search close
picture განცხადება

ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღე - 20 ნოემბერი, 2026

20 ნოემბერი 2026

20 ნოემბერი ტრანსგენდერ ადამიანთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. 1999 წელს დაარსებული თარიღი ტრანსფობიის ნიადაგზე მოკლული ადამიანების ხსოვნას ეძღვნება. მისი აღნიშვნით, ტრანს აქტივისტები ცდილობენ მსოფლიოს ყურადღება ყოველ წელს მიაპყრონ ტრანსი ადამიანებისადმი მიმართული სიძულვილის მასშტაბურობასა და სისტემურ ხასიათს.

ამასთან, ტრანსფობიის ნიადაგზე მოკლული ქალების შეფარდებითი რიცხვი ცხადად აჩვენებს ტრანსფობიის მიზოგინიასთან მჭიდრო გადაჯაჭვულობას.

ორგანიზაცია „ტრანსგენდერ ევროპის“ (TGEU) კვლევითი პროექტის „ტრანს მკვლელობათა მონიტორინგის“ (TMM) მიხედვით 2025 წელს ტრანსფობიური მოტივით ჩადენილ მკვლელობათა 90 %, 2026 წელს კი - 95 % შემთხვევაში - მსხვერპლი ტრანსგენდერი ქალი ან ტრანსფემინური ადამიანი იყო და ეს მონაცემი წინა წლების მაჩვენებლებს იმეორებს (TMM 2009 წლიდან აღრიცხავს მსოფლიო მასშტაბით რეგისტრირებულ მკვლელობებს). [1] [2]

გასულ 2025 წელს მონიტორინგის კიდევ ერთი საგანგაშო მაჩვენებელი გამოიკვეთა,  რომელმაც აჩვენა, რომ ბოლო ორ წელში გაორმაგდა ტრანსგენდერი აქტივისტებისა და სათემო ლიდერების მკვლელობათა მაჩვენებელი და 14 %-ს მიაღწია (შედარებით 9%-სა 2024 წელს და 6%-სა 2023 წელს). 

ტრანსფობიური ნიშნით მკვლელობებს მსოფლიო მასშტაბით, ყველაზე მეტად ეწირებიან აფრო-ამერიკული წარმოშობის ტრანსი ქალები და ტრანსი სექს მუშაკები, რაც ასევე თვალსაჩინოდ ააშკარავებს მიზოგინიის, რასიზმის და ქსენოფობიის გადაჯაჭვულობას.

ბოლო არაერთი წელია, 20 ნოემბერს, ყოველწლიურად საქართველოშიც ვიხსენებთ და ჯიუტად ჩამოვთვლით ხოლმე იმ ქალების სახელებს, რომელთა ხანმოკლე სიცოცხლე ტრანსმიზოგინურ სიძულვილს შეეწირა: ზიზი შეყილაძე, ბიანკა შიგუროვა, საბი ბერიანი, კესარია აბრამია…

ეს სიძულვილი კი - ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი - საქართველოში მმართველი პარტიის დონეზე იწარმოება.

ბოლო 2 წელია, ფაშისტური შინაარსის და მიზნების მქონე ანტი-ლგბტ კანონის მიღებით, საქართველომ განსაკუთრებული ადგილი დაიკავა იმ ქვეყნების რიგში, სადაც ტრანს და ზოგადად, ლგბტი ადამიანების მიმართ სიძულვილის მიზანმიმართული წარმოება არამხოლოდ პოპულისტური რიტორიკის ნაწილია, არამედ სამართლებრივ დონეზე გამყარდა.

შეუძლებელია იმის აღრიცხვა, რამდენი არაპირდაპირი მსხვერპლი ჰყავს არაღიარების, დეჰუმანიზების, გარიყვის ამ პოლიტიკას და მხარდაჭერის სერვისებზე წვდომის ყველა კარის დახშობას. ტრანსფობიურ სიძულვილს ეწირებიან არამხოლოდ პირდაპირ და ინდივიდუალურად, არამედ ირიბად და სისტემურად, და ამასთან სიმბოლურადაც - როდესაც სახელმწიფო ერთი მხრივ განტევების ვაცად იყენებს ტრანს ადამიანებს, და მეორე მხრივ დაჟინებით ცდილობს მათ სამართლებრივად არაღიარებას.

ეს ფაშისტური პოლიტიკა უნდა დასრულდეს. უნდა დასრულდეს ის, რომ ტრანსი და ზოგადად ლგბტი ადამიანები სახელმწიფოს მიერ მტრად მონიშნული სოციალური ჯგუფია და მათ მოკლულ სხეულებს ისე ვითვლით, როგორც ომში დაღუპულებს.

მაგრამ სანამ ამ მდგომარეობაში ვართ, მოკლულთა თვლა და ჩამოთვლა ჩვენი მეხსიერების პოლიტიკის ნაწილია, ხსოვნა და არდავიწყება - არაღიარების პოლიტიკისადმი წინააღმდეგობა.


[1] https://tgeu.org/trans-murder-monitoring-2025-reveals-new-trend-in-anti-trans-violence-systematic-targeting-of-activists-and-movement-leaders/

[2] https://www.tgeu.org/trans-murder-monitoring-2026-shows-that-every-32-hours-a-trans-person-was-murdered/