A. კონტექსტი
1. 2023 წლიდან საქართველო ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმის დამყარების გზაზე დგას, რომელსაც მართავს „ქართული ოცნება“. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო პოლიტიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელში ჩაგდების კულმინაცია. ფართომასშტაბიანი, მათ შორის, პროცედურული დარღვევები, დამკვირვებელთათვის ხელის შეშლა, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა და ამომრჩევლებზე არასათანადო ზემოქმედება მიუთითებს მმართველი პარტიის მიერ არჩევნებზე სისტემური მანიპულირების პრაქტიკაზე.
2. „ქართული ოცნების“ არაკონსტიტუციური მთავრობა ახლა (2025 წლის მარტის მდგომარეობით), თავისი ქმედებებითა და კანონშემოქმედებითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, ცდილობს, სწრაფად შეამციროს დარჩენილი სივრცე განსხვავებული აზრისთვის და გააგრძელოს თავისი მმართველობა განუსაზღვრელი ვადით, რითაც სრულად უგულებელყოფს საქართველოს კონსტიტუციურად განმტკიცებულ ევროატლანტიკურ საგარეო კურსს.
3. 2025 წლის მარტის მდგომარეობით, „ქართული ოცნების“ რეჟიმი სრულად უგულებელყოფს ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის, შეკრების თავისუფლებას, რომელიც ფართოდ გამოიყენება ქართველი ხალხის მიერ 2024 წლის 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ გამოაცხადა. რეჟიმმა ფიზიკურად იძალადა და სისტემურად აწამა ასობით დემონსტრანტი ძალის და/ან უცნობი ქიმიური გამღიზიანებლების გამოყენებით, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის გაუარესების გრძელვადიანი ეფექტები. ეს დასაბუთებულია დოკუმენტირებული მტკიცებულებებით, მათ შორის, ისეთი ორგანიზაციების მიერ, როგორებიც არიან IRCT და OMCT (რომელსაც მოგვიანებით მხარი დაუჭირა გაეროს 6-მა სპეციალურმა მომხსენებელმა). „ქართული ოცნების“ ხელისუფლება განსხვავებულ აზრს ახშობს რეპრესიული კანონების მიღებით (ბოლო პერიოდში ინიციირებული კანონპროექტებიდან 86% დაჩქარებული წესით მიიღეს), ასევე, წამოიწყო განსხვავებული პოზიციის მქონე საჯარო მოხელეების წმენდა საჯარო სექტორში. 2024 წლის 19 ნოემბერი - 2025 წლის 28 თებერვლის პერიოდში, არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ინფორმაციით, 1084 პირის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, ხოლო 486 პირი იყო ადმინისტრაციული წესით დაკავებული. ამასთანავე, 2024 წლის აპრილი-მაისის აქციებიდან მოყოლებული, მიმდინარე პროტესტის კონტექსტში, სისხლის სამართის წესით 60-ზე მეტი პირი დააკავეს, რომლებმაც ვერ ისარგებლეს/ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.
4. მებრძოლი სამოქალაქო საზოგადოება (მათ შორის, არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ აქტივისტები და დემონსტრანტები), მედიააქტორები და გარკვეული პოლიტიკური კონკურენციის ხარისხი განასხვავებს საქართველოს სრული ავტოკრატიებისგან. თუმცა, ეს სამი მოქმედი რგოლი სულ უფრო და უფრო ხდება ავტოკრატიის მთავარი სამიზნე. ამას მოწმობს შემდეგი მოვლენები:
- საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმის მიუხედავად, ახალი წევრების ცნობით, საქართველოს პარლამენტმა დაარღვია კონსტიტუცია და საკუთარი რეგლამენტი, რამაც მისი უფლებამოსილება არალეგიტიმური გახადა. შედეგად, არალეგიტიმურია „ქართული ოცნების“ პარლამენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, ახალი პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნა 2024 წლის 29 დეკემბერს.
- საქართველოში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი სრულად არის მიტაცებული და არცერთი დამოუკიდებელი ორგანო აღარ დარჩა, რომელიც წინ აღუდგება „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ მმართველობას. სასამართლო სისტემა, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ფუნქციონირებს სრულად გაუმჭვირვალედ და, კანონის დარღვევით, რეგულარულად უგულებელყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ანტიკორუფციული ბიურო და ცენტრალური საარჩევნო კომისია მოქმედებენ, როგორც პარტიული ინსტრუმენტები, რომლებიც ემსახურებიან მმართველი პარტიის ინტერესებს და არა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებს. პროკურატურა და სპეციალური საგამოძიებო სამსახური რეჟიმის წარმომადგენლების დაუსჯელობას აგრძელებენ.
- ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გარდა, „ქართული ოცნების“ მთავრობამ გააუარესა ურთიერთობები მთავარ საერთაშორისო პარტნიორებთან. 2023 წელს საქართველო გამოვიდა OECD/ACN-ის მონიტორინგის ციკლიდან და გახდა ერთადერთი მონაწილე ქვეყანა, რომელიც მას მხარს არ უჭერს, რაც მიუთითებს ანტიკორუფციული რეფორმებისადმი მის არაკეთილსინდისიერებაზე და ზიანს აყენებს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებს. 2024 წელს ღია მმართველობის პარტნიორობის სამეთვალყურეო კომიტეტმა შეაჩერა საქართველოს წევრობა სამოქალაქო თავისუფლებებისა და ძირითადი უფლებების შემლახველი საკანონმდებლო გადაწყვეტილებების გამო. ანალოგიურად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) ქართულმა დელეგაციამ შეწყვიტა ოპერირება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით. ეს ყოველივე მიუთითებს, რომ საქართველო სულ უფრო მეტად რჩება იზოლირებული კრიტიკული საერთაშორისო პლატფორმებისგან, რაც თანდათან ამცირებს მის სანდოობას და პოზიციებს დასავლელ მოკავშირეებთან.
წაიკითხეთ ანგარიში სრულად ბმულზე:
ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ