search close
picture ანგარიში

CM/REC(2010)5 – იმპლემენტაციის მონიტორინგი 2019-2024

24 იანვარი 2025

მაშინ როდესაც მინისტრთა კომიტეტის CM/Rec(2010)5 რეკომენდაციის შესრულების წინამორბედ ანაგარიშებში, 20121 და 20182 წლებში, ჯერ კიდევ ვწერდით, რომ საქართველოს კანონმდებლობა ლგბტი ადამიანების მიმართ გამოხატულად დისკრიმინაციული ან განსაკუთრებულად მკაცრი არ იყო, წინადმებარე ანგარიშში, რომელიც 2019-2024 წლებს დაფარავს, მდგომარეობა კრიტიკულად საგანგაშოა.

ანგარიშის მეორე ციკლის შემდგომ, საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა განსაკუთრებით ჰომოფობიური, დისკრიმინაციული და მარგინალურია სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის შესახებ საკითხებისადმი. 2024 წლისთვის კი, ჰომოფობია ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ყველა პოლიტიკასა თუ ქმედებაშია თვალსაჩინო, რაც საბოლოოდ ანტი-ლგბტი საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებითა და საკანონმდებლო პაკეტის მიღებით ილუსტრირდა.

მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის პრეამბულა ითვალისწინებს პრინციპს და შეახსენებს წევრ სახელმწიფოებს, რომ არც კულტურულ, არც ტრადიციულ და არც რელიგიურ ღირებულებებს, არც „დომინანტური კულტურის“ წესებს არ შეიძლება მოუხმონ სიძულვილის ენის ან დისკრიმინაციის სხვა ფორმის დასასაბუთებლად, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციისა ან გენდერული იდენტობის საფუძველზე.

თუმცა, 2024 წლის 4 აპრილს მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ ჰომოფობიური კონსტიტუციური კანონის პროექტი სწორედ რომ „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის“ სახელით დააინიცირა.3 რამდენადაც მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს, პარლამენტი ვერ აგროვებდა კონსტიტუციური ცვლილებისთვის საჭირო მხარდაჭერას. ამიტომ, 2024 წლის ივნისში, მმართველმა პარტიამ ანტი-ლგბტი და ცენზურის დამწესებელი საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა, რომელიც მოიცავს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“4 ძირითად კანონს და გამომდინარე 18 მოქმედ კანონში ცვლილებას.5

კანონპროექტი კონსტიტუციური კანონის პათოსს იმეორებს და საკონსტიტუციო უმრავლესობის ნაცვლად, მარტივი უმრავლესობის წესითაც ხელს აძლევს ხელისუფლბას აამოქმედოს რეპრესიის მანქანა.

ჯერ კიდევ საკანონმდებლო ინიცირებამ საერათაშორისო ინსტუტუტების კრიტიკა უმალ გამოიწვია. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი 27 მარტს გამოეხმაურა პროცესს და გამოხატა შეშფოთება კანონის შესაძლო ზეგავლენაზე გაამძაფროს ლგბტი ადამიანების მიმართ არსებულ საზიანო სტერეოტიპები.6 25 ივნისს კი ვენეციის კომისაიამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას არ გააგრძელოს კონსტიტუციური კანონპროექტიის მიღება, რადგან იგი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს და საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებულ ვალდებულებებს. კომისიამ მიიჩნია, რომ ამგვარი ცვლილებების მიღება, გააღვივებს მტრულ დამოკიდებულებას და სტიგმატიზებულ გარემოს ლგბტი ადამიანების მიმართ.7 კომისარი 10 სექტემბერსაც გამოეხმაურა მიმდინარე პროცესს და გაასაჯაროვა წერილი, სადაც ის პარლამენტის თავჯდომარეს მოუწოდებს არ მიიღონ კანონი, რომელიც წარმოადგენს ლგბტი ადამიანების დისკრიმინაციის სამართლებრივ საფუძველს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.8

თუმცა, საბოლოოდ, 2024 წლის 17 სექტემბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით მაინც მიიღო კანონი, შეცდომაში შემყვანი პოპულისტური სათაურით „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ,“ რომელსაც ანტი-ლგბტი კანონად მოვიხსენიებთ. კანონს ხელი 2024 წლის 3 ოქტომბერს მოეწერა და მისი მოქმედება აქიდან 60 კალენდარულ დღეში იწყება.

მიუხედავად სათაურისა, კანონის შინაარსი ნათლად აჩვენებს, რომ არათუ ვინმეს დაცვას ემსახურება, არამედ განიზრახავს ადამიანების საბაზისო უფლებების და დემოკრატიის განადგურებას, - ლგბტი ადამიანებს პრაქტიკულად უზღუდავს ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობას, მათ შორის ჩამოართმევს იმ უფლებებსაც, რითაც სარგებლობას ლგბტი ადამიანები ისედაც ვერ ახერხებდნენ, მიუხედავად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თუ ადამიანის უფლებების სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტების პირდაპირი მოწოდებისა საქართველოს ხელისუფლებისადმი. ამდენად, კანონი არა მხოლოდ წინააღმდეგობაშია ეროვნულ კანონმდებლობასთან, როგორიცაა საქართველოს კონსტიტუცია თუ „დისკრიმიანციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონი,9 არამედ არღვევს საერთაშორისო სამართლით, მათ შორის ევროპული კონვენციით ნაკისრებ ვალდებულებებს, პრინციპებს და სტანდარტებს.

კერძოდ, კანონი 13 მუხლისგან შედგება და მისი ძალით დაუშვებელია ქორწინების ალტერნატიული (სადაც არ იქნება ქალი და კაცი) კავშირის რეგისტრაცია, არასრულწლოვნის შვილად აყვანა და მინდობით აღზრდა, მათ მიერ ვინც თავს განსხვავებულ სქესს მიაკვუთვნებენ ან არ არიან ჰეტეროსექტუალ ურთიერთობაში, იკრძალება სქესის კვლავმინიჭების ოპერაცია ან რაიმე სახის სხვა სამედიცინო მანიპულაცია, იზღუდება გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე ხელმისაწვდომობა, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, ინფორმაციის გავრცელება, ასევე განათლების უფლება. კანონი ითვალისწინებს შრომითი ურთიერთობის დროს დოკუმენტაციაში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფის აკრძალვას და 17 მაისს აწესებს ოჯახის სიწმინდისა და მშობლის პატივისცემის დღეს. ამასთან, კანონი სცდება ლგბტი თემს, მოიცავს სხვადასხვა ჯგუფს და ზოგადად, აწესებს ცენზურას. ანტი-ლგბტი კანონის დარღვევა, ადმინისტრაციულთან ერთად, რიგ ან განმეორებით შემთხვევებში, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.10

ანტი-ლგბტ კანონის თითოეული პუნქტი, რეკომენდაციით გათვალისწინებულ უფლებებთან მიმართებით, ქვემოთ იქნება განხილული.

წინამდებარე რეზიუმე კი ანტი-ლგბტი კანონის რეალურ ზრახვებს მიმოიხილავს, რაც ჩვენი რწმენით, სხვა არაფერია, თუ არა წინასაარჩევნოდ საზოგადოების მანიპულაცია, რეალური პრობლემების გადაფარვის მცდელობა, ირაციონალური შიშების გაღვივება და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზის საბოტაჟი. აშკარაა, რომ საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური განწყობების არა მხოლოდ გაღვივებით, არამედ ამ განწყობის ხელოვნური წარმოებითაც, ხელისუფლება ცდილობს ჯანდაცვის, დასაქმების, განათლების, საბაზისო საცხოვრისის, ინფრასტრუქტურული, განათლების თუ ეკოლოგიური პრობლემის გამო მოსახლეობაში დაგროვილი ბრაზი წინასაარჩევნოდ ისევ ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფზე მიემართა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვნელი, ივანიშვილი, ხელისუფლებაში იმის მტკიცებით მოვიდა, რომ ლგბტი ადამიანებიც ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან და მათ, ისევე, როგორც ნებისმიერი უმცირესობის უფლებებს, პატივი უნდა ვცეთ.11 მმართველობის 12 წლის თავზე კი, ჰომოფობიაზე ჩაბღაუჭება ოლიგარქისა და მისი გუნდისთვის ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთი ბოლო იმედია. ამიტომ, ერთ დროს მისი პროგრესული მოსაზრება ახლა ჩაანაცვლა „სახლში ვისაც რა უნდა ის აკეთოს“ რიტორიკამ.12

ამდენად, ხელისუფლება გაცხადებულად, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ფსონს სიძლვილის კულტივირებაზე დებს და საფრთხედ აცხადებს “ლგბტ პროპაგანდას,” რომლის გასანეიტრალებლადაც ჰომოფობიური და ცენზურის დამწესებელ საკანონმდებლო პაკეტს იყენებს. კანონი კი, თავისი არსით ეხება არა მხოლოდ ერთ ჯგუფს, ლგბტი თემს, არამედ ქმნის პრეცედენტს, რომ მომავალში მთავრობას შეეძლოს ნებისმიერ მოქალაქეს, კრიტიკულს ხელისუფლების მიმართ, ჩამოართვას კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.

ჩვენი შეფასებით, მიღებული კანონიც და წინასაარჩევნოდ დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებაც ადამიანების დაშინების და დაქვემდებარების, ტოტალური კონტროლის ინსტრუმენტებია, რომლებიც საშუალებას აძლევს ხელისუფლებას პროპაგანდისტის იარლიყი მიაკრას ნებისმიერს, აკონტროლოს ინფორმაცია, ჩაახშოს გამოხატვა, გავლენა მოახდინოს ხელოვნებასა და კულტურაზე, დააწესოს ცენზურა და განხვავებული აზრის წინააღმდეგ აამოქმედოს იძულების მანქანა.

ამრიგად, მინისტრთა კომიტეტის ყურადღებას ვამახვილებთ, რომ 2 დეკემბრიდან ანტი-ლგბტი კანონის ამოქმედების შემდეგ, შესაძლოა ეს იყოს ბოლო ანგარიში, რომლის გამოქვეყნებასაც ჩვენ შევძლებთ. არათუ ანგარიში, სოციალურ ქსელში ჩვენს მიერ გამოქვეყნებული მასალაც შესაძლოა მოხვდეს ცენზურის კანონის ობიექტივში და გამოიწვიოს ადმინისტრაციული და შემდგომში სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამასთან, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“13 კანონის მოქმედებასთან ერთად, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზებას ისახავს მიზნად, ანტი-ლგბტი კანონის ამოქმედების პირობებში, ქვეყანაში არსებული რამდენიმე სათემო ორგანიზაციისთვის, მათ შორის ჩვენთვის, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფისთვის, შეუძლებელი გახდება ფუნქციონირება და ლგბტი ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ საჭირო სერვისების მიწოდების გაგრძელება.

როგორც წესი, წინამორბედი ანგარიშები მოიცავდა რეკომენდაციებს მთავრობის პრიორიტეტული ქმედებების შესახებ, თუმცა ამჯერად, ვაკვირდებით რა ქვეყანაში ავტორიტარული ტენდეციების გაძლიერებას, სამართლებრივი სისტემის ჩამოშლას და ხელისუფლების მიერ საერთაშორისო უფლებადაცვითი ინსტრუმენტების უგულებელყოფის უმძიმეს ხარისხს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აღარაფერს მოვუწოდებთ, თუმცა მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას და ვთხოვთ მინისტრთა კომიტეტს მიიღონ ზომები ანტიდემოკრატიული, ანტიევროპული და ანტი ლგბტი ინიციატივების შესაჩერებლად.

ანგარიშს შეგიძლიათ სრულად გაეცნოთ ბმულზე:
CM/REC(2010)5 - იმპლემენტაციის მონიტორინგი 2019-2024


1 რეკომენდაციის შესრულების პირველი ჩრდილოვანი ანგარიში; ხელმისაწვდომია: https://wisg.org/Data/docs/publications/report/WISG_CM_REC20105_EN.pdf

2 რეკომენდაციის შესრულების მეორე ჩრდილოვანი ანგარიში; ხელმისაწვდომია: https://wisg.org/Data/docs/publications/report/WISG-CMREC-2013-18-GE.pdf

3 საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/359733

4 საქართველოს კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6283110?publication=0

5 საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს მოქმედ 18 კანონში შესატან არაერთ ცვლილებას. ეს კანონებია: სამოქალაქო კოდექსი; შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ საქართველოს კანონი; ბავშვის უფლებათა კოდექსი; ჯანმრთელობის დაცვის შესახებ  საქართველოს კანონი; სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონი; საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ საქართველოს კანონი; ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონი; ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონი; პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონი; უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი; მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი; რეკლამის შესახებ საქართველოს კანონი; სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი; შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონი; საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი; საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი. ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/#law-drafting/28703

6 ხელმისაწვდომია: Georgia: political manipulation and harassment of LGBTI people and human rights defenders have no place in a democratic society - Commissioner for Human Rights

7 ხელმისაწვდომია: https://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL-AD(2024)021-e

8 ხელმისაწვდომია: https://www.coe.int/en/web/commissioner/-/georgian-parliament-should-not-adopt-anti%20lgbti-law-and-should-refrain-from-using-stigmatising-rhetoric

9 დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონი, ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2339687?publication=3

10 საქართველოს კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ,“ ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6283110?publication=0

11 ხელმისაწვდომია: https://www.youtube.com/watch?v=SeFNrR0y1lQ

12 ხელმისაწვდომია: ბიძინა ივანიშვილი - გასაგებია, რატომ არ შევიდა ოპოზიცია ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის განხილვაზე, იმდენად დიდია საზოგადოების რწმენა ქრისტიანობის, ტრადიციებისადმი, ვერ გაბედეს ამის წინააღმდეგ წასვლა - 1TV

13 საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ,“ ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6171895?publication=0