უკანასკნელ წლებში, ქართულ საჯარო სივრცეში ქვიარ აქტივიზმისა და ტრავმული გამოცდილებების კვალდაკვალ, საზოგადოებრივ თუ აკადემიურ წრეებში გააქტიურდა მსჯელობა ხილვადობის პოლიტიკისა თუ ფემინისტური დღის წესრიგის მნიშვნელობაზე. მიუხედავად ამისა, შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობა აქტივიზმის სხვადასხვა ფორმის შედეგებს თემის წარმომადგენლების ყოველდღიურ ცხოვრებასა და დაგროვილი ტრავმული გამოცდილებების ქრონიკულ ხასიათზე. ყურადღების მიღმა ასევე რჩება ქვიარ ადამიანების ინტერაქცია იმ ურბანულ გარემოსთან, სადაც მათ უწევთ ცხოვრება, მუშაობა და სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება.
ამ მხრივ, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რა გავლენა აქვს ქვიარ თემის წარმომადგენლებზე იმ ტრავმულ გამოცდილებებს, რომლებიც მათ შეემთხვათ არა მხოლოდ 17 მაისს ან 5 ივლისს, არამედ რასაც აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ მიზნით, კვლევა ეყრდნობა ქვიარ ადამიანებთან ჩატარებულ სიღრმისეულ ინტერვიუებს და ტრავმული შემთხვევების კონტექსტში განიხილავს მათ ურთიერთობას ურბანულ სივრცეში და მასთან ინტერაქციის ფორმებს.
როგორც ირკვევა, ეს ურთიერთობა ორმხრივი ხასიათისაა. ერთი მხრივ, სოციალური და ნაშენი გარემო იწვევს საფრთხის შეგრძნების, ტრავმული გამოცდილების მუდმივ მოლოდინს და რეალური თავდასხმის მსხვერპლად აქცევს ქვიარ ადამიანებს. მეორე მხრივ, წარსულის ტრავმული გამოცდილებების შედეგად, ქვიარ ადამიანები თავად აყალიბებენ და უცვლიან ფორმას როგორც საკუთარ თავს, ასევე მათ გარშემო არსებულ ფიზიკურ თუ სოციალურ სივრცეს. ამ მხრივ, იკვეთება უსაფრთხო სივრცის, ქვიარ სხეულისა და იმ სტრატეგიების ფლუიდური, მუდმივად ცვლადი ხასიათი, რომელსაც ისინი მიმართავენ სივრცესთან სოციალური ინტერაქციისას.
საკვანძო სიტყვები: ტრავმა; ურბანული სივრცე; ქვიარ სხეული; ყოველდღიური ცხოვრება; ფლუიდურობა
წაიკითხეთ ან გადმოწერეთ კვლევა:
ქვიარ ტრავმა და ურბანული სივრცე: სხეული, ინტერაქცია და ყოველდღიური ცხოვრება