ტრანსგენდერ და გენდერულად არაკონფორმულ ადამიანებთან ფსიქოლოგიური საქიმიანობისთვის შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპების მიზანია ფსიქოლოგებს დახმარება გაუწიოს ტგაკ ადამიანებთან კულტურულად კომპტენტური, განვითარებაზე ორიენტირებული და ტრანს-აფირმაციული ფსიქოლოგიური საქმიანობის უზრუნველყოფაში. ტრანს-აფირმაციული პრაქტიკა ტგაკ ადამიანების იდენტობებისა და ცხოვრებისეული გამოცდილებების მიმართ პატივისცემით განმსჭვალულ, გაცნობიერებულ და მხარდამჭერ მზრუნველობას გულისხმობს (Korell & Lorah, 2007). წინამდებარე სახელმძღვანელო პრინციპები წარმოადგენს მოსამზადებელ რესურსს იმ ფსიქოლოგებისთვის, რომლებსაც საქმიანობის მანძილზე შეიძლება ტგაკ ადამიანებთან შეხვედრა მოუწიოთ, თუმცა ის აგრეთვე გამოსადეგი იქნება ისეთი ფსიქოლოგებისთვისაც, რომელთაც პრაქტიკის ამ ნაწილში გააჩნიათ კომპეტენცია, მაგრამ სურთ გააუმჯობესონ ზრუნვა, რომელსაც ისინი ტგაკ ადამიანებს სთავაზობენ. მათთვის, ვისთვისაც უცნობია ენა, რომელიც გენდერული იდენტობის და ტგაკ პოპულაციაზე საუბრისას გამოიყენება, სახელმძღვანელო პრინციპებში წარმოდგენილია ტერმინთა განსაზღვრებები (იხ. დანართი A). ტერმინით „სისგენდერი“ მოხსენიებულნი არიან ადამიანები, ვისი გენდერული იდენტობაც თანხვედრაშია მათთვის დაბადებიდან მინიჭებულ სქესთან (E. R. Green, 2006; Serano, 2006).
იმის გათვალისწინებით, რომ ტგაკ და საკუთარ გენდერულ იდენტობაში დაეჭვებულ ახალგაზრდებთან მუშაობას დამატებითი სირთულეები ახლავს თან, წინამდებარე სახელმძღვანელო პრინციპები, პირველ ყოვლისა, ფოკუსირებულია ტგაკ ზრდასრულებზე, თუმცა არა მხოლოდ მათზე. სამომავლოდ, განახლებულ სახელმძღვანელო პრინციპებში ყურადღება უფრო მეტად იქნება გამახვილებული ტგაკ და გენდერული თვითგამორკვევის პროცესში მყოფ ბავშვებსა და მოზარდებზე. სახელმძღვანელო პრინციპებში წამოჭრილია ტგაკ ადამიანების ძლიერი მხარეების საკითხი, გამოწვევები, რომლის წინაშეც ისინი დგანან, ეთიკური და სამართლებრივი საკითხები, სიცოცხლის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, კვლევა, განათლება, პროფესიული მომზადება, ჯანდაცვა. რადგან გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული საკითხები ხშირად გენდერული გამოხატვის და სექსუალური ორიენტაციის საკითხებთან არის გადაჯაჭვული, ტგაკ პოპულაციასთან ფსიქოლოგიური პრაქტიკა საჭიროებს სპეციფიკური ცოდნის მოპოვებას, რომელიც ტგაკ ადამიანების უნიკალურ საჭიროებებს უკავშირდება და სხვა სახელმძღვანელო პრინციპებში განხილული არ არის (APA, 2012). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წინამდებარე სახელმძღვანელო პრინციპების მიზანს არ წარმოადგენს იმ კონფლიქტების გადაჭრა, რომლებიც გენდერულ როლებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი მოლოდინებიდან გამომდინარე სისგენდერ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ (Butler, 1990), სახელმძღვანელო პრინციპები აგრეთვე არ ეხება ინტერსექს ადამიანებს (Dreger, 1999; Preves, 2003).
ქართულ ენაზე თარგმნა: მედეა რუსიშვილმა
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია (APA) 2015.
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) 2020.
წაიკითხეთ ან გადმოწერეთ ბმულიდან: