Author: Christine Caldwell, Lucy Leighton
Title: Dance/Movement Therapy, Women’s Rights, and Feminism: The First 50 Years Journal: Am J Dance Ther (2016) 38:279–284
DOI: 10.1007/s10465-016-9230-4
Publisher: American Dance Therapy Association; Springer
Date of publication: October 7, 2016 (published online)
© American Dance Therapy Association 2016
A link to the original article: https://link.springer.com/article/10.1007/s10465-016-9230-4
ცეკვითი/მოძრაობითი თერაპია, ქალთა უფლებები და ფემინიზმი: პირველი 50 წელიწადი
ქრისტინ ქოლდუელი
ონლაინ პუბლიკაცია: 7 ოქტომბერი, 2016
ამერიკის ცეკვითი თერაპიის ასოციაცია 2016
აბსტრაქტი
აღნიშნული სტატია ერთ-ერთია იმ ექვსი სამეცნიერო ესედან, რომელსაც წინამდებარე ჟურნალი ამერიკის ცეკვითი თერაპიის ასოციაციის 50 წლის იუბილის აღსანიშნავად გვთავაზობს. წინამდებარე სტატია ქალთა უფლებებისა და ფემინისტური მოძრაობების პერსპექტივიდან მოგვითხრობს ცეკვითი/მოძრაობითი თერაპიის 50-წლიანი ისტორიის შესახებ. ცეკვითმა/მოძრაობითმა თერაპიამ მოახერხა, ფსიქოკონსულტირებაში პატრიარქალური მიკერძოებულობის ველი გაერღვია და, ამასთან, წლების განმავლობაში კულტურული დისკურსისათვის ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა. თუმცა, ამ დარგში გამოქვეყნებული პუბლიკაციების ისტორიული ანალიზი ფემინიზმისა და ქალთა უფლებების გარშემო არსებული დისკურსების და ინტერსექციურობის ნაკლებობასა და სიმწირეზე მიუთითებს. როგორც არ უნდა შევეცადოთ, რომ ინტერსექციურობის ნაკლებობასა და არატოლერანტული პრაქტიკების არსებობაში მხოლოდ ქალთა და ფემინისტური მოძრაობები დავადანაშაულოთ, უნდა ითქვას, რომ ცეკვითი/მოძრაობითი თერაპიაც იგივე მახეში გაება. ავტორთა მოსაზრებით, ქცევითი/მოძრაობითი თერაპიის დარგს, მომდევნო 50 წლის მანძილზე, შეუძლია, უმთავრესად, აღიჭურვოს ისე, რომ სხეულზე ცენტრირებული პერსპექტივიდან შეიტანოს წვლილი აქტივიზმის, მულტიკულტურალიზმის და სოციალური სამართლიანობის გარშემო არსებული დისკურსების განვითარებაში.
საკვანძო სიტყვები:
ცეკვითი/მოძრაობითი თერაპია, ფემინიზმი, სოციალური სამართლიანობა, მრავალფეროვნება, ქალთა უფლებები.
კრისტინ ქოლდუელი Caldwell@naropa.edu
ლიუსი ლეიტონი lleighton@students.naropa.edu
ნაროპას უნივერსიტეტი, ბოულდერი, აშშ
ბოლო ორმოცდაათი წელი, კერძოდ შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით მდიდარი და ნაყოფიერი აღმოჩნდა ქალთა მოძრაობების, ფემინიზმისა და ცეკვითი/მოძრაობითი თერაპიისათვის (DMT/ცმთ). რაკი ცეკვითი/მოძრაობითი თერაპიის დარგში წარსულსა და აწმყოშიც კვლავინდებურად ქალები დომინირებენ, აღნიშნული სამი სოციალური ძალის ისტორიულმა კვეთამ, შესაძლებელია, ჩვენს პროფესიაში, რომელიც მომდევნო 50 წლის ათვლას იწყებს, საინტერესო მიგნებებამდე მიგვიყვანოს. ცეკვითი/მოძრაობითი თერაპიის ისტორიული განვითარებისა და ფემინისტური მოძრაობის რუკების დადარებით, მაგალითად, ნათელი ხდება, რომ ორივე მათგანი იბრძოდა სათანადო ყურადღებისა და ქმედუნარიანობის მოსაპოვებლად, რაკი მათ დანაკლისს განიცდიდა. აღნიშნული კარტოგრაფიული პროექტი როგორც ზეიმის, აგრეთვე თვითრეფლექსიის საბაბს იძლევა.
ცეკვითი/მოძრაობითი თერაპია, როგორც დარგი, შეერთებულ შტატებში, 1960-იანი წლების დასაწყისში, ქალების მიერ ჩაისახა და იშვა. 1942 წლისათვის ცმთ-ს პრაქტიკას შეერთებულ შტატებში, ჰოსპიტალურ პირობებში, უკვე მიმართავდნენ. თუმცა, ის პროფესიად - საკუთარი პროფესიული ორგანიზაციის დაფუძნების გზით - დიდწილად აღმოსავლეთ სანაპიროზე რამდენიმე ქალის გაერთიანებული ძალისხმევისა და დასავლეთ სანაპიროდან სხვა რამდენიმე ქალის ცოდნისა და მხარდაჭერის ხარჯზე ჩამოყალიბდა (ცმთ-ს დარგის ისტორიის შესახებ იხ. Bunney, 2013; Schmais & White, 1996). მართალია, მეტისმეტი კადნიერება იქნებოდა ამ ქალების, ან ნებისმიერი იმ ქალის განსხვავებულ იდენტობებზე დავა, რომელთაც აღნიშნული დარგი განავითარეს, თუმცა სამართლიანი იქნება, თუკი ვიტყვით, რომ ცმთ-ს დიდწილად სწორება ჰქონდა ჰეტეროსექსუალ, სისგენდერ, ჯანმრთელი სხეულის მქონე, თეთრკანიან, საშუალო კლასის ადამიანებზე, რომლებიც თავს ქალად აიდენტიფიცირებდნენ. ბედის ირონიით, ვიდრე კრიტიკა მთლიანად ტრადიციული ფსიქოთერაპიისაკენ არის მიმართული, რაკი მას ტრადიციულად სწორება ჰქონდა მკვდარ, ჰეტეროსექსუალ, თეთრკანიან კაცებზე, და, შესაბამისად, ფსიქოთერაპიის სფეროს უბიძგებდა პატრიარქალური და ზოგჯერ მიზოგინური პერსპექტივიდან დაენახა თერაპიული მკურნალობის გზები, ცეკვით/მოძრაობით თერაპიას აქვს პოტენციალი, გაარღვიოს ეს ნაგულისხმები, უპირობო პატრიარქალური მიკერძოებულობის ველი. რაკი ცეკვითი/მოძრაობითი თერაპია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გამომსახველობით მოძრაობასა და შემოქმედებითობას, ის შეგვიძლია, მაგალითად, განვიხილოთ როგორც მეთოდი, რომელიც ქალებზე ცენტრირებული პერსპექტივიდან ცდილობს გაამდიდროს ჩვენი წარმოდგენები იმის შესახებ, თუ როგორ აღმოცენდება თერაპიული ცვლილება. ისევ და ისევ, ბედის ირონიით, ჩვენს დარგს თვითგამორკვევის მხრივ - თუ რას ნიშნავს იყო ქალებით დომინირებული დარგი - მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადაუდგამს. განსაკუთრებით ბუნდოვანია, თუ რას ვანიჭებთ პრივილეგიას და რის მარგინალიზებას ვეწევით ცმთ თეორიასა და პრაქტიკაში.
ცეკვით თერაპიის ამერიკული ჟურნალის პუბლიკაციებს თვალს თუ გადავავლებთ (AJDT), რომელიც 1970-იანი წლებიდან გამოიცემა, დავინახავთ დარგს, რომელიც დაფუძნებიდან პირველი 10 წლის მანძილზე მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამდა, რათა დოკუმენტურად აესახა საკუთარი წარმოშობა და განესაზღვრა საკუთარი იდენტობა. ჟურნალის არსებობის პირველი წლის განმავლობაში თითქმის უკლებლივ ყველა გამოცემაში შედიოდა ინტერვიუ დარგის რომელიმე დამფუძნებელთან ან რომელიმე პიონერთან ან იბეჭდებოდა სტატია მათი საქმიანობის შესახებ. დასაფასებელია, რომ საწყის ეტაპზე ცმთ აგრეთვე საუბრობდა კულტურასთან დაკავშირებულ საკითხებზე, დოკუმენტურად ასახავდა რა, თუ როგორ უნდა ემუშავათ სხვადასხვა კულტურული წარმომავლობის ადამიანთან. ასევე ბევრი იწერებოდა იმის თაობაზე, თუ რა გავლენა ჰქონდა ცეკვით/მოძრაობით თერაპიაზე არადასავლური ცეკვისა და სულიერი იარების მოშუშების ტრადიციებს. ჩვენს ჟურნალში აღნიშნული ტენდენცია დღემდე გრძელდება და აუდიტორიას მდიდარ მულტიკულტურულ და ინტერნაციონალურ პერსპექტივებს ვთავაზობთ.
თუმცა ფემინიზმისა და ქალთა უფლებების შესახებ დისკურსების არარსებობა აშკარად თვალშისაცემია. ჟურნალში იბეჭდება ნაშრომები, რომელიც ქალებს სწორედ იმ პოპულაციად განიხილავს, რომელსაც ცმთ მიეწოდება. მათ შორის არიან: ინცესტგადატანილი ქალები (Ambra, 1995), ცმთ ქალთა საპყრობილეში (Seibel, 2008), კვებითი აშლილობების მქონე ქალები (Krantz, 1999), ცმთ ნაცემ ქალებთან (Leventhal & Chang, 1991), სიმსივნის დიაგნოზის მქონე ქალები (Ginsburgs & Goodill, 2009), ცმთ ლათინოამერიკული წარმოშობის იმიგრანტ დედებთან (Posada de Valenzuela, 2014), და ქალთა გაძლიერება (Barkai, 2016). თუმცა, უნდა ითქვას, რომ ავტორები და ჟურნალის რედაქტორები ვერიდებოდით ისეთ მოძრაობაში ჩართვას, მათ შორის ქალთა მოძრაობაშიც, რომელიც გარეშე თვალს შეიძლება აღექვა როგორც პოლიტიკურად ორიენტირებული მოძრაობები. შესაძლებელია, რომ საქმე გვქონდეს ინტერნალიზებულ სექსიზმთან? იქნებ ჩვენ, ქალებით დომინირებული დარგი, ძალზე თავაზიანად ვიქცევით? ჟურნალში აქამდე ერთი სტატიაც არ გამოქვეყნებულა, რომელიც ქალთა უფლებებსა თუ ფემინიზმს პირდაპირ ეხება. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე შესანიშნავ გამონაკლისს კონფერენციებზე (Capello, 2012), ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, და 2008 წელს „მულტიკულტურალიზმისა და მრავალფეროვნების საბჭოს“ ჩამოყალიბებას, ამერიკის ცეკვითი თერაპიის ასოციაციმ სულ ახლახანს დაიწყო რასის, კლასის თუ ლგბტქ საკითხების არსებითი გათვალისწინება. თანაც, არ უნდა დავივიწყოთ არსებული რეალობა, რომელშიც აღნიშნული პოპულაციები დომინანტურ კულტურას ხშირად სწორედ სხეულის დონეზე არ ემორჩილებიან და ხშირად აღნიშნავენ, რომ მათი სხეულის მოძრაობა სოციალური კონტექსტების მიხედვით იცვლება (Caldwell, 2013; Thomas, 2015).
მხოლოდ იშვიათად, ზოგიერთი ავტორი თუ შეაბიჯებს აღნიშნულ ტერიტორიაზე, რათა გენდერის კომუნიკაციაში კონსტრუირება იკვლიოს. ისინი ციტირებენ ფემინისტ თეორეტიკოსებს, რომ სხეულის სოციალურ კონსტრუირებაზე იდავონ, და სწავლობენ მოძრაობის სტილის სქესობრივ განსხვავებებს. 2010 წელს, ამერიკის ცეკვითი თერაპიის ასოციაციის მიერ ჩატარებულ კონფერენციაზე წარმოდგენილ ერთ-ერთ სტატიაში ავტორები განიხილავდნენ, თუ რა გამოცდილებები აქვთ კაცებს როგორც ცეკვითი/მოძრაობითი თერაპიის კლიენტებსა და თერაპევტებს, რა სირთულეები და მოწყვლადობები ახლავს აღნიშნულ პროფესიაში კაცების ყოფნას, და აღნიშნავდნენ, რომ ჩვენს სფეროში კაცები წინარერწმენასა და გაუგებრობას აწყდებიან (Capello, 2011). შეერთებულ შტატებში პატრიარქატთან დაკავშირებული ერთადერთი ალუზია, რომელიც წინამდებარე სტატიის ავტორებმა, დაარსებიდან დღემდე, ჟურნალის გამოცემებში იპოვეს, ეკუთვნოდა 2010 წლის კონფერენციის პანელზე ერთ-ერთ გამომსვლელ კაც ავტორს, რომელიც აღნიშნავდა, რომ ცმთ-ს აღმოცენება ქალთა მოძრაობის აღმასვლას დაემთხვა და საუბრობდა იმ სქესობრივი და გენდერული როლების ცვლილებაზე, რომელიც თან ახლდა ამ უკანასკნელს.
სტატიის თარგმანი სრულად იხ. მიმაგრებულ ფაილში
გამოყენებული ლიტერატურა
Ambra, L. (1995). Approaches used in dance/movement therapy with adult women incest survivors. American Journal of Dance Therapy, 17(1), 15–24.
Barkai, Y. (2016). Hair as a resource for women’s empowerment in Dance/movement therapy. American Journal of Dance Therapy, 38(1), 81–97.
Bazelon, E. (2006). The mother of feminism. The New York Times. Retrieved from http://www.nytimes. com/2006/12/31/magazine/31friedan.t.html?_r=0
Caldwell, C. (2013). Diversity issues in movement observation and assessment. American Journal of Dance Therapy, 35(2), 183–200.
Capello, P. (2011). Men in dance/movement therapy: The 2010 ADTA international panel. American Journal of Dance Therapy, 33(1), 18–27.
Capello, P. (2012). Cultural identity and collaboration in dance/movement therapy: The 2001 ADTA international panel. American Journal of Dance Therapy, 34(1), 20–26.
Fetters, A. (2013). Four big problems with ‘‘The Feminine Mystique.’’ The Atlantic. Retrieved from http://www.theatlantic.com/sexes/archive/2013/02/4-big-problems-with-the-feminine-mystique/273069/
Friedan, B. (1963). The feminine mystique. New York, NY: W.W. Norton.
Friedan, B. (n.d.). In Encyclopedia Jewish women’s archive. Retrieved from http://jwa.org/encyclopedia/article/friedan-betty
Ginsburgs, V., & Goodill, S. (2009). A Dance/movement therapy clinical model for women with gynecologic cancer undergoing high dose rate brachytherapy. American Journal of Dance Therapy, 31(2), 136–158.
hooks, b. (1984). Feminist theory: From margin to center. Brooklyn, NY: South End Press.
Krantz, A. (1999). Growing into her body: Dance/movement therapy for women with eating disorders. American Journal of Dance Therapy, 21(2), 81–103.
Leventhal, F., & Chang, M. (1991). Dance/movement therapy with battered women: A paradigm of action. American Journal of Dance Therapy, 13(2), 131–145.
Posada de Valenzuela, M. (2014). Dancing with mothers: A school-based dance/movement therapy group for Hispanic immigrant mothers. American Journal of Dance Therapy, 36(1), 92–112.
Schmais, C., & White, E. Q. (1996). ADTA: Where, when, and how it all began. American Journal of Dance Therapy, 18(1), 5–20.
Seibel, J. (2008). Behind the gates: Dance/movement therapy in a women’s prison. American Journal of Dance Therapy, 30(2), 106–109.
Thomas, E. (2015). The dance of cultural identity: Exploring race and gender with adolescent girls. American Journal of Dance Therapy, 37(2), 176–196.
Vygotsky, L. (2001). Interaction between learning and development. In M. Gauvain & M. Cole (Eds.), Readings on the development of children. New York: Worth Publishers.
ქრისტინ ქოლდუელს მოპოვებული აქვს დოქტორის ხარისხი, აქვს ასევე BC-DMT, LPC, NCC, ACS (მთარგმნელის შენიშვნა: კვალიფიკაციის დამადასტურებელი მანდატები სხვადასხვა ორგანიზაციისგან). ის არის სომატური კონსულტირების პროგრამის დამფუძნებელი და პროგრამის ყოფილი ხელმძღვანელი ნაროპას უნივერსიტეტში, სადაც ასწავლის სომატურ კონსულტირებას, კლინიკურ ნეირომეცნიერებას, კვლევასა და მრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მისი ნაშრომი, „მოძრავი ციკლი“, ფოკუსირდება ბუნებრივ თამაშზე, ადრეულ ასაკში განცდილ ფიზიკურ შთაბეჭდილებებზე, მოძრაობის უწყვეტ, თანმიმდევრულ პროცესებზე, შესაძლებლობებზე, რომელიც ადიქციას ახლავს თან, ასევე სხეულთან დაკავშირებული ავტორიტეტული ცოდნისადმი ნდობაზე. დოქტორი ქოლდუელი ასწავლიდა მერილენდის უნივერსიტეტში, ჯორჯ ვოშინგტონის უნივერსიტეტში, კონკორდიაში, სეულის ქალთა უნივერსიტეტში, საუსვესტერნ კოლეჯში და სანტა ბარბარას მაგისტრატურის ინსტიტუტში. ის ატარებს ტრენინგებს, ასწავლის და ლექციებს კითხულობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. დოქტორ ქოლდუელს გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სტატია და თავი.მის ნაშრომებს შორისაა „ჩვენი სხეულების დაბრუნება“ და „კავშირზე გასვლა“.
ლიუსი ლეიტონი, იკვლევს რა სხეულებრივ ფსიქოთერაპიასა და ცეკვით მოძრაობას, ამჟამად არის სომატური კონსულტირების პროგრამის მაგისტრობის კადიდატი ნაროპას უნივერსიტეტში. ნაროპაში სწავლის დაწყებამდე, ის კვლევითი სტიპენდიით იმყოფებოდა გერმანიაში, ჰამბურგში, სადაც მუშაობდა და აქვეყნებდა სტატიებს ნეირომეცნიერებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ლიუსის აგრეთვე უმუშავია ნიუ იორკში სხეულებრივი ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ჟურნალისათვის. მას როგორც მკვლევარს აინტერესებს, თუ როგორ ზემოქმედებს სისტემური ჩაგვრა განსხეულებაზე. ლიუსი ფლობს ბაკალავრის ხარისხს ფსიქოლოგიასა და გერმანისტიკაში სმიტის კოლეჯიდან. ის ცხოვრობს დენვერში თავის ცოლთან, ერინთან ერთად.
თარგმნა დეა რუსიშვილმა