ქრონიკული ტკივილისას ტკივილი ადამიანის კულტურულ სამყაროსთან ურთიერთქმედებს. ქრონიკული ტკივილის შეგრძნებებს ნაკლები ყურადღება ეთმობა: როგორ შეიძლება ამ ტკივილმა მიგვიყვანოს ტანჯვამდე? შესაძლებელია კი მისი მართვა ყოველდღიურ ცხოვრებაში? როგორ შეიძლება ითქვას უარი ტრავმის და ტკივილის იგნორირებაზე, დამალვაზე, მინიმუმამდე დაყვანაზე? ქრონიკული ტკივილის პროცესების გაგება კომპლექსური საკითხია, რომელიც ბევრ ცვლადთან იკვეთება: გეოგრაფიული მდებარეობა, გარემო, პოლიტიკური სისტემა, კულტურა, ტრადიციები, გენდერი, პრაქტიკა. სხვადასხვა ფაქტორმა შეიძლება გააძლიეროს ტკივილი ან შემოაბრუნოს ეს მუდმივი ტანჯვის მდგომარეობა კეთილდღეობისკენ. მეცნიერული ლიტერატურა, გრძელვადიანი ეთნოგრაფიული კვლევები, რომლებიც პაციენტთა გამოცდილებებს ეყრდნობა, საუბრობენ იმ იმპულსებზე, რაც ქრონიკული ტკივილის მდგომარეობის შენარჩუნებაში მონაწილეობს, ან ზრდის და ამცირებს ტკივილს.
მომხსენებელი ქრონიკულ ტკივილებზე საუბრისას როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციური ტკივილებს მოიაზრებს; ადამიანების მზარდი რაოდენობა იტანჯება ქრონიკული სხეულებრივი და მენტალური ტკივილებით - ეს პროცესია, რთული და მსუბუქი ეპიზოდებით, მაგრამ ხანგრძლივი და მრავალფეროვანი გამოცდილებით. რა კავშირებია სხეულს, ფიზიკურ გარემოსა და ცნობიერებას შორის, როგორია ტკივილის მენტალური და სხეულებრივი მეხსიერება და შიშები მომავალ განგრძობით ტკივილზე, რაც წარსულსაც და მომავალსაც აწმყოშივე ანადგურებს? როგორ გვრცხვენია და გვეშინია ადამიანებს ქრონიკული ტკივილების და ამ ტკივილების სადმე მონიშვნის, როცა კაპიტალისტურ და პატრიარქალურ სისტემას ჩვენი გამართული სხეულები სჭირდება და ასეთ სისტემებში, თითქოს, ტკივილიანი სხეულით ვერც ზრუნვას და ვერც სამუშაოს მიიღებ.
მოხსენება ჩაწერილია ფემინისტურ ფორუმზე, რომელიც "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" ორგანიზებით 2022 წლის 6-9 ოქტომბერს გაიმართა.
ფორუმის სხვა სესიების ვიდეო ჩანაწერები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს YouTube არხზე:
Facebook: @WISG.org
Instagram: @thisiswisg