search close
picture განცხადება

17 მაისის საქმეზე ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

20 სექტემბერი 2016

ხვალ, 2016 წლის 21 სექტემბერს, 13:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გაიმართება 2013 წლის 17 მაისის საქმეში ბრალდებული პირების: ბექა სალუქვაძის, ტიტალ დავრიშიანის, ირაკლი ბასილაიას (მცხეთის წმ. იოანეს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენი იოანე) და გიორგი ბასიაშვილის სასამართლო პროცესი. მათ ბრალად ედებათ, 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, ძალადობით ან ძალადობის მუქარით. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2015 წლის 23 ოქტომბერს, თბილისის საქალაქოს სასამართლოში, მოსამართლე დავით მგელიაშვილმა, ბრალდებული პირები უდანაშაულოდ სცნო, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება, პროკურატურის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში.

საქართველოს სახალხო დამცველი, თავის განცხადებაში, 2013 წლის 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, აღნიშნავდა: ,,გარემოებების მოკვლევით ირკვევა, რომ უშუალოდ აქციის ჩაშლის პროცესში ადგილი ჰქონდა არაერთ ინციდენტს, რაც თვითმხილველებისა და დაზარალებულების გადმოცემით გამოიხატა მათთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და, რიგ შემთხვევაში, ფიზიკური ანგარიშსწორების ფორმებში. თუმცა, სახალხო დამცველის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს აქციის შემდგომ დღეებში, 18, 19, 20 მაისს აქციის მონაწილეთა და ორგანიზაციების წევრების მიმართ ინდივიდუალური ძალადობრივი ანგარიშსწორების ფაქტები და თანმდევი სახიფათო ტენდენციები, რომელიც განსხვავებული შეხედულებისა თუ ცხოვრების წესის მქონე საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს’’.

17 მაისის მოვლენების გამოძიების გაჭიანურების შესახებ ინფორმაცია მოხვდა საქართველოს სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშშიც და ომბუდსმენმა თავის 2016 წლის განცხადებაშიც აღნიშნა, რომ ,,კვლავ პრობლემას წარმოადგენს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების დროული, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული გამოძიების წარმართვა. სამი წლის გასვლის მიუხედავად, 2013 წლის 17 მაისს განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების გამო არცერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.’’

ფოტო: მზია საგანელიძე, "რადიო თავისუფლება"