„ხუთი წამის წესის” შესახებ გაგიგია? როცა რაიმე სახის საკვები დაგივარდება, თუკი იქამდე მოასწრებ აღებას, სანამ 5 წამი გავა, დავარდნილი საკვები სუფთა და უსაფრთხო იქნება საჭმელად. ჩვენც ამ პრინციპით ვცხოვრობთ. ვცდილობთ, რომ დავვარდებით, დიდხანს არ დავრჩეთ წაქცეულები და მალევე წამოვდგეთ“.
„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG) წარმოგიდგენთ მანო სვანიძის ფოტოგამოფენას, რომელიც სამაიას ბაღში (ბარ "კანუდოსის" წინ) გაიმართება და ტრანსი* ადამიანების ხსოვნას მიეძღვნება.
ტრანსგენდერი თემი საქართველოში განსაკუთრებით დაუცველია პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ჩაგვრის მიმართ. სოციალური გარიყულობა ტრანსი* ადამიანების ცხოვრებაში ხშირად ადრეულ ასაკში, ოჯახისგან უარყოფით იწყება და ტრანსფობიის სისტემ[ატ]ური ჯაჭვით გრძელდება.
ჩვენი სახელმწიფო დღეს ტრანსგენდერ ადამიანებს ვერ სთავაზობს მინიმალურ სამართლებრივ, სამედიცინო თუ სოციალურ მხარდაჭერას, რაც პირველ რიგში გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმის არარსებობით გამოიხატება.
ტრანსფობიას თემის წევრები აწყდებიან ცხოვრების ყველა სფეროში, როგორიცაა განათლებაზე, დასაქმებაზე, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა, პოლიტიკური და პოლიციური ტრანსფობია, ულტრა-მემარჯვენე, ნაციონალისტური და სხვა საზოგადოებრივი და იდეოლოგიური ჯგუფების მხრიდან დისკრიმინაცია და ტრანსფობიური დამოკიდებულებების წარმოება.
როგორც ტრანსფობიურ სიძულვილს, ისე მძიმე სოციალურ გარიყულობას, სამწუხაროდ, საქართველოშიც ყავს მსხვერპლები. ხაზგასასმელია, რომ ქართულ სასამართლოს 2014-2016 წლებში, ტრანსფობიური სიძულვილის ნიადაგზე მოკლული ქალების - საბი ბერიანის და ზიზი შეყილაძის საქმეებში სიძულვილის მოტივი არ დაუდგენია.
მანო სვანიძის ფოტოსერია ტრანსი* ქალების ყოველდღიურობის ჩვენების მცდელობაა, რომლებიც ტრანსფობიურ გარემოში გადარჩენას ირჩევენ და არ ნებდებიან.
გამოფენასთან ერთად წარმოგიდგენთ ანიმაციური ფილმების ციკლიდან "ქამრიან სონას", რომელიც WISG-მა "აღმოსავლეთ ევროპული კოალიცია ლგბტ + თანასწორობისათვის" რეგიონული კამპანიისთვის მოამზადა.
ფოტოსერია "ხუთი წამის წესი" კი შეიქმნა თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმის მხარდაჭერით, იუსტინა მიელნიკიევიჩის/MAPS მენტორობით.
გამოფენის გახსნამდე, 22 ნოემბერს 16:00 საათზე, გიწვევთ, არტისტ მარეიკე ვენცელის პროექტზე - ტრანს აუდიო გასეირნება - „ტყის ვარდი“.