search close
picture

ფრაგმენტები წიგნიდან "ბინა ურანზე: გარდასახვის ქრონიკები" | პოლ ბ. პრესიადო

21 ივლისი 2025

ავტორი: პოლ . პრესიადო

მთარგმნელი: მარიამ ქაჯაია

პოლ . პრესიადოს 2019 წელს გამოცემული, ავტობიოგრაფიული წიგნიდან ბინა ურანზე: გარდასახვის ქრონიკები


ჩვენი ეკრანები ერთმანეთს უმზერენ

მაგიდასთან ვმუშაობ, რომლის ერთი მხარე ათენშია, მეორე კი ბარსელონაში. ამ მაგიდის ერთ ბოლოში იციარი ქალაქის ლიტერატურულ რუკებს ხატავს. ბესოსის უბნის გამოსასახად იგი მასშტაბად ქუჩას იღებს, სადაც დეპრესიული, ონანისტი კატალონიელი მწერალი, მიკელ ბაუსა ცხოვრობდა. შემდეგ კი გრასიას უბნის კონტურებს ხაზავს, პოეტ ენრიკ კასასესის მიერ აღწერილი სეირნობების მიხედვით. ამასობაში, მაგიდის მეორე ბოლოში მე იმის წარმოსახვით ვარ დაკავებული, თუ რა ფორმა შეიძლება მიიღოს კოლექტივმა, რომლის წევრებიც ერთად ფიქრის, მოქმედების ან ჟიმაობის მიზნით იკრიბებიან.  ეს ფორმები შეთანხმებით ან კონტრაქტით  იმართება:  ავტონომიურად ან ურთიერთდამოკიდებულებით; უნარების დემონსტრირებით ან ექსპერიმენტირებით; იმპროვიზაციით ან წინასწარ განსაზღვრული გეგმით.

ეს ათასობით ფიზიკური კილომენტრით განცალკევებული მაგიდა, ინტერნეტის პროთეზული ჩარჩოთია აწყობილი. მუსიკა, რომელიც ათენში დინამიკებიდან მოედინება, ბარსელონაში ისმის. ხმა - სხეულის ორგანოებს შორის ყველაზე პროთეზული, დაუჯერებელი ორგანო (გახსოვდეთ, ჩვენ "ხმის გარეშე" ვიბადებით და ის მხოლოდ სოციალიზაციის შემდეგ "იმპლანტირდება" ჩვენს სხეულში, პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციის მსგავსად) - ერთადერთია, რაც მანძილის გადალახვას ახერხებს. ერთი დრო და ორი სივრცე. ან, თუ ყურადღებას გავამახვილებთ იმ წამებზე, რაც თითოეული ნოტის მიყოლებით, მუსიკას ან ხმას ათენიდან ბარსელონამდე მისაღწევად სჭირდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორი დრო ერთ სივრცეში არსებობს.. თუმცა, როგორც ჩანს, ნიუტონისეული დროისა და სივრცის კატეგორიები (ქრონოლოგია, ტოპოლოგია) ჩამოშლის პირასაა....  ვუყურებთ ერთმანეთს და ვფიქრობ, სად არის ეს მზერა, როგორ არის შესაძლებელი, ვუყურებდეთ ერთმანეთს მაშინ, როცა ის, რასაც ერთის თვალები ხედავს, მეორეს თვალები კი არა, ეკრანზე გამოსახული თვალებია.

ვუყურებ
როგორ შესცქერის რუკას თავის ეკრანზე. შეუძლებელია იმის თქმა, რომელ მომენტში წყვეტს მისი თვალები ჩემს დანახვას, რომელ მომენტში ანაცვლებს ჩემს გამოსახულებას სხვით. ჩვენი ეკრანები ერთმანეთს უმზერენ. ჩვენს ეკრანებს ერთმანეთი უყვართ. როდესაც ეს ხდება,  ჩვენ ზუსტად არც აქ ვართ და არც იქ. მუსიკა, რუკები, წერა, ჩვენ თვითონ, როგორც კავშირით განსაზღვრული სუბიექტები - და ჩვენი სიყვარული - ამ მომენტში ვარსებობთ როგორც შედგენილი ერთეულები, იმ სივრცეში, რომელსაც დელიოზი "ნაკეცს" უწოდებს, რომლის შიდა გარე მხარეები ათასობით ინტერნეტ-კაბელითაა აწყობილი, დაკეცილი, გადაკეცილი და კვლავ გაშლილი ასობით ათას ეკრანზე.

ეკრანი
სამყაროს ახალი კანია, ვეუბნები ჩემს თავს და თითით მის გამოსახულებას ვამოძრავებ, ისე, რომ ჩემსას დაემთხვეს. ის ახალი კოლექტიური ერთეულის კანია რადიკალურად დეცენტრალიზებული და სუბიექტად ფორმირების პროცესში მყოფი ერთეულისა. ელექტრონული იმპლანტები ჩვენს კანს მალე ეკრანებად აქცევს. ტრანსფორმაცია, რომელსაც ახლა გავდივართ, იმ ცვლილების მსგავსია, რაც კაცობრიობამ გუტენბერგის მიერ საბეჭდი დაზგის გამოგონებით განიცადა. ბიბლიის მექანიკურად გადაბეჭდვას,  ცოდნის სეკულარიზაციისა და წარმოების ავტომატიზაციის ეპოქა მოჰყვა. დღევანდელობაში, ტექნოლოგიური ტრანსფორმაციების სისწრაფემ სამეცნიერო ფანტასტიკაში არსებული, ყველაზე რთულად წარმოსადგენი პროგნოზებიც კი უკან მოიტოვა.  ყოველ წელს ვუყურებთ, როგორ ძველდება ის მოწყობილობები და აპლიკაციები, უკვდავი/მარადიული რომ გვეგონა, და ჩნდება ინოვაციები,, რომლებიც რამდენიმე საათში ჩვენი ცხოვრების ნაწილად იქცევა. 

ჩვენ
აბსოლუტურ დემატერიალიზაციასა და სრულ ავტომატიზაციას  ვუახლოვდებით. ვცდილობთ ყველაფრის ნატურალიზებას; ვაგრძელებთ ჩვენი ვნებების აღწერას ისე, როგორც ჰომეროსის ან შექსპირის დროს. დაჟინებით ვდარდობთ წარმოებაზე, იდეოლოგიაზე, რელიგიაზე, ერზე... მაშინ, როდესაც ყველაფერი ცვლილების პროცესშია. გვინდა ისევ ვამტკიცოთ, რომ ღმერთი არსებობს, რომ ერი არსებობს, რომ სქესი არსებობს, რომ შრომა და უმუშევრობა არსებობს. მაგრამ იქნებ აღარც არსებობენ. მე არ ვიზიარებ პოსტჰუმანიზმის უტოპიურ ოცნებებს, მაგრამ არც იმ აზრს ვეთანხმები, რომ ტექნოლოგია ნეიტრალური ინსტრუმენტია, რომელიც  შუამავალია ჩვენსა და სამყაროს შორის ურთიერობაში. ის, რასაც დასავლეთი "ტექნოლოგიას" უწოდებს, სხვა არაფერია, თუ არა სამეცნიერო-ტექნიკური შამანიზმი; და, შესაბამისად, ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც ჩვენი ცნობიერება იღებს კოლექტიურად გამოყენებისას. ჩვენი კოლექტიური შეგნების გარეგანი მანიფესტაცია. მოდით, უკან მოვიტოვოთ ტექნოლოგიის პატრიარქალური და კოლონიალური ხედვები (ზესახელმწიფოზე ბოდვასა და აბსოლუტური უძალობის პარანოიას შორის რომ მერყეობს) და შევუდგეთ თავად ცნობიერებაზე მუშაობას. ჩვენ ყველანი მეტამორფოზის პროცესში ვართ, მაგრამ ამას მხოლოდ რამდენიმე ჩვენგანი (ვინც მონსტრებად მოგვნიშნეს; ვისი სუბიექტობა და სხეულებიც საჯაროდ გამოაცხადეს ექსპერიმენტირების ველად და მუტაციის მატერიალურ მტკიცებულებებად) თუ აცნობიერებს. 


ტურინი, 14 იანვარი, 2017  


 ფემინიზმი ჰუმანიზმი არაა

“უსასრულო საუბრებში” [1] ჰანს-ულრიხ ობრისტი მთხოვს არტისტებსა და პოლიტიკურ მოძრაობებს დავუსვა შეკითხვა. მე ვეკითხები: „როგორ ვიცხოვროთ ცხოველებთან ერთად? როგორ ვიცხოვროთ მკვდრებთან ერთად?“ ვიღაც სხვა კითხულობს: “კი მაგრამ,ჰუმანიზმი? ფემინიზმი?" - ქალბატონებო, ბატონებო და სხვებო, ერთხელ და სამუდამოდ: ფემინიზმი ჰუმანიზმი არ არის, ფემინიზმი ანიმალიზმია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ანიმალიზმი განვრცობილი ფემინიზმია და ის არ არის ანთროპოცენტრული.

ინდუსტრიული რევოლუციის პირველი მანქანა არც ორთქლის ძრავა ყოფილა, არც საბეჭდი მანქანა და არც გილიოტინა... პირველი მანქანები პლანტაციებში მომუშავე მონები, სექსუალურ და რეპროდუქციულ შრომაში ჩაბმული ქალები და ცხოველები იყვნენ; ინდუსტრიული რევოლუციის პირველი მანქანები ცოცხალი მანქანები იყვნენ. ჰუმანიზმმა კი სხვა სხეული გამოიგონა, რომელსაც ადამიანი დაარქვა: სუვერენული, თეთრკანიანი, ჰეტეროსექსუალი, ჯანმრთელი, პროდუქტიული სხეული. სტრატიფიცირებული სხეული - ორგანოებით სავსე, კაპიტალით სავსე, რომლის ქმედებებიც დროებაზეა გათვლილი, სურვილები კი ნეკროპოლიტიკური სიამოვნების ტექნოლოგიის პროდუქტს წარმოადგენენ. Liberté, égalité, fraternité. [2] ანიმალიზმი ევროპული ჰუმანიზმის ამ საყოველთაო პრინციპებში ჩამალულ კოლონიალურ და პატრიარქალურ ფესვებს აშიშვლებს. მონობა და შემდეგ ანაზღაურებადი შრომის სისტემა თანამედროვე "კაცის" თავისუფლების ფუნდამენტად იკვეთება; ცხოვრებისა და ცოდნის ექსპროპრიაცია და სეგმენტაცია — თანასწორობის ბნელ მხარედ; ომი, კონკურენცია და მტრობა - ძმობის მამოძრავებელ ძალად.

შესაბამისად, რენესანსი, განმანათლებლობა და ინდუსტრიული რევოლუციის „სასწაული“ მონებისა და ქალების ცხოველის სტატუსამდე დაყვანაზე და  სამივე მათგანის (მონები, ქალები და ცხოველები)  (კვლავ)მწარმოებელ მანქანად გადაქცევაზეა დამოკიდებული. თუ ცხოველებს რაღაც ეტაპზე მანქანებად აღიქვამდნენ  და როგორც მანქანებსისე ეპყრობოდნენ, მანქანები თანდათანობით ტექნო-ცხოველებად იქცნენ, რომლებიც ტექნო-ცოცხალ ცხოველებს შორის არსებობს. მანქანა და ცხოველი (მიგრანტები, ფარმაკო-პორნოგრაფიული სხეულები, ცხვარი Dolly-ის [3] შვილები, ელექტრო-ციფრული ტვინები, ხელოვნური ინტელექტი) მომავალი ანიმალიზმის ახალ პოლიტიკურ სუბიექტებს წარმოადგენენ. მანქანა და ცხოველი ჩვენი კვანტური ომონიმებია. [4]

რადგან მთლიანობაში, ჰუმანისტურმა მოდერნულობამ მხოლოდ სიკვდილის ტექნოლოგიების გამრავლება მოიტანა, ანიმალიზმმა მკვდრებთან თანაცხოვრების ახალი გზა უნდა გვიჩვენოს;  გზა პლანეტასთან, როგორც გვამთან და როგორც აჩრდილთან თანაცხოვრების; გზა, რომელიც ნეკროპოლიტიკას ნეკროესთეტიკად გარდაქმნის. ასე გადაიქცევა ანიმალიზმი დაკრძალვის ზეიმად. გლოვის ზეიმად. ანიმალიზმი ერთდროულად  დაკრძალვის რიტუალი და დაბადებაა - მცენარეებისა და ყვავილების საზეიმო შეკრება ისტორიისა და ჰუმანიზმის მსხვერპლთა გარშემო. ანიმალიზმი არის განშორება და ჩახუტება. ქვიარ, აბორიგენული, გლობალური პანსექსუალობა, რომელიც სცდება ამა თუ იმ სახეობასა და სქესს; ტექნო-შამანიზმი; სახეობათაშორისი კომუნიკაციის სისტემა -  ყველა მათგანი გლოვის სისტემას წარმოადგენს.

ანიმალიზმი ნატურალიზმი არაა, ის  მთელი რიტუალური სისტემაა, ცნობიერების მწარმოებული კონტრ-ტექნოლოგია; ისეთ ცხოვრებაზე გადასვლა, სადაც არავის აქვს უზენაესობა; სადაც არ არსებობს არანაირი იერარქია. ანიმალიზმი თავად ადგენს საკუთარ კანონებს, საკუთარ ეკონომიკას. ანიმალიზმი არ არის სახელშეკრულებო [5] მორალიზმი. იგი უარყოფს კაპიტალიზმის ესთეტიკას და მოხმარების (საქონლის, იდეების, ინფორმაციის, სხეულების) მეშვეობით სურვილზე მის ბატონობას. ანიმალიზმი არ ეფუძნება არც გაცვლას, არც ინდივიდუალურ ინტერესს. ის არ არის ერთი კლანის მეორეზე შურისძიება. ანიმალიზმი არ არის ჰეტეროსექსუალიზმი, ჰომოსექსუალიზმი, ან ტრანსსექსუალიზმი. ის არც მოდერნულია და არც პოსტმოდერნული. ხუმრობის გარეშე, ვაცხადებ, რომ ანიმალიზმი არ არის ოლანდიზმი. [6]

ის არც სარკოზიზმია და არც მარინ ლე პენიზმი. ანიმალიზმი არ არის პატრიოტიზმი. ან მატრიოტიზმი; ნაციონალიზმი ან ევროპეიზმი; კაპიტალიზმი ან კომუნიზმი. ანიმალიზმის ეკონომიკა მთლიანად არა-აგონისტური სუბსიდიის სისტემაა. ფოტოსინთეზივით თანამშრომლობა. მოლეკულური ორგაზმი. ქარის ქროლვაა. ტყის სული, რომელიც ჯერ კიდევ ახერხებს შემოჭრილ მძარცველებზე ზემოქმედებას. ადამიანობაში შეფარულმა ტყის ინკარნაციებმა,  საკუთარი ადამიანური ნიღაბი უნდა ჩამოიხსნან და ხალახლა, ფუტკრების ცოდნით შეინიღბონ.მოსახდენი ცვლილება იმდენად ღრმაა, რომ თავს თითქოს მის შეუძლებლობაში ვარწმუნებთ. ისეთი ღრმაა, რომ თავს ვაჯერებთ, თითქოს წარმოუდგენელი იყოს. მაგრამ, შეუძლებელი ჯერ არ დამდგარა, წარმოუდგენელი კი, გზაშია. რა უფრო შეუძლებელი და წარმოუდგენელი ყო: მონობა თუ მონობის დასრულება? ანიმალიზმის დრო შეუძლებლის და წარმოუდგენელის დროა. ეს არის ჩვენი დრო - ერთადერთი დრო, რომელიც ჩვენ დაგვრჩა.


პარიზი, 27 სექტემბერი, 2014

სხვა ხმა


ახალ ხმას ვეჩვევი. ტესტოსტერონი, რომელიც ორგანიზმში შემყავს, ხმის იოგებს მისქელებს, რაც მის ტემბრს ადაბლებს. ხმა შიგნიდან ისე ამომდის,  თითქოს ჰაერით შენიღბულა; ყელში ისეთ ვიბრაციას ვგრძნობ, თითქოს ჩაწერილ ხმას ვუშვებდე, რაც პირს უცნაურ მეგაფონად აქცევს. საკუთარ თავს ვერ ვცნობ. მაგრამ რას ნიშნავს საკუთარი თავი ამ წინადადებაში? "შეუძლია სუბალტერნს ლაპარაკი?" - კითხვა, რომელიც გაიატრი ჩაკრავორტი სპივაკმა კოლონიზებულ ხალხებში აღმოთქმისთვის საჭირო პირობების კომპლექსურობის შესასწავლად დასვა, დღეს ახალ მნიშვნელობას იძენს. იქნებ, ჩვენი სუბიექტად ფორმირების პროცესში, სუბალტერნი იმთავითვე ჩაშენებული შესაძლებლობაა? რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენმა ტრანს სუბალტერნმა ლაპარაკი შეძლოს? როგორი იქნებოდა ეს ხმა? იქნებ, საკუთარი ხმის, როგორც სუბიექტის სუვერენობის ონტო-თეოლოგიური ნიშნის დაკარგვა, იმის მთავარი წინაპირობაა, რომ სუბალტერნს საუბრის საშუალება მივცეთ?

როგორც ჩანს სხვა ადამიანებიც ვერ ცნობენ ტესტოსტერონით შეცვლილ ამ ხმას. ტელეფონი აღარ არის ერთგული მაცნე, მოღალატედ ქცეულა. დედაჩემს ვურეკავ და ვინ რეკავს, რომელი ხართო - მპასუხობს. ვერ მიცნო და ამით ჩვენს შორის მუდმივად არსებულ დისტანციას ახადა ფარდა. ველაპარაკები და ვერ მცნობენ. ვერიფიკაციის აუცილებლობა ოჯახურ კავშირს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ნამდვილად მისი შვილი ვარ? ვყოფილვარ კი მისი შვილი ოდესმე? ტელეფონი უნდა გავთიშო, რადგან მეშინია, რომ ლაპარაკს ვერ შევძლებ. სხვა დროს ვამბობ ხოლმე, რომ მე ვარდა მაშინვე ვამატებ -  კარგად ვარ - მიმღებლობას  ეჭვი ან პანიკა რომ არ გადაეღობოს. 

ხმა, რომელიც აქამდე ჩემი არ იყო, ჩემს სხეულში თავშესაფარს ეძებს. მე მას თავშესაფარს მივცემ. მუდმივად ვმოგზაურობ: ერთი კვირა სტამბულში ვარ, მერე კიევში, შემდეგ ბარსელონაში, ათენში, ბერლინში, კასელში, ჰელსინკში, ფრანკფურტში, შტუტგარტში... მოგზაურობა ცვლილების პროცესის გამოხატულებაა, თითქოს გარე მოძრაობა ცდილობდეს შინაგანი მომთაბარეობა გადმოსცეს. იშვიათად ვიღვიძებ ერთსა და იმავე საწოლში... ან ერთსა და იმავე სხეულში. ყველა მხრიდან მესმის ბრძოლის ხმა, ბრძოლის მუდმივობასა და ცვლილებას შორის; იმავესა და განსხვავებულს შორის; საზღვარსა და გაურკვევლობას შორის; მათ შორის, ვისაც დარჩენა შეუძლია და ვისაც წასვლა უწევს; სიკვდილსა და სურვილს შორის. 

ეს აშკარად მასკულინური ხმა ჩემს სხეულს ახლებურად აკლასიფიცირებს და მას ანატომიური ვერიფიკაციის ვალდებულებისგან ათავისუფლებს. სქესისა და გენდერის ბინარიზმის ეპისტემურ ძალადობრიობას ამ ახალი ხმის რადიკალური ჰეტეროგენურობა მასკულინურობამდე დაჰყავს. ხმა ჭეშმარიტების მპყრობელია. ამაზე მახსენდება, რომ ლათინურ სიტყვებს testimonium (მოწმე) და testiculum (სათესლე ჯირკვალი) შესაძლოა საერთო ფესვი - testis - ჰქონდეთ. 

რომაული სამართლის მიხედვით,  მხოლოდ სათესლე ჯირკვლების მქონე პირს შეეძლო კანონის წინაშე საუბარი. როგორც აბების გამოყენებამ გამოიწვია ჰეტეროსექსუალობისა და რეპროდუქციის ერთმანეთისგან ტექნიკური გამიჯვნა, ისევე განაპირობებს Ciclopentil Propionato - ტესტოსტერონი, რომელსაც კუნთში ვიკეთებ, ჰორმონების გამომუშავებისა და სათესლე ჯირკვლების  ერთმანეთისგან გამიჯვნას. ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, "ჩემი" სათესლე ჯირკვლები (თუ მხედველობაში გვაქვს ის ორგანო, რომელიც ტესტოსტერონს აწარმოებს) არაორგანული, გარე, კოლექტიურია ის ნაწილობრივ ფარმაცევტულ ინდუსტრიაზე, ნაწილობრივ კი სამართლებრივ და ჯანდაცვის იმ ინსტიტუტებზეა დამოკიდებული, რომლებიც მასზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფენ.

ჩემი" სათესლე ჯირკვლები პატარა ბოთლია 250 მგ ტესტოსტერონით, რომელიც ჩემი ზურგჩანთით მოგზაურობს. საქმე ის კი არ არის, რომ "ჩემი" სათესლე ჯირკვლები სხეულის გარეთ არის, არამედ ის, რომ "ჩემი" სხეული "ჩემი" კანის ფარგლებს სცდება და ისეთ ადგილას არსებობს, რომელიც მხოლოდ ჩემად ვერ იქნება მიჩნეული. სხეული საკუთრება კი არა, ურთიერთობაა. იდენტობა (სექსუალური, გენდერული, ეროვნული თუ რასობრივი) ესენციალური კი არა, (ურთიერთ)მიმართებითია.

ჩემი სათესლე ჯირკვლები ოლექტიურად გამოგონილ პოლიტიკურ ორგანოს წარმოადგენს, რომელიც საშუალებას გვაძლევს სოციალური მასკულინობის სასურველი ფორმა შევქმნათ: სხეულის რეჟიმების ერთობლიობა, რომელსაც კულტურული შეთანხმებით მასკულინურად ვცნობთ. ჩემს სისხლთან შერევისას, ეს სინთეზური ტესტოსტერონი ჰიპოფიზის წინა წილსა და ჰიპოთალამუსს ასტიმულირებს, რის შემდეგაც საკვერცხეები კვერცხუჯრედების გამომუშავებას წყვეტენ. ამასთან, არც სპერმა გამომუშავდება, რადგან ჩემს სხეულს არც სერტოლის უჯრედები გააჩნია და არც სათესლე მილაკები. თუმცა, წარმოვიდგენ არც ისე შორეულ დღეს, როცა 3D პრინტერი მათ დამზადებას ჩემივე დნმ-ის საფუძველზე შეძლებს. მანამდე კი, ჩვენი ნახშირბადული კაპიტალიზმის ეპისტემაში, ჩემი ტრანს იდენტობა ბევრად უფრო დაბალტექნოლოგიური, სახელდახელო საშუალებებით უნდა დამზადდეს.

ხეებთან კომუნიკაციის მეთოდების გამოგონებაზე იმდენივე ენერგია რომ დაგვეხარჯა, რამდენიც ნავთობის მოპოვებასა და გადამუშავებაზე დავხარჯეთ, ეგებ ქალაქების განათებაც შეგვძლებოდა ფოტოსინთეზით, ან მცენარეთა წვენს ედინა ჩვენს ვენებში. მაგრამ ჩვენი დასავლური ცივილიზაცია კაპიტალსა და ბატონობაში სპეციალიზდებოდა, ნახშირბადოვან ენერგიასა და ექსტრაქტივიზმში, ტაქსონომიასა და იდენტიფიკაციაში და არა - თანამშრომლობაში ან ტრანსფორმაციაში. სხვა ეპისტემაში, ჩემი ახალი ხმა ვეშაპის ხმა იქნებოდა ან ციგის ხმა თოვლში; აქ კი უბრალოდ კაცური ხმაა.

როგორი
იქნება პირველადამოთქმული სიტყვების ტონალობა, ყოველი დილის საიდუმლოა. ხმას, რომელიც ჩემი სხეულიდან ლაპარაკობს, საკუთარი თავი არ ახსოვს. სახე, რომელიც ასევე იცვლება, ამ ხმას მისი იდენტობის სტაბილურ ადგილსამყოფლად ვერ ევლინება. პირიქით, ის მის სუბიექტურობას მრავლობით რიცხვში უარყოფს: არ ამბობს "მე", არამედ "ჩვენ ვართ მოგზაურობა". ალბათ ეს არის ის, რაც დასავლური "მე"-სა და მისი აბსურდული ინდივიდუალური ავტონომიის პრეტენზიისგან რჩება: იყო ადგილი, სადაც ხმა იქმნება და იშლება; ადგილი, საიდანაც, დერიდა იტყოდა, იწყება ფონო-ლოგო-ფალო-ცენტრიზმის დეკონსტრუქცია. ხმისგან, როგორც სუბიექტის ჭეშმარიტებისგან განძარცვული, იმ ცოდნით, რომ ჩემი სათესლე ჯირკვლები მუდამ პროთეზული სოციალური აპარატი იქნება, თავს დერიდასეული კვლევის კომიკურ ობიექტად ვგრძნობ, და მეცინება. ამ სიცილში კი ვგრძნობ, ჩემი ხმა  ყელში საკუთარი რელსებიდან როგორ გადადის.


 ათენი, 24 ოქტომბერი 2015 

სტატისტიკა სიყვარულზე ძლიერია


წყვილებზე, ოჯახებზე, მათ სასიყვარულო და სექსუალურ ცხოვრებაზე უკვე გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციის გამოყენებით შესაძლებელია ზუსტი დიაგრამის შედგენა, რომელიც მათი დაშორების ყოველწლიურ ალბათობას გვაუწყებს.  სტატისტიკური დიაგრამის, რომელიც ზომავს კატასტროფას, ან გათავისუფლებას; რომელიც ცხრილის სახით გამოსახავს ენთუზიაზმს, ან სტაგნაციას - ასახავს ტანჯვას, ქაოსს და გადაჯგუფებას ემოციურ სამყაროში. იმის მიხედვით, თუ რომელ წელს დაიწყო წყვილმა ურთიერთობა, რამდენი წლის არიან, როგორია მათი გენდერული იდენტობა, ხელფასები, შვილების რაოდენობა, რა დროა გასული მშობლების სახლის დატოვებიდან, რა პროფესიის არიან, სად დაიბადნენ და სად ცხოვრობენ, რა ასაკში დაასრულეს სწავლა, როგორია მათი სამართლებრივი სტატუსი (ქორწინება, არაოფიციალური ქორწინება, თანაცხოვრება, ცალ-ცალკე ცხოვრება) და წლიური მშპ - შესაძლებელი იქნებოდა გაგვეგო წყვილის ერთად დარჩენის ან დაშორების სტატისტიკური ალბათობა. ყველაფერი იქ იქნებოდა - ამ დიაგრამაში კოდირებული შენი დაშორება, უფრო მარტივად ამოკითხვადი,  ვიდრე  ხელის გულის ხაზებიდან. 

სტატისტიკა ამბობს, რომ საფრანგეთში ყოველი მეორე ქორწინება ათ წელზე ნაკლებს გრძელდება და რომ 25-დან 65 წლამდე ასაკის ადამიანების 15 პროცენტი მარტო ცხოვრობს; რომ 2013 წელს 130,000 განქორწინება დაფიქსირდა და 10,000 არაოფიციალური ქორწინება დასრულდა; რომ ადამიანები ყველაზე ხშირად 40-დან 45 წლამდე ასაკში შორდებიან; რომ დაშორებების 65 პროცენტი შვებულების პერიოდში ხდება. შესაბამისად, ყოველი ხუთი წყვილიდან სამი ზაფხულში შორდება. ასე რომ, ამჟამად მაღალი სტატისტიკური ალბათობის პერიოდში ვიმყოფებით. სტატისტიკის მიხედვით, წყვილების 37 პროცენტი პირველი დაშორების შემდეგ ისევ რიგდება, მაგრამ მხოლოდ 12 პროცენტი ახერხებს ურთიერთობის შენარჩუნებას გრძელვადიან პერსპექტივაში. დიაგრამის მიხედვით, ქორწინება დადებითად მოქმედებს კავშირის სტაბილურობაზე, ისევე როგორც შვილები, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წყვილი შედარებით ახალგაზრდაა. მეორე მხრივ, ურთიერთობები უფრო მყიფეა, როდესაც თანაცხოვრება შედარებით პატარა ასაკში ან ეკონომიკური და სოციალური არასტაბილურობის პირობებში იწყება. კორპორატიულ სექტორში დასაქმებულებთან შედარებით, ფერმერები (მდედრობითი თუ მამრობითი - კვლევა ტრანს ადამიანებზე ან გენდერულ დისიდენტებზე არაფერს ამბობს) იშვიათად შორდებიან, ცოტათი უფრო ნაკლებად ფრილანსერები და მუშები. ქალებში დაშორებების რაოდენობა განსაკუთრებით მაღალია იმ შემთხვევაში, თუ ისინი მენეჯერები ან მაღალი თანამდებობის პირები არიან, კაცებში კი პირიქით, ასეთ პოზიციებზე მყოფი კაცები ნაკლებად შორდებიან. ჰეტეროსექსუალურ წყვილებში მეტ სტაბილურობას უზრუნველყოფენ ქალები, რომლებიც დიასახლისებად მუშაობენ - კვლევა სწორედ ამ ტერმინს, "სტაბილურობას" იყენებს, თუმცა არაფერს ამბობს ქმრის მიერ ჩადენილ ორგულობაზე ან ცოლის პიროვნულ თვითრეალიზაციაზე. სტაბილურობა, ამ კონტექსტში, პოლიტიკური კონტროლის იარაღია. საზოგადოება, რომელშიც ყველა წყვილი შორდება, იქნებოდა რევოლუციური საზოგადოება, შეიძლება საყოველთაო რევოლუციის საზოგადოებაც.

როდესაც ჩემს ცხოვრებას - ჩემს მატერიალურ, გამოთვლად ინფორმაციამდე დაყვანილ ცხოვრებას - ამ დიაგრამას ვადარებ, ჯერ გაკვირვებით, შემდეგ კი შვების განცდით შევნიშნავ, რომ თავადაც, სტატისტიკურ საშუალოს მივეკუთვნები,  მიუხედავად იმისა, რომ კვლევას ჯერ კიდევ არ შეუსწავლია არაბინარული, ოპერაცია-გაუვლელი ტრანს კაცისა და არანორმატიული ქალისგან შემდგარი წყვილები. 

ჩვენი გენდერული წინააღმდეგობის სინგულარობაც კი სტატისტიკურ კანონებს ემორჩილება. სტატისტიკა სიყვარულზე ძლიერია, ქვიარ პოლიტიკაზე ძლიერია. სტატისტიკა იმ ღამეებს, როცა ერთმანეთი გვიყვარდა, და იმ უფორმო დღეებსაც, რომლებიც დაშორებას მოსდევს, მათემატიკური გამოთვლების ინერტულ მასალად გარდაქმნის. ახლა კი ამ რიცხვების უმოძრაობა სიამოვნებას მგვრის.

სტატისტიკა, როგორც სოციალური რეპრეზენტაციის ტექნიკა 1760 წელს დამკვიდრდა, როდესაც გოტფრიდ ახენვალმა და ბისეტ ჰოკინსმა პოპულაციის მართვის შესახებ ნაშრომებში არითმეტიკა გამოიყენეს. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ანდრე-მიშელ გერიმ და ადოლფ კეტლემ ის ნამდვილ პოლიტიკურ არითმეტიკად აქციეს. ფრენსის გალტონმა კი ამ კორელაციებს ევგენიკური გამოყენება მოუფიქრა. ეს სოციალური მათემატიკოსები დაინტერესდნენ ცოდნის მიღებით იმ ფიზიკური ან სოციალური მონაცემებიდან, რომელთა დამუშავებაც სხვაგვარად რთული იქნებოდა. სტატისტიკოსები მეტეოროლოგებიც არიან და ანთროპომეტრებიც - როგორც ამინდის პროგნოზირება ისწავლეს, ასევე წინასწარმეტყველებენ შობადობას, სიკვდილიანობას, მეხის დაცემას და განქორწინებებსაც. კიდევ ერთმა კვლევამ, რომელიც 2013 წელს, გერის მორალური სტატისტიკიდან  მომდინარე მეთოდოლოგიით ინგლისში ჩატარდა,  აჩვენა, რომ თაფლობის თვის პირველი თხუთმეტი თვის განმავლობაში წყვილები სექსით საშუალოდ დღეში ერთხელ კავდებიან. ოთხი წლის თანაცხოვრების შემდეგ ეს მაჩვენებელი მცირდება და თვეში ოთხამდე ჩამოდის. თხუთმეტი წლის შემდეგ კი წყვილების 50 პროცენტი სექსით წელიწადში მხოლოდ ოთხჯერ კავდება, დანარჩენი ნახევარი კი ცალ-ცალკე საძინებლებში გადადის.

ჩემი დღიურების დეტალური გადაკითხვის, დაშორების შედეგად გაჩენილი თავისუფალი დროისა და ობსესიური ენერგიის წყალობით ჩატარებული ზუსტი გამოთვლების შედეგად გამოვთვალე, რომ მასთან გატარებული დღეების 93 პროცენტში მიყვარდა; ბედნიერი ვიყავი დროის 67 პროცენტში, ხოლო უბედური - 11 პროცენტში; რადგან არ მახსოვს და ზუსტი ჩანაწერებიც არ მაქვს, აზრზე არ ვარ, რა ხდებოდა დარჩენილ 22 პროცენტში.  ერთად გატარებული დროის 60 პროცენტში სექსი გვქონდა  - კმაყოფილების მაჩვენებელი პირველი სამი წლის განმავლობაში 90 პროცენტი იყო, მომდევნო ორი წლის განმავლობაში 76 პროცენტი, ხოლო ბოლო წლების მანძილზე მხოლოდ 17 პროცენტი. ერთად გვეძინა ღამეების 87 პროცენტში, ძილის წინ ერთმანეთს დღეების 97.3 პროცენტში ვკოცნიდით. დღეების 99 პროცენტში, საწოლში ერთად ვკითხულობდით.ურთიერთობის განმავლობაში, ჩვენს შორის გაცვლილი სიტყვების შედარებითი ხარისხი (98 პროცენტი) თითქმის უცვლელი იყო მთელი ამ დროის განმავლობაში, გარდა იმ დღეებისა, რომლებიც დაშორებას უსწრებდა წინ.

ჩვენი წყვილი - ჰეტეროცენტრული ფსიქოლოგიის თანახმად, სრული გადახრა და პერვერსია -  ზუსტად ჯდება ნორმაში. ჰეგემონიური ბიოპოლიტიკის ინსტრუმენტებს ასე არასდროს დავუმშვიდებივარ. იმასაც ვაცნობიერებ, რომ ეპისტემოლოგიური ეჭვის შეტანისა და ამბოხის შესაძლებლობა უკუპროპორციულია სასიყვარულო ტანჯვის ინტენსივობასთან. როგორც 1677 წელს, სტატისტიკის გამოგონებამდე, თქვა სპინოზამ, ერთ ემოციას ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებით ვერ მიმართავ. ჩემი მღელვარების ზაფხული დგას, ის რყევები,  პირდაპირ მზის წნულზე რომ ახდენს გავლენას, გმირებსაც კი გაქცევისკენ უბიძგებს. ჩემს გულში სტატისტიკის საამო სიმშვიდესა და რევოლუციის მძვინვარებას შორის ბრძოლა კი ახლაღა ჩაღდება.

პარიზი, 1 აგვისტო, 2014 


Candy Crush-ის სარეაბილიტაციო


რამდენიმე დღის წინ ამერიკის ფსიქიატრიულმა ასოციაციამ (რომელიც წმინდანთა კონგრესს ნამდვილად არ წარმოადგენს) მოითხოვა, რომ Candy Crush Saga-ის ფენომენი, რომელზე დამოკიდებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება, ეროვნულ ეპიდემიად უნდა აღიარდეს და შეიქმნას ვირტუალური კრიზისული ცენტრი, რომელიც მომხმარებლებს მისგან გათავისუფლებაში დაეხმარება.

ბრიტანული კომპანია King-ის მიერ 2012 წელს შექმნილი Candy Crush Saga (მისი აზიური ანალოგის, Puzzle & Dragons-ის მსგავსად), მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გადმოწერილი აპლიკაციაა. მას 80 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და ყოველდღიურად 700,000 ევროს მოგება მოაქვს. ვიდეოთამაშების ანალიტიკოსები კითხულობენ: როგორ მოახერხა მოტივტივე ფერადი კანფეტების იდეაზე აგებულმა ამ იდიოტურმა აპლიკაციამ, რომ გადაესწრო Nintendo- პროგრამისტების მიერ წლების მანძილზე ნამუშევარი, ყველაზე დახვეწილი თამაშებისთვის?

თუმცა, Candy Crush-ის წარმატების საიდუმლო სწორედ მის ნაკლოვანებაშია: ბავშვური, უწყინარი ხასიათი (მასში არ არის არც ძალადობა და არც სექსი), ხელახლა დაწყების მუდმივი შესაძლებლობა (თამაშს 410-მდე დონე აქვს), და ამასთანავე, კულტურულად სპეციფიკური შინაარსის არარსებობა, რომელსაც უარყოფა ან აღიარება შეიძლება გამოეწვია. უმანკოება, იდიოტიზმი და მიუკერძოებლობა დამოკიდებულების გლობალიზაციის წინაპირობებია.

Candy Crush სულის დისციპლინაა, არამატერიალური ციხე, რომელიც მუდმივად აჭიანურებს სურვილისა და მოქმედების რეალიზებას, თამაში გათვლილია სოციალური დაცვის მეორეული მექანიზმებისგან განძარცვულ, უნივერსალურ სუბიექტზე, (ამით შესაძლოა აიხსნას, თუ რატომაა მოთამაშეთა უმეტესობა ის, ვისაც საზოგადოება "ქალს" უწოდებს): თამაში წრედს კრავს ლიმბურ ტვინს (რომელიც ემოციურ მეხსიერებას მართავს), ხელსა და ეკრანს შორის. Candy Crush არ არის თამაში, რომელიც მოთამაშის უნარებს აუმჯობესებს. ის მარტივი აზარტული თამაშია, რომელიც ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ, გარეგან ინტიმურ ტექნო-ორგანოში - მობილურ ტელეფონშია ჩაშენებული. ეს არის ლას-ვეგასი შენს ხელისგულზე.

Candy Crush-ის მიზანი მომხმარებლისთვის რამის სწავლება არ არის. მისი მიზანია დროის მოცემულ მონაკვეთში მოთამაშის კოგნიტური შესაძლებლობები ერთბაშად მოიცვას და დაეუფლოს მის ლიბიდურ რესურსებს, ეკრანის მასტურბაციის შემცვლელ ზედაპირად გარდაქმნის გზით. Candy Crush-ში მოთამაშეები არასოდეს არაფერს იგებენ: როცა ისინი ერთ დონეს ხურავენ, ეკრანია ის, რაც ორგაზმს განიცდის.

უფრო მეტიც, Candy Crush კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მიმართებას თავისუფლებასა და უფასოს შორის, რომელსაც პირატულობის [7] დამცველები უჭერენ მხარს: ვირტუალური სამყაროს კოლონიზაციის ახალი სტრატეგია გულისხმობს თამაშის შექმნას, რომელიც რაც შეიძლება მარტივი, და უფასო იქნება, რათა პოტენციურმა მოთამაშემ მაქსიმალურად ბევრი საათი დაახარჯოს ონლაინ თამაშს. როგორც კი თამაში მომხმარებლის ყოველდღიურ ჩვევად გადაიქცევა, თვითონ სათამაშო დრო და მასთან დაკავშირებული ხარჯის ფორმები (დამატებითი სიცოცხლეეები და "ბუსტერები") მოიტანს მოგებას.

Candy Crush-ის მოთამაშეები ერთდროულად რამდენიმე ეკრანს მართავენ: ხშირად,  ისინი იმ კომპიუტერის ან ტელევიზორის ეკრანის წინ სხედან, რომელიც აღარ წარმოადგენს მთავარ ვიზუალურ ჩარჩოს და პერიფერიულ ფონად იქცევა; პარალელურად კი უწყვეტად მოძრაობენ Facebook-, Yahoo-, Twitter-სა და Instagram- შორის, წინ და უკან…  თანამედროვე, უბიწო ტელე-ტექნო-მასტურბატორი ვირტუალური მოძრაობის კონტროლერს ჰგავს, დონ კიხოტისეულ საკონტროლო კოშკში რომ გამოკეტილა, რომლიდანაც ცალი ხელით აფდეითდება, მეორეთი  კი ციფრული კანფეტების მწკრივებს აწყობს.

აპლიკაციები, რომლებიც Facebook-დან, Google Play-დან და Apple-დან შეიძლება ჩამოიტვირთოს, სუბიექტობის ახალი ოპერატორებია. უნდა გავაცნობიეროთ, რომ როცა აპლიკაციას ვიწერთ, მას უბრალოდ მობილურ ტელეფონში კი არა, პირდაპირ ჩვენს კოგნიტურ აპარატში ვაყენებთ. რენე შერერი გვასწავლის, რომ მოდერნულობის ეპოქაში განვითარებული პედაგოგიკური დისციპლინები მიზნად მასტურბატორი ხელის შრომითა და წერით დაკავებას ისახავდა. დღეს კი პირიქითაა, ვხედავთ, რომ ახალი ციფრული დისციპლინები კონვეიერულ (ფაბრიკა-ქარხნებში აწყობაზე მომუშავე) ხელს, რომელიც მიჩვეული იყო შრომასა და წერას, კოგნიტური კაპიტალიზმის ეკრანზე მასტურბაციაში რთავს.


ნიუ იორკი, 26 ოქტომბერი, 2013 

ნეკრომოდერნულობა


ნეკროეკონომიკა, ნეკროჭეშმარიტება, ნეკროინფორმაცია, ნეკროდიაგნოზი, ნეკრონტოლოგია, ნეკროჰეტეროსექსუალობა, ნეკროჰომოსექსუალობა, ნეკროაფექტი, ნეკროსურათი, ნეკროსიყვარული, ნეკროტელევიზია, ნეკროჰოსპიტალი, ნეკროჰუმანიზმი, ნეკროსახელმწიფო, ნეკროურბანიზმი, ნეკროპროგრესი, ნეკროლიტერატურა, ნეკრომამობა, ნეკრომოგზაურობა, ნეკროევროპა, ნეკროინდივიდი, ნეკროარქიტექტურა, ნეკროფრანგული, ნეკროქვეყანა, ნეკროგართობა, ნეკრომშვიდობა, ნეკრომრავალფეროვნება, ნეკროპოლიტიკა, ნეკროტერიტორია, ნეკროსაზღვარი, ნეკრომეცნიერება, ნეკრომასკულინობა, ნეკროფემინურობა, ნეკროწყვილი, ნეკროშეხედულება, ნეკროენა, ნეკროხმა, ნეკროსკოლა, ნეკროოჯახი, ნეკროპორნოგრაფია, ნეკროკონგრესი, ნეკრომედიცინა, ნეკროსილამაზე, ნეკროკულტურა, ნეკროსახლი, ნეკროხელოვნება, ნეკროავტორიტეტი, ნეკროპასუხი, ნეკროგამოფენა, ნეკროკვლევა, ნეკროჟურნალისტიკა, ნეკროკინო, ნეკროდიზაინი, ნეკროტურიზმი, ნეკროისტორია, ნეკროლანდშაფტი, ნეკროკომპიუტერი, ნეკროემოცია, ნეკროსისხლი, ნეკროკულინარია, ნეკროსურათი, ნეკროპრაგმატიზმი, ნეკროჯანმრთელობა, ნეკროსოფლის მეურნეობა, ნეკროსურვილი, ნეკრომოდა, ნეკროგონება, ნეკრორობოტიკა, ნეკროსამართალი, ნეკროსტიმულაცია, ნეკროპედაგოგიკა, ნეკროკომუნიკაცია, ნეკროთაობა, ნეკროსაჩუქარი, ნეკროტესტი, ნეკროქმედება, ნეკროსექსუალობა, ნეკროღირებულება, ნეკრორეკლამა, ნეკროიდენტობა, ნეკროსტუმარმასპინძლობა, ნეკროიმუნიტეტი, ნეკროინდუსტრია, ნეკროთემი, ნეკროორგაზმი, ნეკროთავისუფლება, ნეკრომუზეუმი, ნეკრომოსმენა, ნეკროშრომა, ნეკროძმობა, ნეკროამერიკა, ნეკროჩანასახი, ნეკროკმაყოფილება, ნეკროთანასწორობა, ნეკრომოხმარება, ნეკროხედვა, ნეკროწყალი, ნეკროსული, ნეკრომეგობრობა, ნეკრომშობლობა, ნეკროთანაგრძნობა, ნეკროსისწრაფე, ნეკროპლასტიურობა, ნეკროცნობიერება, ნეკრონარატივი, ნეკროხალისი, ნეკროტრანსპორტი, ნეკროთეატრი, ნეკროდასვენება, ნეკროფული, ნეკროფინანსები, ნეკროსაკვები, ნეკროქრისტიანობა, ნეკროისლამი, ნეკროიუდაიზმი, ნეკროცივილიზაცია, ნეკრომოზარდობა, ნეკროვალი, ნეკროპატიება, ნეკროკრედიტი, ნეკროსხეული, ნეკროთანამონაწილეობა, ნეკრორძე, ნეკროეროტიკა, ნეკრონავთობი, ნეკროშაქარი, ნეკროსპერმა, ნეკრომითოლოგია, ნეკროასაკი, ნეკროსხვაობა, ნეკროდისკურსი, ნეკრობედნიერება, ნეკროთერაპია, ნეკროზოოპარკი, ნეკრომორალი, ნეკროდაჟინებულობა, ნეკროცირკულაცია, ნეკრორასა, ნეკროპრივატულობა, ნეკროინტერნეტი, ნეკროსაზოგადოება, ნეკროსუბიექტობა, ნეკროსუვერენიტეტი, ნეკროდამოკიდებულება, ნეკროაკუმულაცია, ნეკროხელისუფლება, ნეკროცეკვა, ნეკროკონტრაქტი, ნეკროსიამაყე, ნეკრომიმართულება, ნეკრომეხსიერება, ნეკროწერა, ნეკროხმელთაშუაზღვისპირა, ნეკრობავშვობა, ნეკროწარმატება, ნეკროსექსი, ნეკროწარსული, ნეკროოცნება, ნეკროშეგირდობა, ნეკროიდეოლოგია, ნეკროგმირი, ნეკროძალა, ნეკროშობადობა, ნეკროცოდნა, ნეკროაღელვება, ნეკროჰაერი, ნეკრომინისტრობა, ნეკროპატივი, ნეკროსუნთქვა, ნეკრომომავალი, ნეკროშინაურობა, ნეკროდისნეი, ნეკრორიტუალი, ნეკროგულწრფელობა, ნეკროკარიერა, ნეკროვარჯიში, ნეკროარჩევნები, ნეკროსაზოგადოება, ნეკროფილოსოფია, ნეკროსასმელი, ნეკროწარმოება, ნეკრონება, ნეკროინსემინაცია, ნეკროდრო, ნეკროზრუნვა, ნეკრომუსიკა, ნეკროსამართალი, ნეკროკრიზისი, ნეკროწარმომადგენლობა, ნეკროაფრიკა, ნეკროგამძლეობა, ნეკროღირსება, ნეკროქორწინება, ნეკროთვითშეფასება, ნეკროტოპია, ნეკროგამია, ნეკროერექცია, ნეკროშიმშილი, ნეკროინტელექტი, ნეკროუსაფრთხოება, ნეკროუფლებები, ნეკროკოსმოსი, ნეკროგადაწყვეტა, ნეკრობანკი, ნეკროდემოკრატია, ნეკროატლანტიკა, ნეკროფსიქოლოგია, ნეკროარქივი, ნეკრომონსანტო, ნეკროესთეტიკა, ნეკროსოფტვეარი, ნეკროტექნიკა, ნეკროსინამდვილე, ნეკრომომგებიანობა, ნეკროამაზონი, ნეკრომარკეტინგი, ნეკრომოლაპარაკება, ნეკროგაღვიძება, ნეკრომოქნილობა, ნეკროგლობალიზაცია, ნეკროსპორტი, ნეკროცხოვრება, ნეკროსისულელე, ნეკროდიალოგი, ნეკროწყურვილი, ნეკროდისციპლინა, ნეკროლამპედუზა, ნეკროზრდა, ნეკროერთგულება, ნეკროჰიგიენა, ნეკროქირურგია, ნეკრორესპუბლიკა, ნეკროფეისბუკი, ნეკროფოტოგრაფია, ნეკროსიზუსტე, ნეკრობიზნესი, ნეკროპატივისცემა, ნეკროგაზიარება, ნეკროავტონომია, ნეკროცვლილება, ნეკრომეტროპოლისი, ნეკრომოთმინება, ნეკროწიგნიერება, ნეკროდახმარება, ნეკროსათამაშო, ნეკროდრამა, ნეკროკეთილგანწყობა, ნეკროზეიმი, ნეკროგამოცდილება, ნეკროპლანეტა, ნეკროქონება, ნეკროგუგლი, ნეკროთვალთვალი, ნეკროსტაბილურობა, ნეკროგახსენება, ნეკროსვეტი, ნეკრომადა, ნეკრომგზნებარება, ნეკროუკეთესობა, ნეკროთვითი, ნეკროშენ, ნეკროჩვენ...


შეუძლია ფინანსურ კაპიტალიზმს სხვა რამის შექმნა? ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ? ისევ გვინდა მოქმედება?


— 11 აპრილი 2015


[1] უსასრულო საუბრები” (The Infinite Conversations) შვეიცარიელი კურატორის, ხელოვნების ისტორიკოსისა და კურატორის ჰანს ულრიხ ობრისტის საუბარს უყრის თავს 31-მდე ხელოვანთან, მეცნიერთან და მოაზროვნესთან


[2] Liberté, égalité, fraternité - “თავისუფლება, თანასწორობა, ძმობასაფრანგეთის ეროვნული დევიზად ითვლება და საფრანგეთის რევოლუციას (1789—1799) უკავშირდება


[3] ცხვარი დოლიპირველი ძუძუმწოვარი, რომლის კლონირებაც წარმატებით განხორციელდა ზრდასრული სომატური უჯრედისგან.


[4]  სიტყვა, რომელიც ბგერითი შემადგენლობით ემთხვევა სხვა სიტყვას, ხოლო მნიშვნელობითა და წარმოშობით განსხვავდება მისგან.


[5] იგულისხმება სოციალური კონტრაქტის თეორია.


[6] იგულისხმება ფრანსუა ოლანდი, საფრანგეთის პრეზიდენტი 2012-2017 წლებში.


[7] ონლაინ სივრცეში მეკობრეობა/პირატული მოხმარება გულისხმობს საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრების (კინო, მუსიკა, პროგრამები და .) უნებართვოდ ჩამოტვირთვასა და გავრცელებას.