search close
picture განცხადება

ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმის ფაქტის გამოძიებას მონიტორინგს WISG-ის იურისტები უწევენ

15 ოქტომბერი 2016

გუშინ, 14 ოქტომბერს, საღამოს 8-დან 9 საათის შუალედში, ორთაჭალის ტერიტორიაზე მძიმედ დაჭრილი ტრანსგენდერი ქალის საქმეს მონიტორინგს "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" (WISG) იურისტები უწევენ. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით არის აღძრული, (განზრახ მკვლელობის მცდელობა).

WISG-ის იურისტის, ციალა რატიანის თქმით, პოლიციამ უკვე დაკითხა მოწმეები; დიდი ალბათობით შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია კამერებიც. მისივე თქმით, შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს, თუმცა სახეზეა მოწმე, რომელმაც მსხვერპლი იპოვა და სასწრაფო დახმარებას გამოუძახა.

იმისთვის, რომ WISG-ის იურისტებმა გამოძიების პროცესში ჩართვა შეძლონ, საჭიროა დაზარალებულის თანხმობა. მსხვერპლი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, პაციენტს ყელის არეში მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება და სახის ძვლები აქვს მოტეხილი.

"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" არ გამორიცხავს, რომ დანაშაული შესაძლოა დამამძიმებელ გარემოებაში, სიძულვილის ნიადაგზე იყოს ჩადენილი.