search close
picture

პატრიშია გეროვიჩი | სიცოცხლისა და სქესის საკითხები (ტრანსგენდერული ფსიქოანალიზი)

24 დეკემბერი 2021

დოქტორი პატრიშია ეროვიჩი არის ფსიქოანალიტიკოსი, ანალიტიკური ხელმძღვანელი და ნიუ-იორკის აპღე-კუ ფსიქოანალიტიკურ ასოციაციის (Apres-Coup Psychoanalytic Association New York) უფროსი წევრი, ანალიტიკოსი, სამეცნიერო ხელმძღვანელი და ფაკულტეტის წევრი.

„ტრანზიცია რომ არ გამევლო, მკვდარი ვიქნებოდი, თავს მოვიკლავდი“. როგორც ფსიქოანალიტიკოსი ამას ხშირად ვისმენ ანალიზანდებისგან, რომლებიც ტრანსგენდერებად იდენტიფიცირდებიან. როდესაც ვინმე ასეთ დრამატულ აღიარებას აკეთებს, საქმე გენდერულ ფლუიდურობაზე მეტად ახლებური ყოფნის გზის პოვნას ეხება. გენდერებს შორის საზღვრის გადაკვეთა ხშირად განიხილება, როგორც მომაკვდინებელი ბარიერის გადალახვა, გარდაუვალი დაღუპვიდან შესაძლო აღორძინების გზაზე გადასვლა. ჩემმა კლინიკურმა პრაქტიკამ მასწავლა, რომ ხშირად იმ ანალიზანდების დილემა, რომლებიც ტრანსგენდერებად იდენტიფიცირდებიან, ეგზისტენციალურ საკითხებზეა დამოკიდებული: იმის მიღმა, რასაც „გენდერზე შფოთვის“ (Gender Trouble) სახელით ვიცნობთ, ხშირად საქმე სიკვდილ-სიცოცხლის საკითხებს ეხება.

2010 წელს საჭიროდ ჩავთვალე, ჩემი პრაქტიკიდან მიღებულ გაკვეთილებზე დაყრდნობით რეფლექსიისათვის წიგნი დამეწერა იმ პაციენტებზე, რომლებიც ტრანსგენდერებად იდენტიფიცირდებოდნენ, სახელწოდებით - „გთხოვთ, აირჩიოთ თქვენი გენდერი: ისტერიის გამოგონებიდან ტრანსგენდერიზმის დემოკრატიზაციამდე“. ამ წიგნში შეჯამდა ჩემი გამოცდილება იმ რეფორმის პერიოდში, რომელმაც მოახდინა იმის კონსოლიდაცია, რასაც მე გენდერული ნონკონფორმიზმის „დემოკრატიზაციას“ ვუწოდებ; ასევე, განსხეულების არანორმატიული ფორმების პროგრესულ ხილვადობას, რასაც დიდწილად განაპირობებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველა სახის პოპულარულ კულტურაში ტრანს გამოცდილების მზარდი პოპულარიზაცია და მედიაში ხილვადობა.  ამ ევოლუციამ, რომელსაც მართებულად უწოდეს მეტეორული, სიტყვა „ტრანს“ ყოველდღიურ ტერმინად აქცია. კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ახლანდელი საზოგადოებრივი დისკურსი ტრანსგენდერული გამოცდილებით განიმსჭვალა, არის ის, რომ სულ უფრო და უფრო ხშირად ვიყენებთ ტერმინს „სისგენდერი“ იმ ადამიანების აღსაწერად, რომელთა გენდერი ემთხვევა მათთვის დაბადებისას მინიჭებულს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვა უკვე ორი ათწლეულია არსებობს, „სისგენდერის“ სასაუბრო მეტყველებაში დამკვიდრება მრავალმხრივადაა მნიშვნელოვანი. „სისგენდერი“, „ტრანსგენდერის“ აშკარა ალტერნატივა, ახალი პარალელიზმის შემოყვანით, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სექსუალობისა და სექსუალური იდენტობის ნორმალიზებას. ასევე, ეს არის მოძრაობა გენდერული მრავალფეროვნებისა და სექსუალური არაკონფორმულობის დეპათოლოგიზაციისაკენ. „სისგენდერის“ გამოყენების ერთ-ერთი შედეგია - ჰეტეროსექსუალობის სავარაუდო უნივერსალობაზე დაფიქრება. როგორ გახდა ჰეტეროსექსუალობა სტატუს ქვო? არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ჰომოსექსუალობას მიიჩნევდნენ აბერაციად, გადახრად, თუმცა იყო ისეთი პერიოდები, როგორც მაგალითად, ათენში, ძვ. წ. V საუკუნეში, როდესაც ეს სრულად იყო მიღებული. ბოლო დრომდე არავინ ლაპარაკობდა „ჰეტეროსექსუალებზე“, რადგან ყველა მიიჩნევდა, რომ ჰეტეროსექსუალობა ნორმა იყო. რა თქმა უნდა, ამ ტიპის ტერმინოლოგია იდეოლოგიურად დატვირთულია და ნორმისა და დევიაციის კულტურულად კონსტრუირებულ იდეებს გამოხატავს. როგორც ჯონათან ნედ კატცმა გვიჩვენა თავის წიგნში „ჰეტეროსექსუალობის გამოგონება“, 1923 წლამდე ტერმინი „ჰეტეროსექსუალობა“ „ავადმყოფურ სექსუალურ ვნებას“ აღნიშნავდა. ამჟამინდელი გამოყენება მომდინარეობს ტერმინიდან, რომელიც გულისხმობდა ქალსა და მამაკაცს შორის სიამოვნებისთვის სექსით დაკავების ლეგიტიმაციას, რაც ცხადყოფს, თუ როგორ ხდება კონსტრუირება ნორმებისა, რომლებიც ხშირად არც ისე შორს დგანან ტრანსგრესიისგან.

ფროიდი ყოველთვის ეჭვქვეშ აყენებდა ნორმალურობის იდეას ადამიანის სექსუალობაში. მან შეამჩნია, რომ სექსუალობა არის არა „სწორი“ (straight), არამედ „მრუდე“ (skewed) და „უცნაური“ (queer) - მას არ გააჩნია კონკრეტული ობიექტი (კმაყოფილების გარდა), ის ახირებული და თავნება გზებით მოქმედებს და მასზე დომინირებს ლტოლვა (drive), სასაზღვრო ცნება სხეულსა და ენას შორის. სწორედ გადახრაა ნორმა. ანალოგიურად, ტერმინი „სისგენდერი“ ხაზს უსვამს იმას, რომ როგორც ტრანსი, ისე არა-ტრანსი ადამიანებისთვის გენდერის მიღება არ არის სწორხაზოვანი პროცესი და, რომ ჰეტეროსექსუალობის მსგავსად, „სისგენდერიზმიც“ ისტორიულად და კულტურულად არის განპირობებული. ამიტომაც ის არ უნდა მივიჩნიოთ მოცემულობად, არც ნორმალურობის ეტალონად და არც ბუნებრივ ხვედრად.

ბოლო წლების განმავლობაში კონსერვატიული მოსაზრებების აღზევების მიუხედავად, ტრანს გამოცდილება ეჭვქვეშ აყენებს გენდერისა და ზოგადად იდენტობის აღქმის დე ფაქტო ტრადიციულ გზებს. ტრანსგენდერები, სხვა გენდერულ დისიდენტებთან ერთად, საკუთარ სხეულში ბინადრობის ახალ გზებს გვთავაზობენ. როდესაც ჩვენ იდენტობის ცნებების ცვლილებას ვაკვირდებით, ჩვენი წარმოდგენები იმის შესახებ, თუ როგორ უკავშირდება გენდერი  სხეულს, სადავო ხდება და ახლდება. ეს სოციალური ცვლილება აისახება მასალაზე, რომლებიც კლინიკურ პრაქტიკაში გვესმის და ფსიქოანალიზის პრაქტიკის ფორმას აყალიბებს.

1990-იან წლებში, ფილადელფიაში ჩემი ფსიქოანალიტიკური კაბინეტის მშვიდ მარტოობაში, ერთი წუთითაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ გენდერის შესახებ ჩემი იდეების გადახედვა მომიწევდა და იდენტობის პოლიტიკის ღრმა წყლებში ჩავიძირებოდი. მაგრამ ერთ დღეს ჩემი ზოგიერთი პაციენტის ნაამბობიდან უჩვეულო რაღაცები გავიგე. საკმაოდ ბევრი სვამდა ისეთ კითხვას, როგორიცაა: „ჰეტეროსექსუალი ვარ, თუ ბისექსუალი?” თავიდან ვიფიქრე, რომ ეს კითხვები სექსუალური ორიენტაციის შესახებ ეფუძნებოდა იმას, თუ რა ტიპის სექსუალურ პარტნიორს ანიჭებდნენ უპირატესობას, რომ აინტერესებდათ, იყვნენ თუ არა ჰეტეროსექსუალები. მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ისინი გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ საკითხს ეხებოდნენ და სინამდვილეში გულისხმობდნენ: „კაცი ვარ, თუ ქალი?“ ან „რა არის ქალი?“ ესაა საშუალება საკუთარი თავის შესახებ უფრო ზოგადი კითხვის დასმისა: „ვინ ვარ მე?“ ამან მიბიძგა მათი გაურკვევლობა დამეკავშირებინა უფრო ზოგადი პრობლემისთვის, რომელიც აწუხებს მრავალ ტრანს ადამიანს, რომელთათვისაც, შეიძლება ითქვას, ეს კითხვა წარმოადგენს პასუხს: მათ იციან, ვინც არიანქალი, კაცი თუ სრულიად სხვა ვინმე და ისინი იცვლებიან (სოციალური პრეზენტაცია, გენდერული როლები, იურიდიული დოკუმენტები, სხეულები), რათა უკეთ ასახონ საკუთარი იდენტობა. ეს ადამიანები ეძებენ უფრო მოსახერხებელ განსხეულებას. ისინი თავიანთ თვითშეგნებას გამოხატავენ ისეთ განცხადებებში, როგორიც ერთი ანალიზანდისგან მოვისმინე: „მე დაბადებიდან მაქვს ყველაზე ცუდი დეფექტი, რომელიც ქალს შეიძლება ჰქონდეს: დავიბადე პენისით და სათესლე ჯირკვლებით”, ან კიდევ: „დაბადებისას გოგო მიწოდეს, მაგრამ ჩემი ნამდვილი მე მამრობითია. ჩემს სხეულში თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი, ქალად ყოფნა ყოველთვის უცნაური იყო.“

როდესაც ადამიანი სექსუალური იდენტობის შინაგან გრძნობას მის მიერ დასახლებულ სხეულთან მიმართებაში გადააწყობს, დაბადებისას მინიჭებული სქესისგან განსხვავებული გენდერის განსხეულების შესაძლებლობა გულისხმობს, რომ სხეულის მატერიალურობა მაშინვე არ მოგვეცემა. გამოთქმა „სხეულის ქონა“ გვიჩვენებს, რომ ადამიანი არ წარმოადგენს საკუთარ სხეულს. ჩვენ არ გვაქვს უშუალო, ბუნებრივი ურთიერთობა ჩვენს სხეულებრივ არსებასთან. გარდა ამისა, სხეული არ არის ფიქსირებული არსი, არამედ მოითხოვს განსხეულების პროცესს, სხეული ქმნადობაა. სხეული არ არის მხოლოდ ორგანოთა კრებული, არამედ ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდება კულტურა, საზოგადოება და ხორცი. სინამდვილეში, ეს პროცესი ყოველთვის მიმდინარეობს და, შესაბამისად, ადამიანს არასოდეს შეუძლია სრულად აკონტროლოს საკუთარი სხეული. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ გვაცდუნებდა ისეთი სლოგანები, როგორიცაა „დაიბრუნე საკუთარი სხეული“. სად „მიდიან“ ჩვენი სხეულები, რომ მათი „დაბრუნება“ გვჭირდება? რატომ ვცდილობთ მუდმივად სხეულის მოთვინიერებას დიეტებითა და ვარჯიშებით? ჩემი არგუმენტი აქ მარტივია: ის ანალიზანდები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ დაბადებისას მინიჭებულ გენდერს, აღმოაჩენენ გათიშულობას სხეულის სუბიექტურ გამოცდილებასა და მის მატერიალურ რეალობას შორის. მაგრამ ეს არ არის განსაკუთრებული გამოცდილება. სინამდვილეში, ტრანს გამოცდილება ააშკარავებს განსხეულების უნივერსალურ პროცესს - სქესობრივი და მოკვდავი სხეულის მიღების პრობლემებს. როგორც სისგენდერებისთვის, ისე ტრანსგენდერებისთვის სწორედ სექსუალური განსხვავება წარმოადგენს თავსატეხს.

როდესაც გამოვაქვეყნე ნაშრომი გთხოვთ, აირჩიოთ თქვენი გენდერი, არ ველოდი, რომ აღმოვჩნდებოდი გენდერული როლების მრღვეველ მედია-ტალღაზე, რომელმაც ყველაფერი წალეკა ამერიკულ წარმოსახვითსა (Imaginary) და პოპ-კულტურაში; ამ ცუნამმა მოიცვა ფსიქიატრიული და ფსიქოანალიტიკური პრაქტიკის დიდი ნაწილიც; ფსიქოანალიტიკოსებმა დაიწყეს გენდერისა და სექსუალობისადმი კლასიკური მიდგომების ეჭვქვეშ დაყენება. ამიტომ ჩემი ბოლო წიგნი - „ტრანსგენდერული ფსიქოანალიზი: ლაკანიანური პერსპექტივა სექსუალური განსხვავების შესახებ“, მიზნად ისახავს მიღწევებისა და დანაკარგების შეფასებას, ახალი ტენდენციების შესწავლას და ორიგინალური კონცეფციების ჩამოყალიბებას, რომლებიც აუცილებელია იმის გასააზრებლად, რაც ამ მოკლე დროში მოხდა. ტრანსგენდერი ადამიანების მედია საშუალებებით გაშუქების მზარდი ტენდენციის მიუხედავად, რაც განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში გამოიკვეთა, ტრანსგენდერი თემი კვლავ რჩება ნაკლებად გამოკვლეულ პოპულაციად, იმ დისციპლინისგან დამოუკიდებლად, რომელიც ამ სამუშაოს საფუძველს ადგენს. ეს სიტუაცია კიდევ უფრო მკვეთრად იკვეთება ფსიქოანალიზის სფეროში.

ამერიკაში ტრანსგენდერული გამოცდილების ყველაზე თვალსაჩინო ვერსიები, თუ არსებული მედიის რეპრეზენტაციებით ვიმსჯელებთ, ხშირად ეწინააღმდეგება იმას, რასაც კლინიკურ პრაქტიკაში ვისმენ ანალიზანდებისგან, რომლებიც ტრანსგენდერებად იდენტიფიცირდებიან. ხშირად გენდერული ტრანზიცია საჯაროდ ისე არის წარმოდგენილი, როგორც სამომხმარებლო არჩევანი, ცხოვრების წესის არჩევა, რომელიც შეგვიძლია გარეუბანში გადასვლას, მოწევაზე უარის თქმას ან ვეგეტარიანელობას შევადაროთ. ჯენიფერ ფინი ბოილანის (2003) მტკიცებით, ტრანს გამოცდილება სწორედ ამის საპირისპიროა: „ეს ხაზგასმით არ არის ის, რაც „ცხოვრების წესია“. და არ არის იმაზე მეტად, ვიდრე კაცად ან ქალად ყოფნაა ცხოვრების წესი. […] ქალად ყოფნა არ არის, რასაც აკეთებ იმის გამო, რომ ჭკვიანი ან პოსტმოდერნული ხარ, ან იმის გამო, რომ დაბნეული, შეშლილი ნარცისი ხარ“ (გვ. 22). გარდა ამისა, ჯეი პროსერი შენიშნავს, რომ ტრანსგენდერად ყოფნა შეიძლება იყოს მისწრაფება, რაც ადამიანის მთელ ცხოვრებას მოიცავს: „შინაურული ხუმრობა ამბობს, ტრანზიცია სწორედ ისაა, რითაც ტრანსსექსუალები არიან დაკავებულები (ჩვენი საქმიანობა, ისეთივე შრომატევადი, როგორც კარიერა)” (კურსივი აქ ავტორისაა).

დღესდღეობით, ტრანს სხეული სექსუალური განსხვავების პოლიტიკის სოციალური ბარომეტრი გახდა. თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ საზოგადოებაში სექსუალური განსხვავების ტრადიციული ნიშნების თანდათანობით, მაგრამ მზარდ გაქრობას, შეგვიძლია შევნიშნოთ ზოგადი მოძრაობა გენდერის მეტად ფლუიდურობისაკენ. ფსიქოანალიზი გთავაზობს კულტურული და იდეოლოგიური ბატონობის ჰეტერო-პატრიარქალური და ჰეტეროსექსისტული ფორმების მძლავრ კრიტიკას. მიუხედავად იმისა, რომ ქვიარ თეორეტიკოსებმა, მაგალითად ტიმ დინმა, კრის ლეინმა, ლი ედელმანმა და ლორენ ბერლანტმა, დაადგინეს, რომ ფროიდის ლტოლვის თეორია არღვევს ჰეტერონორმატიულობის ბინარულობასა და ნორმალურობის ილუზიას სექსუალობაში, წლების განმავლობაში კლასიკური ფსიქოანალიზი სქესის და სექსუალობის არანორმატიული გამოხატულებების პათოლოგიზებას ახდენდა. რედუქციულ დამახინჯებებსა და მიკერძოებულ ინტერპრეტაციებზე დაყრდნობით, ტრანსგენდერული გამოცდილებები პათოლოგიზებული იყო (განზოგადებული ვარაუდი იყო, რომ „ტრანსსექსუალების“ უმეტესობა ფსიქოტიკურია). რამდენიმე წლის განმავლობაში ტრანს გამოხატვების დეპათოლოგიზაციას ვცდილობდი. ბევრმა კრიტიკოსმა აჩვენა, რომ ტრანს და ფსიქოანალიტიკურ დისკურსებს შორის კრიტიკული თანამშრომლობის საფუძვლები უფრო მეტია, ვიდრე წინააღმდეგობის. მე მტკიცედ მწამს, რომ ტრანს გამოცდილებას შეუძლია შეცვალოს ფსიქოანალიტიკური პრაქტიკა, რადგან ზიგმუნდ ფროიდისა და ჟაკ ლაკანის არაერთი ნაშრომი მოიცავს დიდ პოტენციალს გენდერის არანორმატიული გაგებისთვის, განსაკუთრებით როგორც ეს ტრანს ადამიანების ცხოვრებას მიემართება. ფსიქოანალიზს სერიოზული გარდაქმნა სჭირდება და ახლა სწორედ ამის დროა.

ათწლეულების განმავლობაში ფემინისტები ფსიქოანალიზს დიდი ეჭვით უყურებდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ ისეთ პატრიარქალურ ცნებებს, როგორიცაა „პენისის შური“. თუ ლაკანი სრულად არ უარყოფს ფროიდის „ფალოცენტრიზმს“, ის რადიკალურ პოლიტიკურ ჩარევას აკეთებს. მისი სექსუალობის თეორია სადავო ფალოსს ახლებურად განსაზღვრავს, არა როგორც ხორცშესხმულ ორგანოს, არამედ როგორც აღმნიშვნელს, სიმბოლურ ინსტრუმენტს, რომელსაც შემოაქვს განსხვავება. ფალოსი არ არის მხოლოდ პენისი, როგორც ეს ფროიდთან იყო, სხეულის ორგანო, რომელიც სექსუალობას, ანატომიურ სქესსა და სიმბოლურად კონსტრუირებულ გენდერს განმარტავს. ლაკანი გვთავაზობს ახალ ტერმინს - სექსუაცია, რომელიც შლის სექსუალური იდენტობის ცნებებს, როგორც სქესს (ბიოლოგიურ სუბსტრატს), ან გენდერს (სოციალურად კონსტრუირებულს). ფსიქოანალიზისთვის სექსუალური განსხვავება არც სქესია და არც გენდერი, რადგან ვერც ერთი ტერმინი ვერ გადმოსცემს რადიკალურ ნეგატიურობას, რომელიც სექსუალური განსხვავების ფსონზეა დადებული. ეს არის შეუძლებლობა, რომელსაც, როგორც სიკვდილს, ყველა სუბიექტი უნდა დაუპირისპირდეს იძულებითი არჩევანის გაკეთებით. ცოტა ხნის წინ, ალენკა ზუპანჩიჩმა (2017) შემოგვთავაზა მოსაზრება, რომ არსებობს ფუნდამენტური ნეგატიურობა, დესტრუქციული არასტაბილურობა, რომელიც მოქმედებს სექსუალობაში; ჩიხი, რომელიც ფსიქოანალიზის ფილოსოფიური პრობლემაა.

არაცნობიერში არ არსებობს მასკულინურ-ფემინური ოპოზიციის გამოხატულება ან სიმბოლო. სექსუალური იდენტობა ყოველთვის არასაიმედოა, რადგან ჩვილი ხდება სქესობრივი, (გაუცნობიერებლად) ნორმალური და დასრულებული სექსუალური პოზიციონირების სრული სიმბოლიზების გარეშე. ფსიქოანალიზი ცდილობს გაარკვიოს არამხოლოდ ის, თუ როგორ არ შეესაბამება სექსუალობა მის მარეგულირებელ სოციალურ ნორმებს, არამედ ისიც, თუ როგორ ხდება სხვადასხვა ფანტაზიის კონსტრუირება ამ სტრუქტურული მარცხის დასაფარად.

რაც ლაკანიანურ ფსიქოანალიზს განასხვავებს სექსუალობის შესახებ სხვა დისკურსებისგანარის ის, რომ იგი წინა პლანზე სწევს სექსუალობისთვის დამახასიათებელ სტრუქტურულ ჩიხს. ლაკანმა გააფართოვა ფროიდის მიერ აღმოჩენილი პარადოქსები; ფროიდი აღნიშნავს, რომ მართალია არსებობს ორი სქესი, მაგრამ არ არსებობს კონცეფცია, რომელიც ახსნის ამ ვარაუდს. ფროიდი წერდარომ დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ, „როდესაც ვხვდებით ადამიანს, პირველი განსხვავება, რომელსაც ვაფიქსირებთ, არის „კაცია“ ის, თუ „ქალი“? და თქვენ შეჩვეული ხართ იმას, რომ ამას ასკვნით დაუყოვნებლივ, სრული დარწმუნებით“. მიუხედავად ამისა, წერს ის, „არ შეიძლება „მამრობითის“ და „მდედრობითის“ ცნებებს რაიმე ახალი შინაარსი მივანიჭოთ. ეს განსხვავება არ არის ფსიქოლოგიური”. მაშინაც კი, როდესაც ჩვენ სრულიად უარვყოფთ გენდერულ დაყოფას, აშკარაა, რომ უცნობთან შეხვედრისას აღქმისა და კლასიფიკაციის ყველაზე ფუნდამენტური საშუალებები ლოგიკური ნახტომის გაკეთებას ეფუძნება. ერთადერთი, რაც გენდერებს შორის არსებობს, სწორედ რომ უთანაზომო განსხვავებაა. სიცარიელის ამოვსების სანაცვლოდ, ლაკანმა ამ სიცარიელეში შეაბიჯა თავისი გამონათქვამით: „სექსუალური ურთიერთობა არ არსებობს”.

იყო ქალი, კაცი ან სრულიად სხვა ვინმე - მხოლოდ ერთ-ერთია წარუმატებლობის მრავალი შესაძლებლობიდან. იდენტობის ან ობიექტის არჩევის სექსუალურ საკითხებში ყველა მარცხდება. ლაკანის ფორმულა - „სექსუალური ურთიერთობა არ არსებობს”, არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები არ კავდებიან სექსით, არ უყვარდებათ ერთმანეთი, ან მეტ-ნაკლები საეჭვოობით არ ვარაუდობენ სექსუალურ იდენტობას, არამედ გულისხმობს იმას, რომ არსებობს რაღაც ადამიანის სექსუალობაში, რაც არსებითად შეუსაბამო, თავისთავად უთანაზომო და შეუთავსებელიც კია. სისგენდერ კაცებსა და ტრანსგენდერ ქალებს შორის, ტრანსგენდერ კაცებსა და სისგენდერ ქალებს შორის, ტრანსგენდერ კაცებსა და ტრანსგენდერ კაცებს შორის, ტრანსგენდერ კაცებსა და ტრანსგენდერ ქალებს შორის, ტრანსგენდერ ქალებსა და ტრანსგენდერ ქალებს შორის, სისგენდერ ქალებსა და სისგენდერ ქალებს შორის, სისგენდერ კაცებსა და სისგენდერ კაცებს შორის, სისგენდერ კაცებსა და სისგენდერ ქალებს შორის, სხვა არაფერია განსხვავების გარდა. ყველა კომბინაცია შესაძლებელია, მაგრამ სიმეტრია არ არსებობს. პრობლემა, რომელსაც კლინიკურ პრაქტიკაში ვაწყდებით, ყოველთვის სექსუალობის ამ შეუთვისებელ ასპექტს უკავშირდება. „სექსუალური განსხვავება“ შესაძლოა სცდება სექსუალობის ცნების ფარგლებს, რადგან ის განსხეულების საკითხებს უკავშირდება - სქესის მქონე და მოკვდავ სხეულში ცხოვრების პრობლემებს.

სწორედ ამიტომ, ჩემს მიმდინარე კლინიკურ სამუშაოზე დაყრდნობით ფსიქოანალიტიკურ პაციენტებთან, რომლებიც ტრანსგენდერებად იდენტიფიცირდებიან, ვამტკიცებ, რომ ისინი, ვინც სქესობრივ ტრანზიციას გადიან, ხშირად ამას იმიტომ აკეთებენ, რომ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხებს ეჭიდებიან. ანალიტიკოსებმა რომ შეძლონ სერიოზულად მიუდგნენ სექსუალობაში ჩაწერილი სიკვდილის არსებობას, და ამგვარად გადაიაზრონ თავიანთი პრაქტიკაისინი წამოიწყებდნენ პრაქტიკას, რომელიც იხელმძღვანელებდა სექსუალური განსხვავების ეთიკით, რომელსაც ჯამში „ტრანსგენდერულ ფსიქოანალიზს“ ვუწოდებ. შესაძლოა ეს ტენდენცია ლაკანმა წინასწარ განჭვრიტა, როდესაც ერთხელ მიმართა ტირესიასის ფიგურას, მითიური ქალ-კაცისას, რომელიც ასევე ნათელმხილველი იყო, როგორც მისაბაძ მაგალითს ყველა ფსიქოანალიტიკოსისთვის, ფსიქოანალიზის სპეციალურ მცველს ან მფარველს - მფარველ წმინდანს.

ოვიდიუსის მიერ მოთხრობილი ლეგენდის მიხედვით, ტირესიასი წინასწარმეტყველი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც ორჯერ შეიცვალა სქესი. ცნობილია, რომ იუპიტერმა ჰკითხა ტირესიასს, თუ ვინ უფრო მეტ სიამოვნებას იღებდა სექსისგან, კაცები თუ ქალები. ტირესიასმა, რომელსაც ორივე სქესის გამოცდილება ჰქონდა, ღმერთებს გაანდო უდიდესი საიდუმლო: ქალები სექსით ცხრაჯერ უფრო მეტ სიამოვნებას იღებენ, ვიდრე კაცები. გააფთრებულმა ქალღმერთმა იუნონამ, რომელიც ამტკიცებდა, რომ მამაკაცები უფრო მეტ სიამოვნებას იღებდნენ, ვიდრე ქალები, არაკეთილგონიერების გამო ტირესიასი სიბრმავით დასაჯა; ხოლო იუპიტერმა, კომპენსაციის სახით, მას წინასწარმეტყველების ნიჭი უბოძა. ის, რაც ლაკანმა ტირესიასში აღმოაჩინა, იყო არა იმდენად დენატურალიზებული სექსუალობის მოდელი, არამედ უფრო გააზრება იმისა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა ანატომიას, არამედ სექსუალურ ტკბობას, ტკივილისა და სიამოვნების ფეთქებად ნაზავს, რომელსაც ლაკანმა უწოდა jouissance.

როდესაც საქმე სექსუალურ განსხვავებას ან სექსუაციას ეხება, რომელიმე მხარე უნდა ავირჩიოთ. არსებობს „მამრობითი მხარე“, რომელიც უკავშირდება ფალურ სიამოვნებას და „მდედრობითი მხარე“, რომლის სიამოვნების ფორმა სრულად არ ექვემდებარება ფალოსს. ეს ორი პოზიცია განისაზღვრება არა ბიოლოგიით, არამედ არაცნობიერი ინვესტიციების ლოგიკით, იმ დონემდე, რომ, მაგალითად, სისგენდერ კაცს შეუძლია საკუთარი თავი მდედრობით მხარეს მიაწეროს. ანატომიის ბორკილებისგან გათავისუფლებული ვარაუდი გენდერული პოზიციონირების შესახებ მეტყველებაში თვითავტორიზაციას უკავშირდება. აქ მოიაზრება ის, რომ სუბიექტის, როგორც სექსუალური არსების (კაცი, ქალი ან სხვა ვინმე) ავტორიზაცია საკუთარი თავიდან მომდინარეობს; ანუ, სექსუალური განსხვავების საკითხებში ადამიანი საკუთარ ნებას ეყრდნობა. ამრიგად, სექსუალური პოზიციონირება არის ორაზროვნების არე ავტორსა (ნაწარმოების შემთხზველსა) და ავტორიტეტს (ძალაუფლების ან კონტროლის მქონეს) შორის, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს როგორც ავტორის, ისე ავტორიტეტის ფუნქციას. ეს ფრაზა ლაკანის ცნობილი აფორიზმის ვარიანტია: „ანალიტიკოსი საკუთარ თავს აძლევს ნებართვას.” ესაა იძულებითი არჩევანი, რომელიც არ არის დამოკიდებული დიდ სხვაზე (ზნეობრივი მოვალეობა, კანონი, ინსტიტუციური თუ სოციალური ადათ-წესები და სხვა). საკუთარი თავის, როგორც კაცის, ქალის ან საერთოდ სხვა ვინმეს სახით ავტორიზაციისათვის საჭიროა ეთიკური გადაწყვეტილების მიღება ისევე, როგორც იმ პოზიციის აწონ-დაწონისას, რომელიც ანალიტიკოსმა უნდა მიიღოს. აქ ფსიქოანალიტიკური ეთიკა ხვდება სექსუალური განსხვავების ახალ ეთიკას.

ფსიქოანალიზის მფარველ წმინდანად ტირესიის არჩევა ცალსახად გვეუბნება იმას, რომ ფსიქოანალიზმა ტრანს გამოცდილებიდან მეტი უნდა ისწავლოს და, რომ ეს ერთადერთი გზაა მომავლისკენ, რომელიც მონიშნულია გენდერული და სხეულებრივი დისიდენტობის ყოველნაირი ფორმით. შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ სწორედ ტირესია მისცა რჩევა ოიდიპოსს მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა აღმოაჩინა, რომ თებეში რაღაც რიგზე ვერ იყო. ფროიდმა ასევე შეითვისა ტირესიასის მახასიათებლები. როდესაც ყბის სიმსივნეს ებრძოდა, ფროიდმა გაიკეთა ტაინახის ოპერაცია”, რომელსაც სამედიცინო ჟარგონზე „კასტრაციას“ უწოდებენ, რადგან ეს მარტივი ვაზოლიგატურაარომელიც, როგორც ის იმედოვნებდა, დაეხმარებოდა დაავადებასთან გამკლავებაშიშემატებდა ენერგიას და თავს ისევ ახალგაზრდად აგრძნობინებდაშტაინახის კროსგენდერული ონადური იმპლანტანტები და მისი გაახალგაზრდავების“ ოპერაციები (ან რეაქტივაცია, როგორც მათ თავად შტაინახი უწოდებდა) ემყარებოდა ვარაუდებს დაბერების პროცესისა და ენდოკრინული სექსუალური ფუნქციების შესახებ; ეს იყო სქესის კვლავმინიჭების ყველა შემდგომი სამედიცინო პრაქტიკის საწყისი. 1920-იან წლებში „შტაინახის ოპერაცია თავისი მარადიული ახალგაზრდობის დაპირებით ძალიან პოპულარული გახდა და ათასობით ოპერაცია გაკეთდა მთელ მსოფლიოს მასშტაბით. ფროიდმა საკუთარი სისხლითა და ხორცით დაამტკიცა, რომ ფსიქოანალიზმა სექსუალური პრობლემა დარვინისეული ინსტიქტებისა და ევოლუციის კონცეფციის ფარგლებს მიღმა უნდა გაიტანოსიგი იძულებული იქნება იმოძრაოს სასიკვდილო ლტოლვის მიმართულებით, იმ იმედით, რომ კიდევ უფრო წინ წაიწევს, თვით სიკვდილის ფარგლებს მიღმა.

ტირესიასიც სიკვდილს მიღმა მოგზაურობს. ჰომეროსის “ოდისეაში”, როდესაც ოდისევსი მას გამოიხმობს, ტირესიასი უკვე მკვდარია და ქვესკნელის ჩრდილებს შორის ბინადრობს. მისი გამოხმობის მიზნით, მას სარიტუალო სისხლს სთავაზობენ, რათა აღდგომის შემდეგ, ოდისევს გაუმხილოს, თუ როგორ უნდა დაბრუნდეს სახლში. ტირესიასი განასახიერებს ჭეშმარიტებას, რომელიც სიცოცხლესა და სიკვდილს აღემატება. თუ დღეს ჩვენს განჯადოებულ სამყაროში მოჩვენებებისათვის სისხლის შეთავაზებაზე საუბარი უცნაურად ჟღერს, ეს მეტაფორა გვეუბნება რომ ჩვენ - ფსიქოანალიტიკოსებმა, ჩვენი ცოცხალი სუბსტანციის შეთავაზებით ასეთი უძველესი ალეგორიები უნდა გავაცოცხლოთ. თუ ეს საშუალებას მოგვცემს გადავლახოთ გენდერისა და სექსუალობის ნორმატიული იდეოლოგიები და სიცოცხლისა და სიკვდილის საზღვრების გადალახვის შიში, მაშინ მოგზაურობა ღირებული იქნება.

პატრიია ეროვიჩი, დოქტორი, ფსიქოანალიტიკოსი და ანალიტიკური ხელმძღვანელი, Das Unbehagen-ის დამფუძნებელი წევრი, IPTAR-ის საპატიო წევრი, პენსილვანიის უნივერსიტეტის მცირე ფსიქოანალიტიკური კვლევების ასოცირებული პროფესორი და ფილადელფიის ლაკანის ჯგუფის დამფუძნებელი და დირექტორი


მთარგმნელი: ნინო მიქაშავიძე

[1] როგორც ბრიუს ფინკი (1991) გვთავაზობს: „'l'analyste ne s'authorise que de lui-même' (ანალიტიკოსის ერთადერთი ავტორიზაცია მოდის საკუთარი თავისგან, ანალიტიკოსი ავტორიზებულია მხოლოდ საკუთარი თავის მიერ, ან ერთადერთი ავტორიზაცია, რომელიც მაც აქვს იყოს ანალიტიკოსი, მოდის საკუთარი თავისგან), შეიძლება იყოს გადმოცემული, როგორც „ერთადერთი ავტორიზაცია, როგორც სქესის მქონე არსებისა [კაცი ან ქალი] საკუთარი თავისგან მოდის“ (გვ. 83).

[2] ამ ტექსტის ზოგიერთი ფრაგმენტი წარმოადგენს სექციების გადამუშავებულ ვერსიას ნაშრომებიდან: ტრანსგენდერული ფსიქოანალიზი (Gherovici, P. 2017) და „კომენტარი გულატისა და პოლიზე, ამერიკის ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ჟურნალი. ტომი: 67 ნომერი: 1, გვერდები: 123. -132 (Gherovici, P. 2019).

ციტირებული ლიტერატურა:

Fink, B. (1991). “There’s no such thing as a sexual relationship”: Existence and the formulas of sexuation. Newsletter of the Freudian Field 5:59–85.

Finney Boylan, J. (2003). She’s not there: A life in two genders. New York: Broadway Books.

Freud, S. (1933). New introductory lectures on psycho-analysis: Lecture 34. Femininity. Standard Edition 22: 112–135.

Gherovici, P. (2010) Please select your gender: From the invention of hysteria to the democratizing of transgenderism. New York: Routledge.

Gherovici, P. (2017) Transgender psychoanalysis: A Lacanian perspective on sexual difference. New York: Routledge.

Katz, J. (2007) The Invention of Heterosexuality. Chicago: Chicago University Press.

Prosser, J. (1998).Second skins: The body narratives of transsexuality. New York: Columbia University Press.

Shepherdson, C. (2000). Vital signs: Nature, culture, psychoanalysis. New York: Routledge.

Zupančič, A. (2017) What is sex? Massachusetts: MIT Press.