო პრინციპების განვითარებისა და შეფასების კრიტერიუმებს“ (APA, 2002). იგი ფსიქოლოგებს ეხმარება ლესბოსელების, გეებისა და ბისექსუალებთან დაკავშირებული აფირმაციული პრაქტიკის, განათლებისა და კვლევის განხორციელებაში.

ტერმინი "სახელმძღვანელო პრინციპები" მოიცავს შეხედულებებს, განცხადებებს, ან დეკლარაციებს, რომლებიც ფსიქოლოგებისთვის ითვალისწინებენ რჩევასა თუ რეკომენდაციას კონკრეტულ პროფესიულ ქცევასთან, მისწრაფებებთან ან წესებთან დაკავშირებით. სახელმძღვანელო პრინციპები განსხვავდება სტანდარტებისგან, ვინაიდან სტანდარტების გათვალისწინება სავალდებულოა და შესაძლოა იძულების მექანიზმსაც ითვალისწინებდეს. ამგვარად, წინამდებარე სახელმძღვანელო პრინციპები თავისი არსით მიზანმიმართულია პროფესიის უწყვეტი, სისტემატური განვითარების ხელშეწყობისა და ფსიქოლოგების მიერ მაღალი დონის პროფესიონალური პრაქტიკის უზრუნველყოფისკენ.

წინამდებარე სახელმძღვანელო პრინციპები არ არის სავალდებულო და ყოვლისმომცველი და შესაძლოა არ მიესადაგებოდეს ყველა კლინიკურ სიტუაციას. ისინი არ წარმოადგენენ საბოლოო ინსტანციას და წინ არ უნდა უსწრებდნენ ფსიქოლოგის განსჯას. საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპები არსებითად პროფესიონალებისთვის განკუთვნილი რეკომენდაციებისგან შედგება, რომლებიც ქცევის წესებსა და ფსიქოლოგიური პრაქტიკის კონკრეტულ არეალში გასათვალისწინებელ საკითხებს შეეხება. პრაქტიკული სახელმძღვანელო პრინციპები შეესატყვისება APA-ს მიმდინარე პოლიტიკას. აგრეთვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფედერალური და შტატის კანონები პრაქტიკულ გაიდლაინებზე მაღლა დგას და ეს უკანასკნელი არსებულ აპა-ს „ფსიქოლოგთა ეთიკურ პრინციპებსა და ქცევის კოდექსს“ უნდა შეესაბამებოდეს (APA, 2002b).

ქართულ ენაზე თარგმნა: მედეა რუსიშვილმა.
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია (APA) 2012.
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) 2020.

წაიკითხეთ ან გადმოწერეთ ბმულიდან: 
ლესბოსელ, გეი და ბისექსუალ კლიენტებთან ფსიქოლოგიური საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპები