search close

ხათუნა თავდგირიძე - ქალ-ღვთაებები ქართულ ფოლკლორში (ფემინისტური ფორუმი, 2022)

11 იანვარი 2023

ზოგადქართული კულტურა, რომელიც ბუნებრივად აგრძელებს პროტოქართულ ანთროპოლოგიურ, მითოსურ და რელიგიურ უძველეს წარმოდგენებს, თავისი ღრმა საზრისებით მატრიარქალურია. ,,დიდი დედისკულტი თვისობრივად პროტოქართული ფენომენია, რომელიც ვლინდება სხვადასხვა დონეზე, განსაკუთრებით, მითორელიგიურ სისტემებში, და იგი წარმოადგენს მთელი ხმელთაშუა ზღვის რეგიონის რელიგიებისთვის კარგად ცნობილი Terra Mater ან Tellus Mater-ის, როგორც ყველა არსების მშობელი დიდი დედის, ქართულ პარალელურ ვერსიას. პატრიარქატული პერიოდიდან ,,დიდი დედის კულტი და მასთან დაკავშირებული მთლიანი სისტემა (პანთეონი, სოციალურ-რელიგიური იერარქია და ..) სუსტდება, თუმცა, რა თქმა უნდა, სრულად ვერ ქრება.


საქართველოს სხვადასხვა კუთხის მითოლოგიურ სისტემებში კარგად არის შემონახული მატრიარქალური მითოსახეების, ფენომენებისა და სტრუქტურების პატრიარქატული სქემებით ჩანაცვლების ხანგრძლივი პროცესი: ღვთაებათა პანთეონის დიდ ზეციურ ტრიადაში თითქმის გაუჩინარდა ტრიადის მეორე წევრის - მზექალის (,,დღე-დღესინდელი) სახე; დიდი დარგობრივი ქალღმერთები ,,გადამრავლების ტენდენციით დაკნინდნენ (დალი//დალები; ტყაშმაფა/ტყაშმაფები); კოსმოგონიურ სისტემებში .. ,,მდედრული მითები, სადაც მითოსურად რეპრეზენტირებულია ქალის ფიზიოლოგიური შობადობის უნარი (Terra Mater-ის ფუნქცია) სრულად ჩანაცვლდა .. ,,მამრული მითებით - მამრი ღვთაების შესაქმეებით (კრეაციული აქტები სიტყვით, გონებით და ..), ასევე გაჩნდნენ ზეციური მამის თავიდან, ბარძაყიდან, მხრიდან და .. შობილი ღვთაებები და მითიური გმირები.

 

სოციორელიგიურ ყოფაშიც დაკნინდა ქალის ძველი დომინანტური ადგილი: ქალთა, როგორც პირველქურუმის სტატუსი გაუქმდა, მაშინ როდესაც ფშავ-ხევსურულ ანდრეზული (მითოსური) ხანიდან პირველი ქადაგები (ქურუმები) ქალები იყვნენ - ხევსურეთში - მინანი და ფშავში - სანათა; ქალი მშობიარობისა და მენსტრუაციის პერიოდში გამოცხადდა ,,უწმინდურად და მოხდა მათი გაყვანა სპეციალურ ადგილებში (სამრელო, ქოხი, ბოსელი), მაშინ როდესაც თავდაპირველად ეს ადგილები ითვლებოდა ერთ შემთხვევაში ნაყოფიერების ღვთაების (,,ბოსელა), ხოლო სხვა შემთხვევაში ქალთა სქესობრივი მოწიფულობის ინიციაციურ-ლიმინალურ რიტუალურ ადგილებად და არა დისკრიმინაციულ ,,განკვეთის ცენტრად. ეს და სხვა უამრავი სოციორელიგიური თუ არქაულ-მითოსური რეალია ცხადყოფს ქალის, როგორც ,,დიდი დედისა და ნაყოფიერება-სიყვარულის ძლიერი ქალღმერთის და მასთან დაკავშირებული არქეტიპული ფენომენების დომინანტურ გავლენას ქართულ კულტურაში, სოციალურ ყოფაში და სხვა, უხსოვარი დროიდან დღემდე.


მომხსენებელი: ხათუნა თავდგირიძე - ფოლკლორისტი, ფილოლოგიის დოქტორი, ქართულ-ამერიკული უნივერსტიტეტის პროფესორი.
@khatunatavdgiridze1871

ფემინისტური ფორუმი, 6 ოქტომბერი, 2022
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
https://wisg.org/
Facebook: WISG.org
Instagram: thisiswisg