2018 წლის 17 მაისს, სათემო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი ანტიჰომოფობიური აქციის “გავიაზროთ 17 მაისი” გაუქმების შედეგად, ლგბტ აქტივისტებმა, ქალაქის 6 ადგილას გამართული პარტიზანული აქციების საშუალებით, სახელმწიფო უწყებებს მიმართეს.
მიმართვა ვაკის პარკში, ფაშიზმე გამარჯვების მემორიალიდან: "17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. აიდაჰოს დღის აღნიშვნა პირველად 2012 წელს ვცადეთ. თუმცა, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მიერ ორგანიზებული კონტრაქციის გამო ვერ შევძელით მსვლელობის დასრულება. 2013 წელს კონტრაქციის ორგანიზება არაფორმალურმა ჯგუფმა კი არა, ლეგიტიმურმა ინსტიტუტმა, ეკლესიამ ითავა. დაშავდნენ აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები. ამ მასშტაბური ძალადობის ფაქტზე რეფლექსიის სანაცვლოდ, 2014 წელს ეკლესიამ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოაცხადა ასე იქცა ეს დღე სიძულვილთან ბრძოლის დღედ, ჰომოფობიის ზეიმად, რომელსაც სიყვარულის სახელით ყოველწლიურად აღნიშნავენ.
პარალელურად, ბოლო წლებში, განსაკუთრებით მომრავლდნენ არაფორმალური ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომლებიც პირდაპირ ქადაგებენ სიძულვილს. თითქმის ყოველდღე ვისმენთ ღია მოწოდებებს სისხლისღვრისა და ძალადობისკენ. ჩვენ კი გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა მხოლოდ პოლიციის კორდონისა და უსაფრთხოების გაძლიერებული პირობების დაცვით გვიწევს. ეს რეალობაა, რომელიც მხოლოდ ჩვენ, მოქალაქეთა მხოლოდ ერთ ჯგუფს არ გვეხება. თუ საზოგადოების წევრებმა არ გავაცნობიერეთ საფრთხეები, რომლებიც მსგავსი ფაშისტური და ექსტრემისტული ჯგუფების გაძლიერებას შეიძლება მოჰყვეს, თუ სახელმწიფომ არ გააკეთა მკაფიო განაცხადი, რომ გამოხატვის თავისუფლება არ ფარავს ძალადობისკენ მოწოდებასა და შუღლის გაღვივებას ცალკეულ ჯგუფებს შორის, ხვალ საზოგადოების სხვა ჯგუფებსაც საკუთარი აზრის გამოხატვა მხოლოდ პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებს მოუწევთ.
ეს აქცია საღამოს დაგეგმილი და აწ უკვე გაუქმებული აქციის პარალელურად იგეგმებოდა. თუმცა, არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, ჩვენთვის ამ აქციის გამართვას კიდევ სხვა დატვირთვა მიეცა. ჩვენთვის სიმბოლურია რომ, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს, მოგმართოთ სწორედ ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალიდან - გავერთიანდეთ, რათა ფაშიზმმა არ გაიმარჯვოს."
პარტიზანული აქციების მიმართვების სრული ტექსტები ქალაქის 6 სხვადასხვა ადგლიდან შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://wisg.org/ka/news/detail/179