„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ (WISG) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (GYLA) და ადამიანის უფლებების ადვოკატირების ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს იდენტობას ჯგუფის საქმეების აღსრულებასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა.
ანგარიში მოიცავს ინფორმაციას „აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ“ და „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეების ეროვნულ დონეზე აღსრულების პროგრესის თაობაზე. მასში ხაზგასმულია, რომ მიუხედავად სტრასბურგის სასამართლოს მიერ ხსენებულ საქმეებში კონვენციის მრავალი მუხლის დარღვევის დადგენისა, ამ დრომდე არავის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა. გარდა ამისა, საქმის „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ მომჩივანებს ამ დრომდე არ აქვთ მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი.
ზოგად ზომებთან მიმართებით, ანგარიში კონცენტრირდება საკითხებზე, რომლებსაც მინისტრთა საბჭომ ხაზი გაუსვა თავის რეკომენდაციებში და ამ მიმართულებით სახელმწიფოსთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებას აფასებს:
· საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული პოლიტიკა, დისკრიმინაციასა და შეუწყნარებლობასთან ბრძოლაში არ მოიცავს ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანს* და ინტერსექს ადამიანების წინაშე მდგარ გამოწვევებს;
· სიძულვილით მოტივირებული ინციდენტები სათანადო რეაგირების გარეშე რჩება, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვლევას სამართალდარღვევების საქმეებზე რეაგირებისას. შესაბამისად, ეს ინციდენტები აღურიცხავი რჩება და მათი სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და გამოქვეყნება არ მიმდინარეობს;
· ქვიარ თემი ვერ ახერხებს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებით სარგებლობას;
· სახელმწიფოს მხრიდან არაფერი კეთდება საზოგადოებაში არსებული ჰომო/ბი/ტრანსფობიური დამოკიდებულებების შესამცირებლად. კომიტეტის რეკომენდაციის მიუხედავად სათანადო ყურადღება არ ეთმობა შესაბამისი უწყებების მხრიდან ნულოვანი ტოლერანტობის გზავნილების გავრცელებას დისკრიმინაციული დამოკიდებულების წინააღმდეგ. ამ მიმართულებით ანგარიშში თავმოყრილია მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის საკითხებით მანიპურელირების ფაქტები.
ანგარიშის ავტორი ორგანიზაციები სათანადო ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, რაც უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ეფექტიან გამოძიებას და დამნაშავეთათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას; სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ არსებული მექანიზმების გაუმჯობესებას და ლგბტქი თემისთვის მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობის უზრუნველყოფას.