ცოდნის ზოგადი იერარქიებისა და მათში ფემინისტური ცოდნის მარგინალიზაციის კრიტიკასთან ერთად, ფემინისტი მკვლევრები და აქტივისტები ხმამაღლა საუბრობენ თავად ფემინისტურ ცოდნაში არსებულ იერარქიებსა და ძალაუფლებრივ უთანასწორობაზე. ისეთი ბინარული ცნებები, როგორებიცაა: დასავლეთი/მესამე სამყარო, აკადემიური/აქტივისტური, თეორიული/გამოცდილებითი, და ა.შ., ფემინისტური ცოდნის წარმოების პროცესებშიც ოპერირებენ და ექსკლუზიასა და მარგინალიზებას იწვევენ. ერთ-ერთ ბოლო შემთხვევას, როდესაც ეს იერარქიული განსხვავებები კვლავ შეშფოთების საგანი გახდა, წარმოადგენდა ფემინისტებს შორის დებატები უკრაინაში რუსეთის ომზე „სათანადო ფემინისტური პასუხის“ შესახებ. ბევრმა უკრაინელმა ფემინისტმა დაადანაშაულა ფემინისთა გლობალური თემი არსებული კონტექსტის უგულელყოფასა და კოლონიური, დასავლეთის პოზიციას დამორჩილებული, ანტი-მილიტარისტული და პაციფისტური პათოსის მქონე კეთილგანზრახულ მოწოდებებში. ამ დებატებმა გვაჩვენა, რომ აუცილებელია არა მხოლოდ ის, რომ ფემინისტმა მკვლევრებმა და აქტივისტებმა გადაიაზრონ, თუ რას უნდა გულისხმობდეს კონკრეტულად მილიტარიზმისა და ნაციონალიზმის საკითხებზე ფემინისტური რეაქცია, არამედ ისიც, ზოგადად, შეიძლება, ან უნდა არსებობდეს თუ არა, ერთი ფემინისტური პოზიცია ან შეთანხმებული ღირებულებები. და თუ კი, როგორ ვიხელმძღვანელოთ ამით კონკრეტულ ისტორიულ მოვლენათა გაგებისას. პანელისტებს ვთხოვეთ, განეხილათ ამ პრობლემურ საკითხთა სხვადასხვა ასპექტი, მათი განსხვავებული გამოცდილებებისა და ადგილმდებარეობის მიხედვით.
სპიკერები: ნარგიზა არჯევანიძე, ნუკრი ტაბიძე, ჰამიდა გიასბაილი