წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების დამოკიდებულების შეფასება ლგბტ ადამიანების მიმართ, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა რეკომენდაციებისა და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება ჰომო/ბი/ტრანსფობიის დასაძლევად ქვეყანაში. კვლევისას გამოყენებული იქნა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი მეთოდები. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში გამოიკითხა 18-65 წლის ასაკობრივი ჯგუფის 2 000 რესპონდენტი. კვლევა რეპრეზენტატულია ასაკის, სქესის და ადგილმდებარეობის მიხედვით.
კვლევამ აჩვენა, რომ:
- ლგბტი ადამიანებზე ძალადობის ფაქტები, უმეტესწილად აღიქმება როგორც ცალკეული და განყენებული შემთხვევები და არა ერთიანი სისტემური ძალადობის ნაწილი. ამასთან, ძალადობად განიხილება მხოლოდ ფიზიკური შეურაცხყოფა. ფსიქოლოგიური ზეწოლა, მარგინალიზაცია, ბულინგი, მკურნალობის იძულება, სახლიდან გამოგდება, ძალადობის სხვა ფორმები, ისევე როგორც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ხშირად არც კი აღიქმება ძალადობად ან უფლებების დარღვევად;
- რაოდენობრივმა კვლევამ აჩვენა, რომ ნეგატიური განწყობები ლგბტ ჯგუფის მიმართ საკმაოდ ძლიერია საქართველოში. ამასთან, ცალკეული ჯგუფის მიმართ დამოკიდებულებები გასხვავდება ერთმანეთისგან როგორც სიმძაფრით, ისე ბუნებით. რესპონდენტები უფრო ნეგატიურ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ ბისექსუალი და გენდერულად არაკონფორმული კაცების მიმართ, ვიდრე ბისექსუალი და გენდერულად არაკონფორმული ქალების მიმართ;
- ლესბოსელებისა და გეების მიმართ დამოკიდებულებები ერთნაირად ნეგატიურია;
- ნაცნობობა/კონტაქტი ლგბტი ჯგუფის წევრებთან პოზიტიურ გავლენას ახდენს როგორც ატიტუდებზე, ისე დამოკიდებულებაზე ჯგუფის უფლებრივი მდგომარეობის მიმართ. ამასთან, ის რესპონდენტები, ვინც უშუალოდ იცნობს ჯგუფის ერთ წარმომადგენელს მაინც, ნაკლებად იზიარებს სტერეოტიპებსა და მითებს ჰომოსექსუალობის შესახებ;
- საზოგადოებაში ბიფობიური განწყობები უფრო მძლავრია, ვიდრე ჰომოფობიური;
- ჰომო/ბი/ტრანსფობიური დამოკიდებულებები თბილისში ყველაზე დაბალია;
- კაცი რესპონდენტები უფრო მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევიან ჰომო/ბი/ტრანსფობიის სკალაზე, ვიდრე ქალები (გამონაკლისს წარმოადგენს დამოკიდებულება ლესბოსელების მიმართ. ქალები უფრო აგრესიულად არიან განწყობილი ლესბოსელების, ვიდრე გეების მიმართ);
- რაც უფრო მაღალ ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება რესპონდენტი, მით უფრო იზრდება ნეგატიური განწყობები ჯგუფის მიმართ.
კვლევის სხვა მიგნებებისა და შედეგების სრულად სანახავად, გადადით ანგარიშის ბმულზე: წინასწარგანწყობიდან თანასწორობამდე: საზოგადოების ცოდნა, ინფორმირებულობა და დამოკიდებულება ლგბტ ჯგუფისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ
კვლევის ანგარიში - “წინასწარგანწყობიდან თანასწორობამდე: საზოგადოების ცოდნის, ინფორმირებულობისა და დამოკიდებულების კვლევა ლგბტ ჯგუფისა და მათიუფლებრივი თანასწორობის მიმართ” – მომზადებულია „ქალთა ინიციატივების მხარდამ ჭერი ჯგუფის” (WISG) მიერ, ევროკავშირის მიერ და ფინანსებული პროექტის „ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო.