search close
picture ანგარიში

WISG-ის ჩრდილოვანი CEDAW ანგარიში - ლბტი ქალთა მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციის შესახებ (4 ივნისი, 2021)

7 ივნისი 2022

4 ივნისს “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” (WISG) ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვის  (CEDAW) კომიტეტის 81-ე სესიის მოსამზადებელი საშუშაო ჯგუფისათვის ჩრდილოვანი ანგარიში წარადგინა. სესიისათვის მოსამზადებელი შეხვედრა (პრე-სესია) 5-9 ივლისს ონლაინ, დახურულ შეხვედრაზე,  გაიმართება.

პრე-სესიის ფარგლებში კომიტეტი, მათ შორის, საქართველოს მიერ წარდგენილი მე-6 პერიოდული ანგარიშის მიხედვით შეაჯამებს სახელმწიფოსთვის დასასმელი საკითხების ჩამონათვალს, რაზედაც მას წერილობით უნდა ეპასუხოს. შესაბამისად, უშუალოდ საქართველოს სამომავლო მოსმენამდე (სესიამდე) მთავრობას მოუწევს დააფიქსიროს პოზიციები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ეროვნულ ანგარიშში არ გაითვალისწინა.

WISG-ის მიერ წარდგენილი ჩრდილოვანი ანგარიში მიზნად ისახავს CEDAW კომეტეტის პრე-სესიის სამუშაო ჯგუფისათვის იმ პრაქტიკებზე ინფორმაციის მიწოდებას, რაც ლბტი ქალების წინააღმდეგ დისკრიმინაციასა თუ ძალადობაში მანიფესტირდება და რაც ეროვნული ანგარიშის ყურადღების მიღმა აღმოჩნდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს CEDAW კომიტეტის 2014 წლის დასკვნითი მოსაზრებები, სადაც კომიტეტი გმობდა ფიზიკურ ძალადობასა და შევიწროვებას, რასაც ლბტ ქალები განიცდიდნენ, ასევე შეშფოთებას გამოთქვამდა დაბრკოლებებთან დაკავშირებით, რასაც სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებისას ტრანსი ადამიანები აწყდებოდნენ. შესაბამისად, კომიტეტის 2014 წლის რეკომენდაციები აღნიშნულ ორივე საკითხს ეხებოდა, თუმცა 2020 წლის სახელმწიფოს ანგარიში უგულებელყოფს რეკომენდაციათა ნაწილს, ისევე როგორც მთელ რიგ საკითხებს, რასაც წლების მანძილზე WISG-ი ადვოკატირებს, - 2020 წლის ეროვნული ანგარიში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნაწილში მხოლოდ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს ეხება.

შესაბამისად, WISG-ის მიერ წარდგენილი ჩრდილოვანი ანგარიში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის რელევანტური მუხლების, მისი ზოგადი რეკომენდაციებისა და კომიტეტის დასკვნითი მოსაზრებების შუქზე, პრე-სესიის სამუშაო ჯგუფის ყურადღებას მიაპყრობს საქართველოში ლბტი ქალების უფლებრივ მდგომარეობასა და მათ წინააღმდეგ დისკრიმინაციისა და ძალადობის პრაქტიკებზე; კერძოდ, ანგარიში აქცენტს აკეთებს კონვენციის მუხლების დარღვევებზე, რაც გამოიხატება ლბტი ქალების წინააღმდეგ ჰომო/ბი/ტრანსფობიურ დანაშაულებში, გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმის დაურეგულირებლობაში, ჯანდაცვის, განათლებისა და დასაქმების სფეროს დისკრიმინაციულ მოწყობაში.

ინფორმაციას კომიტეტის სამომავლო პროცედურებთან დაკავშირებით, რაც კომიტეტის მიერ საქართველოს მოსმენას გულისხმობს WISG-ი პერიოდულად გაგაცნობთ და გაგიზიარებთ  განახლებულ ჩრდილოვან ანგარიშსს.

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) მიერ CEDAW კომიტეტის 81-ე სესიის მოსამზადებელი საშუშაო ჯგუფისათვის წარდგენილი ჩრდილოვანი ანგარიშის ინგლისური ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

ჩრდილოვანი ანგარიში (საქართველო) ლგბტი ქალთა მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის შესახებ

ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG). ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ- დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.