"როცა შენთვის სწორედ იდეა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ემსახურები და მნიშვნელოვანია ის, რომ შენ კი არ ილაპარაკო ემანსიპაციაზე და თავისუფლებაზე, არამედ აჩვენო, რომ ამაზე საუბრის, გაცნობიერების, გაანალიზების შესაძლებლობა აქვს რიგით მოქალაქეს, რიგით ქალს, და ამის ჩვენება არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე შენ დაჯდე და 2 საათიანი ლექცია წაიკითხო ამ თემაზე - აი, ეს არის სწორედ ის, რაზეც ლიას ნამდვილად ნაფიქრი აქვს და ნამდვილად ეს არჩევანი არის მისი, მისი კადრსმიღმული საქმიანობაც მისი არჩევანია." - ლელა გაფრინდაშვილის ეს ფრაზა დაკვირვებული შეფასებაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უნიკალური ფემინისტი აქტივისტის და დოკუმენტალისტის, ლია ჯაყელის შემოქმედებასა და ხედვაზე.
1999 წელს, იმ დროს, როცა ძალიან ცოტა ადამიანი თუ ჯგუფი აკეთებდა ფემინიზმთან ღიად და ხმამაღლა აფილაციას, ლია ჯაყელმა "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე" დააარსა და კამერა იმ ქალებისკენ მიმართა, რომლებსაც, თავისივე სიტყვებით, "ძალიან ბევრი რამე აქვთ სათქმელი და ბევრი რამ - უთქმელი, რომელიც გარეთ არის გამოსატანი. მიმაჩნია, რომ ვიდრე დაჩაგრული ჯგუფების დღის წესრიგს მათი მხარდამჭერები ადგენენ, მანამდე ეს აქტუალურია."