search close
picture ანგარიში

ლგბტი ადამიანების უფლებების მდგომარეობა საქართველოში (2021-2025) - ანგარიში გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის 45-ე სესიისთვის

23 ივლისი 2025

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“, „თანასწორობის მოძრაობასა“ და „თბილისი პრაიდთან“ ერთად, ILGA EUROPE-თან თანამშრომლობით, გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში, UPR-ის სამუშაო ჯგუფს წარუდგინა ანგარიში საქართველოში ლგბტი ადამიანების უფლებების შესახებ 2025 წლის მდგომარეობით.

ლგბტი ორგანიზაციების კოალიციის მიერ მომზადებულ ჩრდილოვან ანგარიშში შეფასებულია წინა მიმოხილვის (2021) შემდეგ სოგი-სთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულების კუთხით მიღწეული შედეგები და  ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობა.

ანგარიში იყენებს შერეულ მეთოდოლოგიურ მიდგომას, რომელიც აერთიანებს ეროვნული კანონმდებლობის მიმოხილვას, სამოქალაქო საზოგადოების მონიტორინგის ანგარიშებს, საერთაშორისო დაინტერესებული მხარეების შეფასებებს, კვლევების შედეგებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, საჯარო განცხადებებს, გაშუქებას მედიაში და კონფიდენციალურ კონსულტაციებს ადამიანის უფლებათა დამცველებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დოკუმენტირებულ საქმეებს.

UPR-ის მესამე ციკლში (2021) საქართველომ სოგი-სთან დაკავშირებული 21 რეკომენდაციიდან 19 მიიღო, რითაც დისკრიმინაციისა და ძალადობისგან უკეთ დაცვის შესახებ ვალდებულება აიღო. თუმცა, წინა მიმოხილვის შემდეგ, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული თავისუფლებების შევიწროებას მიჰყო ხელი.

მიღებული 19 რეკომენდაციიდან არცერთი არ შესრულებულა სრულად - 17 კვლავ შეუსრულებელი რჩება, ხოლო 2 ნაწილობრივ შესრულდა.

2022-დან 2025 წლამდე ქვეყანამ მნიშვნელოვანი უკუსვლა განიცადა ადამიანთა, მათ შორის ლგბტი ადამიანთა, უფლებების უხეში დარღვევის მიმართულებით. ეს პერიოდი აღინიშნა შემზღუდავი ანტი-ლგბტ კანონმდებლობის მიღებით, მათ შორის ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ჯანდაცვის, გენდერის სამართლებრივი აღიარების, მშვიდობიანი შეკრების უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების აკრძალვით, რაც ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ვალდებულებებსა და მათ შესრულებას შორის უფსკრული იზრდება.

ლგბტი ადამიანები მათი უფლებების სისტემატურ რღვევას, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი მტრული დამოკიდებულების გამწვავებას და შედეგად, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან მზარდ გარიყვას განიცდიან. შეფერხდა გენდერული თანასწორობის კუთხით მიღწეული პროგრესი. გაუქმდა ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე ორიენტირებული ზომები და დაუსჯელი რჩება გენდერული ძალადობა, განსაკუთრებით, როცა მას სამართალდამცავი ორგანოები სჩადიან.

მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღება საეტაპო მნიშვნელობის იყო, მისი არასაკმარისი აღსრულება ბოლო წლებში უფრო ფართო ინსტიტუციურ რეგრესს ასახავს. საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ჩარჩოთი გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებებთან დაკავშირებით.

წინამდებარე ანგარიში დეტალურად აფასებს მდგომარეობას შემდეგ საკითხებზე: საკანონმდებლო და პოლიტიკური უკუსვლა; სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და ფიზიკური დაუცველობა; გენდერის სამართლებრივი აღიარება (LGR); ტრანსსპეციფიკური ჯანდაცვის უარყოფა; ინტერსექსი ადამიანები და ფიზიკური ავტონომია; მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება: ულტრამემარჯვენე ჯგუფების ძალადობა და სახელმწიფოს უმოქმედობა; 2021 წლის 5 ივლისს თბილისი პრაიდის ძალადობრივი ჩახშობა; 2023 წლის 8 ივლისს ულტრამემარჯვენე დაჯგუფების მიერ პრაიდის ფესტივალზე თავდასხმა; ლგბტი თემთან დაკავშირებული მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აკრძალვა; 

ჩრდილოვანი ანგარიშის ბოლოს მოცემულია თითოეულ ამ საკითხთან მიმართებით გაცემული რეკომენდაციები.

ანგარიში ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია ბმულზე:

ლგბტი ადამიანების უფლებების მდგომარეობა საქართველოში (2021-2025)