search close
picture განცხადება

პროკურატურა ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმაში ბრალდებული პირის პატიმრობას ითხოვს

18 ოქტომბერი 2016
დღეს, 18 ოქტომბერს, თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა პროკურატურამ 2016 წლის 14 ოქტომბერს ტრანსგენდერ ქალზე, ზ.შ-ზე თავდასხმაში ბრალდებული პირის, გ.მ-ის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
სასამართლო სხდომა აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადასაწყვეტად თბილისის საქალაქო სასამართლოში 24 საათში უნდა გაიმართოს, თუმცა კონკრეტული დრო ამ ეტაპზე უცნობია. საქმეს მოსამართლე რევაზ ნადარაია განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 14 ოქტომბერს, საღამოს 9 საათზე , ორთაჭალის ტერიტორიაზე ეჭვმიტანილი გ.მ. თავს დაესხა ტრანსგენდერ ქალს. მსხვერპლს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული თავისა და ყელის არეში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა და საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" (WISG) ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძესა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს პირად კონტროლზე აიყვანონ ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტის გამოძიება და ყურადღება გაამახვილონ თითოეული იმ დეტალის გამოკვლევაზე, შესწავლასა და ანალიზზე, რაც შეიძლება მიუთითებდეს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე.
ამასთანავე, საქართველოს სახალხო დამცველმა და „კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც მოუწოდებენ შსს-სა და პროკურატურას, გამოძიების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს სავარაუდო სიძულვილის მოტივის შეფასებას.