2020 წლის 8 ოქტომბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა საქმეზე აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ. საქმე პოლიციის მიერ ლგბტ ორგანიზაციის ოფისის დარბევას უკავშირდება, რა დროსაც მათ მომჩივნების მისამართით ჰომოჰობიური და ტრანსფობიური სიძულვილის ენა და მუქარა, ასევე ჩხრეკის შეურაცხმყოფელი, გაშიშვლებითი ფორმა გამოიყენეს. სასამართლომ გადაწყვეტილებაში მე-3 მუხლის (წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) არსებითი და პროცედურული დარღვევა დაადგინა მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) ერთობლიობით.
წინამდებარე ანალიზი უპირველესად განიხილავს საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და სასამართლოს გადაწყვეტილებას, შემდგომ ჩაუღრმავდება მე-3 მუხლისა და დისკრიმინაციის აკრძლვის ურთიერთმიმართებას. საბოლოოდ, დაასკვნის, რომ გადაწყვეტილება ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია დისკრიმინაციისა და მე-3 მუხლით აკრძალული ქმედებების შესაკავშირებლად, ასევე ამ ურთიერთკავშირის განსასაზღვრად. აქვე ამტკიცებს, რომ მე-3 მუხლის არსებითი დარღვევის საკითხისადმი უფრო მეტად პრინციპული მიდგომა მე-3 მუხლის ფარგლებში მოაქცევდა დისკრიმინაციული მოტივითა თუ ჩანაფიქრით განხორციელებულ ნებისმიერ შეურაცხმყოფელ მოპყრობას.
საქმის ფაქტობრივი გარემოებები
საქმეზე სახელმწიფოს მიერ უდავოდ ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია: 2009 წლის 15 დეკემბერს, საღამოს 6-7 საათის პერიოდში, სამოქალაქო სამოსში გამოწყობილმა პოლიციის 17-მა თანამშრომელმა ლგბტ ორგანიზაცია „ინკლუზივში“ მაშინ შეაბიჯა, როდესაც ოფისში მყოფი დაახლოებით 10 ქალი, მათ შორის ორივე მომჩივანი, სამხატვრო გამოფენისათვის მოსამზადებელ სამუშაოს სწევდა. ყოველგვარი ჩხრეკის ორდერისა თუ სასამარლოს გადაწყვეტილების წარდგენის გარეშე, პოლიციელებმა ორგანიზაციის დირექტორი დასაკითხად ცალკე ოთახში გაიყვანეს (მოგვიანებით, ის, ოფისში მარიხუანას შენახვისათვის, დააკავეს), მაშინ როდესაც ოფისში მყოფი ქალები მისაღებ სივრცეში შეაკავეს. მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა ორგანიზაციის ლგბტ პროფილი დააიდენტიფიცირეს, მათი ქცევა აგრესიული და ჰომოჰობიური გახდა, - აჟღერებდნენ ოფისის დაწვის სურვილს, ადგილზე მყოფთ შეურაცხყოფას აყენებდნენ ფრაზებით „ავადმყოფები“/„გარყვნილები“, ემუქრებოდნენ სექსუალური ორიენტაციის საჯარო გახმაურებით და აჟღერებდნენ მუქარებს მათი ოჯახის წევრების მისამართითაც. პოლიციელები დააბნია ოფისში მყოფი ტრანსგენდერი ქალის გენდერულმა იდენტობამ, რომელსაც ჰკითხეს იმ სივრცეში მყოფ ქალებს საერთოდ თუ აინტერესებდათ კაცები.
დაახლოებით 22:30 საათზე, პოლიციელებმა განაცხადეს, რომ ქალებს გაჩხრეკდნენ გაშიშვლებით, - ოფისში მყოფი თითქმის ყველა ქალი ტუალეტში გაშიშვლებით გაჩხრიკა ქალმა პოლიციელმა. დამამცირებელი კომენტარების ფონზე მათ მოუწოდებდნენ გაეხადათ სამოსი, ზოგ მათგანს - საცვლებიც კი. შედეგად, არ შემდგარა ჩხრეკის ოქმი. რამდენადაც არც გახდილი სამოსი დათვალიერებულა, ქალების შეფასებით, აშკარა იყო, რომ მიღებული ზომები მიზნად მხოლოდ მათ დამცირებას ისახავდა. ქალები 23:30 საათისთვის გაათავისუფლეს.
მომჩივნებმა 2010 წლის იანვარში პოლიციისმიერი მოპყრობა სისხლისსამართლებრივი წესით გაასაჩივრეს, რაც ამ დრომდე განხილვის ეტაპზეა. 10 წელზე მეტმა განვლო, თუმცა საჩივრის შესწავლის მხრივ არანაირი ქმედითი ღონისძიება გატარებულა, არც მომჩივნებს მიუღიათ პასუხი დაზარალებულად ცნობის მოთხოვნაზე. შედეგად, მათ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს „პოლიციის მხრიდან დისკრიმინაციული (რეალური თუ ნაგულისხმები სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის) ნიშნით განხორციელებული არასათანადო მოპყრობის“ მტკიცებით, ასევე „ეფექტიანი შიდასაგამოძიებო მექანიზმის არარსებობის გამო, რომელიც მათ შორის გამოარკვევდა არასათანადო მოპყრობის განმაპირობებელ ჰომო/ტრანსფობიურ მოტივს (§ 1).
სასამართლოს გადაწყვეტილება
საქმის ფაქტობრივი გარემოებების, კერძოდ ჰომო და ტრანსფობიური საფუძვლის გათვალისწინებით, სასასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს „თანხვედრით, ორმხრივად შეამოწმოს მე-3 მუხლის დარღვევა მე-14-სთან ერთობლიობთ“ (§ 36), - ამგვარი მიდგომა სასამართლომ 2015 წელს უკვე გამოიყენა საქმეზე იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ.
უპირველესად, სასამართლომ საქმე გააანალიზა მე-3 და მე-14 მუხლების პროცედურულ პრიზმაში, რაც ძალადობრივი შემთხვევების გამოძიებისას სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას „მიიღოს ყველა გონივრული ზომა დისკრიმინაციული მოტივის გამოსაკვლევად“ (§ 38). გაჭიანურებული გამოძიების, ასევე სახელმწიფოს მხრიდან ლგბტ თემის წინააღმდეგ ფესვგადგმული მტრული დამოკიდებულების წინააღმდეგ პრაქტიკაში განუხორციელებელი ღონისძიებების გათვალისწინებით, სასამართლომ მარტივად დაინახა მე-3 მუხლის პროცედურული დარღვევა, მე-14-სთან ერთობლიობაში (§ 40-41).
არსებითი დარღვევის შემოწმებისას სასამართლომ მიიჩნია, რომ „ორ ურთიერთდაკავშირებულ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი“:
„(i) მიაღწიეს თუ არა პოლიციელთა სადავოდ გამხდარმა მოქმედებებმა სიმძიმის აუცილებელ ზღვარს, რათა მოექცნენ კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მოპყრობის ფარგლებში, მე-14 მუხლთან ერთობლიობაში; და (ii) იყო თუ არა ჰომოფობიური ან/და ტრანსფობიური სიძულვილი სადავოდ გამხდარი პოლიციელთა ქმედებების გამომწვევი ფაქტორი […].” (§ 46)
აქვე, სასამართლო დასძენს, რომ ორივე კითხვაზე დადებითი პასუხი (§ 47) განპირობებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობით: 1. სიძულვილის ენისა და შეურაცხმყოფელი ეპითეტების გამოყენებით პოლიცილებმა გაცნობიერებულად დაამცირეს ქალები; 2. მათი ქმედება შეიცავდა მუქარის ნიშნებს, რაც, ერთი მხრივ, უკავშირდებოდა ჰომო/ტრანსფობიურ სოციუმში მათი (ნაგულისხმები) სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და, მეორე მხრივ, - ფიზიკური ძალის გამოყენებას; და 3. გაშიშვლებით ჩხრეკის ჩატარების ერთადერთი მიზანი „მომჩივნებისა და დანარჩენი ქალების შერცხვენა და დამცირება, შესაბამისად, მათი დასჯა გახლდათ ლგბტ თემთან ასოციაციის გამო“ (§ 48).
შედეგად, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელთა მიერ განხორციელებული მთელი რიგი გადაცდომები [..] განპირობებული იყო ჰომო ან/და ტრანსფობიური სიძულვილით, რაც მომჩივნებში აუცილებლად აღძრავდა შიშის, ტანჯვისა და დაუცველობის განცდას, - ანუ გამოიწვევდა ადამიანის ღირსების პატივისცემის უფლებასთან შეუსაბამობას (§ 49). სასამართლოს გადაწყვეტილებით, რამდენადაც ქმედებამ მიაღწია სიმძიმის იმ ზღვარს, რაც გათვალისწინებულია მე-3 მუხლით, მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, სახეზეა ამ მუხლების არსებითი მხარის დარღვევაც (§ 49-50).
არასათანადო მოპყრობა - დისკრიმინაციასთან კავშირი
ტექსტის ეს ნაწილი ამტკიცებს, რომ საქმე აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ აძლიერებს კავშირს კონვენციით გათვალისწინებულ არასათანადო მოპყრობასა და დისკრიმინაციას შორის. კონვენციის მე-3 მუხლის (დამოუკიდებლად ან/და მე-14 მუხლთან ერთობლიობით) პრინციპული განმარტებიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ თანმდევ ნაბიჯად ლოგიკური იქნება სასამართლომ პოლიციელთა მიერ დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი არასათანადო მოპყრობის აბსოლუტური აკრძალვის ავტონომიური შინაარსი ცნოს, რაც თავისმხრივ მოშლის სიმძიმის გარკვეული ზღვრისთვის ან ტანჯვის გარკვეულ ნიშნულამდე მიღწევის შემოწმების საჭიროებას.
აღდგომელაშვილისა და ჯაფარიძის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება საქმეს იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოკვეთა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება „მოახდინოს სიძულვილით მოტივირებული ძალადობის პრევენცია“ (§ 63). სწორედ ამ საქმეში სასამართლომ შეიმუშავა „ორმხრივი“ შემოწმების სტანდარტი სიძულვილით მოტივირებული ძალადობისგან დამცავი მექანიზმებისა და ამგვარი ძალადობის გამოძიების მე-3 და მე-14 მუხლებთან შესაბამისობის საკითხზე. შედეგად, მიუთითა, რომ ლგბტ მსვლელობის მონაწილეები, იმყოფებოდნენ რა მოწყვლად მდგომარეობაში, საჭიროებდნენ „გაძლიერებულ სახელმწიფო დაცვას“ (§ 72), და რომ არასათანადო მოპყრობის გამოძიებას უნდა გამოეკვეთა ჰომო/ტრანსფობიური სიძულვილის მოტივი; წინააღმდეგ შემთხვევაში, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების ჩვეულებრივი დანაშაულების რიგად განხილვა (ანუ რომელთაც დისკრიმინაციული მოტივი არ გააჩნია), სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე ოფიციალური ან თუნდაც მასზე დუმილით გამოხატული ოფიციალური თანხმობის ტოლფასი იქნებოდა (§ 77). იდენტობა-ს საქმეზე სასამართლომ სახელმწიფოს მხრიდან დაცვისა და გამოძიების ვალდებულების დარღვევა დაადგინა.
აღდგომელაშვილისა და ჯაფარიძის საქმე საქართველოს წინააღმდეგ სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულების შუქზე იკითხება, - არ აწამოს და არ მოეპყრას არასათანადოდ. აღნიშნული საქმე ასახავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მზარდ მონდომებას ორმხრივ შემოწმებას დაუქვემდებაროს საჩივრები მე-3 და მე-14 მუხლების თაობაზე; მჭიდროდ აკავშირებს ამ ორ დაცულ სფეროს ერთმანეთთან და მნიშვნელოვან პროგრესად გვევლინება მას შემდეგ რაც სასამართლომ უარყო მე-14 მუხლთან დაკავშირებული მსჯელობა მნიშვნელოვან საქმეზე Ireland v UK (მე-5 მუხლთან დაყენებული საჩივრის ფარგლებში), ასევე საქმეზე Denizci v Cyprus (მე-3 მუხლის ფარგლებში).
ჩვენ რაც შეიძლება გამოვადნოთ სასამართლოს პოზიციიდან საქმეზე აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ, არის ის, რომ არსებობს მინიმუმ სამი შემთხვევა, როდესაც დისკრიმინაციის ფაქტი უშუალოდ უკავშირდება ევროპული კოვენციის მე-3 მუხლის დარღვევის (ხარისხის) დადგენას.
1) დისკრიმინაციამ შესაძლოა დაამძიმოს კონკრეტული მოპყრობა, რაც თავისმხრივ გამოიწვევს მე-3 მუხლისმიერი „ზღვრის“ მიღწევას. ასევე, დისკრიმინაციამ შესაძლოა ისეთი არასათანადო მოპყრობაც დაამძიმოს, რომელიც თავისთავადვე იყო წინააღმდეგობაში მე-3 მუხლთან, - თუმცა სასამართლომ დამატებით ისურვოს ცრურწმენებით განპირობებული არასათანადო მოპყრობის დამამძიმებელი ხასიათის აღარება და ხაზგასმა. როგორც სასამართლომ აღდგომელაშვილისა და ჯაფარიძის საქმეზე განმარტა, იმის მიუხედავად, დისკრიმინაციული მოტივით ქმედების ჩამდენი სახელმწიფოა თუ ინდივიდი, ამგვარი საქმეების განხილვა, მსგავსად სპეციფიკის არმქონე საქმეებისა, მიიჩნევა ფუნდამენტური უფლებების შემბღალავი ქმედების ხასიათისადმი თვალის დახუჭვად (§ 44). ბოლოს, წამების წინააღმდეგ გაეროს კონვენციის პირველი მუხლის შესაბამისად, დისკრიმინაციული მოტივის არსებობამ შესაძლოა არასათანადო მოპყრობა გადააკვალიფიციროს როგორც წამება (თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამის შესახებ აშკარა დასკვნები ევროპულ სასამართლოს არ გაუკეთებია).
2) დისკრიმინაციის კონტექსტმა შესაძლოა სახელმწიფოსთვის გააფართოვოს დაცვის პოზიტიური ვალდებულების ფარგლები და დღის წესრიგში დააყენოს იდენტობას საქმეზე კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში დადგენილი „გაძლიერებული სახელმწიფო დაცვის უზრუნველყოფის ვალდებულება“.
3) ბოლოს, სახელმწიფოს მხრიდან, პოზიტიური ვალდებულებების შესრულებისას, დისკრიმინაციამ ან, საგამოძიებო ვალდებულების განხორციელებისას, მისი (დისკრიმინაციის) აღიარების ან დადგენის უგულებელყოფამ, შესაძლოა, გამოიწვიოს პოზიტიური ვალდებულებების დარღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლების შუქზე.
იდენტობას მსგავსად ამგვარი დასკვნა სასამართლომ იმ არაერთ საქმეზე გააჟღერა, სადაც დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთა პრობლემური გახდა. დისკრიმინაცია, თუ „ფართომასშტაბიანი სტრუქტურული მიკერძოება“ (Volodina v Russia, § 144) დადგინდა ოჯახში ძალადობის საქმეებზე Opuz v Turkey, Talpis v Italy და Volodina v Russia; ასევე, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე Members of the Gldani Congregation of Jehovah’s Witnesses v Georgia.
მიუხედავად სასამართლოსმიერი თანხმობისა, რომ არასათანადო მოპყრობა აუცილებელი წესით არ საჭიროებს ფიზიკურ ჩარევას (მაგ.: Ireland v. the United Kingdom, § 167), აღდგომელაშვილისა და ჯაფარიძის საქმე წარმოადგენს ერთ-ერთ იშვიათ შემთხვევას, როდესაც სასამართლო ძალის ხარისხთან მიმართებით უთითებს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა შეიძლება იყოს არასათანადო მოპყრობა, თუნდაც ფიზიკური კონტაქტის მიუხედავად. კერძოდ, სასამართლოს შეფასებით სამართალდამცავებმა:
სიძულვილის ენისა თუ ვერბალური თავდასხმის გამოყენებით და მიმართვებით, როგორიცაა "ავადმყოფები", "პერვერტები", შეგნებულად დაამცირეს და შეურაცხყვეს მომჩივნები და მათი კოლეგები, ოფისში მყოფი ადამიანების წინაშე. ამასთან, გარდა მომჩივნების პერსონალური შეურაცხყოფისა, ზოგიერთი პოლიციელის მხრიდან განხორციელებული ქმედება შეიცავდა მუქარის ნიშნებს. პოლიციელები სასტიკად მოეპყრნენ ოფისში შეკრებილებს, მათ შორის მომჩივებს, - ყველა მათგანი ლგბტ თემს ეკუთვნოდა, რომლის მდგომარეობა ქვეყანაში, მოცემული დროისთვის, მძიმე იყო[...] - როდესაც მათ ნამდვილი და/თუ აღქმული სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებით და ფიზიკური ძალის გამოყენებით დაემუქრნენ. ძალის გამოყენების მუქარასთან ერთად, ერთმა მათგანმა ოფისის გადაწვის სურვილიც გააჟღერა.
საქმეში მე-3 მუხლის დარღვევის დადგენა განაპირობა ჰომო/ტრანსფობიურმა შეურაცხყოფამ და დაშინების მიზნით ჩატარებულმა გაშიშვლებითმა ჩხრეკამ, რასაც თან ერთვოდა ფიზიკური არასათანადო მოპყრობის მუქარაც. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო ერთობლიობაში აფასებს ამ ქმედებების შესაბამისობას მე-3 მუხლის მინიმალურ ზღვართან, გაჭირდება დამოუკიდებლად თითოეული ეპიზოდისთვის მსგავსი დასკვნის გაკეთება. თუმცა, გადაწყვეტილების ანალიზისას, შეგგვიძლია დავუშვათ, რომ ჰომო/ტრანსფობიური განზრახვით განხორციელებული შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა, ძალადობის მუქარის გარეშეც, საკმარისი იქნებოდა სასამართლოსთვის დაედგინა მე-3 მუხლის დარღვევა; რამეთუ საქმე უთითებს პრინციპული მიდგომის შესახებ, რომლის თანახმადაც, სამართალდამცავთა მხრიდან დისკრიმინაციული მოტივით, ან ამგვარი მიზნით, ინდივიდების დამცირება და სიტყვიერი შეურაცხყოფა, არღვევს კონვენციის მე-3 მუხლს.
დისკრიმინაციამ, როგორც ადამიანის ღირსების შელახვის საშუალებამ რომ, შესაძლოა, თავადვე დაარღვიოს კონვენციის მე-3 მუხლი, გაჟღერებულა სხვა საქმეშიც (East African Asians case), სადაც ჯერ კიდევ ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ, რასობრივი დისკრიმინაციის შუქზე, განმარტა, რომ ამგვარმა დისკრიმინაციამ, გარკვეულ ვითარებაში, შესაძლოა, თავად მიაღწიოს მე-3 მუხლით გათვალისწინებული დამამცირებელი მოპყრობის ფარგლებს (§ 196). აღნიშნულს განაპირობებს რასობრივი ნიშნით დიფერენცირებული მოპყრობისთვის პირთა ჯგუფის საჯარო გამოყოფა, რაც, გარკვეულ ვითარებაში, წარმოადგენს ადამიანის ღირსების შელახვის განსაკუთრებულ ფორმას (§ 207). ამ წესზე რეფერირება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2001 წელს მოახდინა საქმეზე Cyprus v Turkey, როდესაც დაადგინა, რომ თურქეთის მიერ ოკუპირებული კვიპროსის ნაწილში ბერძენ-კვიპროსელების მიმართ, მათი ეთნიკური წარმოშობისა და რელიგიის ნიშნით განხორციელებულმა დისკრიმინაციულმა მოპყრობამ მიაღწია დამამცირებელი მოპყრობის დონეს (§§ 309-310).
მე-3 მუხლის ეგალიტარული საფუძველი ჯეროვნადაა აღიარებული სასამართლოს პრაქტიკაში, ასევე გათვალისწინებულია ადამიანის ღირსების წინააღმდეგ მიმართული ისეთი უსასტიკესი ქმედება, როგორიცაა წამება, რაც მსხვრპლის ადამიანურიბის მოშლას გულისხობს (Bernstein 2015). ამასთან, მე-3 მუხლის აბსოლუტური ხასიათი ეგალიტარულია, რამდენადაც თავად უფლებაა უპირობო: მე-3 მუხლით დაცულია ყველა, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის, საიდან არის ან რა აქვს გაკეთებული. შესაბამისად, მე-3 მუხლის სასამართლოსმიერი შემდგომი ინტერპრეტაცია, რაც გულისხმობს დისკრიმინაციული მიზნითა და მოტივით დამცირების ან მუქარის აბსოლუტურ აკრძალვას, ემთხვევა მე-3 მუხლის საფუძვლიან წაკითხვას, მისი ეგალიტარული საწყისების შუქზე.
წინამდებარე გადაწყვეტილების ზოგად ნაწილში (§ 42), სასამართლო მოიხმობს ჩანართს Bouyid-ის გადაწყვეტილებიდან (§ 101), რომლის მიხედვითაც სამართალდამცავთა მხრიდან vis-à-vis ინდივიდის მიმართ განხორციელებული ისეთი ქმედება, რაც პიროვნების ღირსებას ლახავს წარმოადგენს მე-3 მუხლის დარღვევას, - საქმეში ამგვარი ქმედება დაკონკრეტებულია, როგორც სახეში გარტყმა. მნიშვნელოვანია, რომ მე-3 მუხლის „ზღვარი“ არ გულისხმობს უხეშად კონკრეტული ტანჯვის ხარისხს ან ხელშესახებ ზიანს (რისი რაოდენობრივი განსაზღვრაც ასევე პრობლემურია, იხ, აგრეთვე ბლოგპოსტი პატიმრების საქმეზე), რისი მიღწევაც ადამიანის ღირსებასთან შეუთავსებელი ქმედებითაა შესაძლებელი. მართლაც საქმეები Bouyid, ასევე აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე წარმოადგენს ექსპრესიული ზიანის სიმძიმის ილუსტრაციას: ამგვარი ზიანი არ აისახება ფიზიკურ ტკივილში, დაზიანებაში ან მძიმე ტანჯვის სხვა ფორმებში, არამედ იმ შეტყობინებაში, რომელსაც ასეთი მოპყრობა ატარებს „სხვის“ სტატუსთან მიმართებით. სამწუხაროდ, ამ პრინციპების გამოყენებისას სასამართლო სრულად არ ასრულებს Bouyid-ის გადაწყვეტილებაში დადგენილ „ღირსების დაცვის პირობას“, თუმცა მაინც ხაზს უსვამს „ყველაფრის გათვალისწინებით“ არასათანადო მოპყრობის გავლენას (მეტწილად დაზარალებულთა შიშსა და ტანჯვას), ნაცვლად იმისა, აშკარად დაადგინოს, რომ ადამიანის ღირსების შელახვა განპირობებული იყო მომჩივნების დისკრიმინაციული დამცირებითა და შეურაცხყოფით, რაც თავისთავად არღვევს მე-3 მუხლს.
მიუხედავად ამისა, მე-3 მუხლის ფარგლებში ანტიდსიკრიმინაციული სტანდარტის „გამკაცრება“ მნიშვნელოვანი განვითარებაა, რაც აღნიშვნასა და სიხარულს იმსახურებს. კავშირი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლებს შორის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნეგტიური ვალდებულების ფორმირებისთვის, მსგავსად განხილული საქმისა - არ აწამო და არ მოეპყრა არასათანადოდ, არამედ მე-3 მუხლის ფარგლებში პოზიტიური ვალდებულების განსასაზღვრადაც. სახელმწიფოთა მხრიდან პოზიტიური ვალდებულების შესრულებისას დისკრიმინაციისთვის სივრცე აღარ რჩება: როგორც აღდგომელაშვილისა და ჯაფარიძის საქმეში სასამართლო განმარტავს, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან მე-3 მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური ღირებულებები უზრუნველყონ დისკრიმინაციის გარეშე (§ 35). ამ მოთხოვნათა აბსოლუტურმა, შეურყევმა ხასიათმა შესაძლოა გავლენა იქონიოს პოზიტიური ვალდებულებების ფარგლების გავრცობაზე იმ პირთა მიმართ, რომელთა დაცვას სახელმწიფოები ნაკლებ-პრიორიტეტულად მიიჩნევენ, მსგავსად მიგრანტებისა, პატიმრებისა და სხვა მრავალი „სხვისა“.
*სტატიის ორიგინალური ვერსია, ინგლისურ ენაზე, თავდაპირველად გამოქვეყნდა Strasbourg Observers-ზე. Strasbourg Observers აკადემიური ბლოგია, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დონეზე უკანასკნელ განვითარებებს მიმოიხილავს.