ფემინისტური ფილმების ფესტივალით “როზადან სიმონამდე”, რომელიც 8 მარტის კვირაში, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად გვქონდა დაგეგმილი, გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ და რუსეთის თავდასხმით დაზარალებულებს სოლიდარობას გამოვუცხადებთ.
ფემინისტური ფილმების ფესტივალი “როზადან სიმონამდე” 2022 წლის გამოშვებით ბრუნდება.
7, 8 და 9 მარტს საფესტივალო კინოჩვენებები და სხვა ღონისძიებები კინოთეატრ ამირანში გაიმართება.
სპეციალურად შერჩეულ 3 დღიან პროგრამაში ქალი რეჟისორები მოგვითხრობენ თანამედროვე პერიოდის ფემინისტურ და ქვიარ კოლექტივებზე, მოძრაობებსა და არტისტებზე, რომელთა პოლიტიკური წინააღმდეგობა და შემოქმედებითი რეფლექსია თანაბარი გზნებით მიემართება როგორც მზარდად ულტრა-მემარჯვენე, ნეოლიბერალურ, ანტი-დემოკრატიულ, ფაშისტურ, მილიტარისტურ რეჟიმებს, მთავრობებსა და ინსტიტუციებს, ისე პატრირქალურ, სექსისტურ, ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ კულტურულ ნორმებს.
7 მარტის საპრემიერო ჩვენებაზე, საქართველოსა და მსოფლიოში დემოკრატიული გზით არჩეული პირველი მუსლიმი დეპუტატი ქალის, ფარი ხანუმ სოფიევას ცხოვრებას WISG-ის ახალი ანიმაციური მხატვრული ფილმი გააცოცხლებს და საშუალებას მოგვცემს განვიხილოთ და შევადაროთ საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კონტექსტი, შესაძლებლობები და დაბრკოლებები 100 წლის წინ და დღეს.
8 მარტის კინო-მოგზაურობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს არსებულ რეალობაში: 3 დოკუმენტური ფილმი სლოვენიიდან, უკრაინიდან და საქართველოდან, საერთო სოციალისტური წარსულისა და ნეოლიბერალური გლობალური კაპიტალიზმის და მზარდი მილიტარისტული ტერორით სავსე აწმყოს ფონზე, პოლიტიკურ კონტექსტს იკვლევს და ფემინისტი, ლესბოსელი, ქვიარ აქტივისტების და ხელოვანების მიმართებას გვაჩვენებს პოლიტიკასთან, ეკონომიკასთან, კულტურასთან, ხელოვნებასთან და სამართლებრივ ინსტიტუციურ სტურუქტურებთან.
9 მარტის პროგრამა, ბრაზილიიდან ორი შთამბეჭდავი დოკუმენტური ფილმით, ტრანს აქტივისტსა და არტისტს გაგვაცნობს და ქვეყნის ულტრა-მემარჯვენე მთავრობისა და ულტრა-მაჩოისტური სოციალური ნორმების წინააღმდეგ მათ შთამაგონებელ წინააღმდეგობაზე მოგვითხრობს.
ფესტივალის პროგრამა 2022
7 მარტი
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა
17:00 - მიღება და გახსნა
17:30 - საპრემიერო ჩვენება:
“ფარი ხანუმ სოფიევა” - ანიმაციური ფილმი (საქართველო, 2022)
18:00 - მოხსენება და დისკუსია:
“დასაკარგი აღარაფერია - როდის ერთვებიან საქართველოში აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელი ქალები გადაწყვეტილების მიღების პროცესში.“ - კამილა მამედოვა
8 მარტი
დოკუმენტური ფილმები სლოვენიიდან, უკრაინიდან და საქართველოდან
16:00 - ურთიერთობები: ლესბოსური ჯგუფ ŠKUC-LL-ის 25 წელი (სლოვენია, 2012)
17:30 - 18:00 - შესვენება
18:00 - ახალი სიცოცხლე: ხელოვნება, აქტივიზმი და პოლიტიკა უკრაინაში (უკრაინა, 2018)
18:30 - ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი (საქართველო, 2022)
9 მარტი
ბრაზილიური ტრანს აქტივიზმი და ხელოვნება ფოკუსში
17:00 - ინდიანერა - (ბრაზილია, 2019)
19:00 - ცისფერი ტრანსვესტიტი - (ბრაზილია, 2018)