search close
picture განცხადება

ტრანსგენდერ ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

19 ოქტომბერი 2016

დღეს, 11 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ტრანსგენდერის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გ.მ-ის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე სასამართლომ ბრალდებულის წინასწარ პატიმრობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ამასთანავე, გადაწყდა, რომ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 8 დეკემბერს, 12 საათზე გაიმართება, რომელზეც გაირკვევა საქმე არსებითი განხილვისთვის უნდა გადაეცეს სასამართლოს თუ არა.

დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საქმეში დანაშაულის სიძულვილით მოტივირება, შესაბამისად 53-ე მუხლის გამოყენების საჭიროება არ იკვეთება. პროკურატურას აღნიშნულის არგუმენტად ის გარემოება მოჰყავს, რომ ბრალდებული დაზარალებულს იცნობდა და მისთვის ცნობილი იყო დაზარალებულის გენდერული იდენტობის შესახებ.

პროკურატურის თქმით, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებული პანელზე მივიდა და დაზარალებელს უთხრა, მისი შეყვარებულისთვისაც მიეცა პანელზე მუშაობის უფლება. ამის შემდეგ ღია სივრცეში მოხდა თავდასხმა, ბრალდებულმა დაზარალებულს ბეტონი ჩაარტყა, შემდეგ ცივი იარაღი გამოიყენა.

"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" (WISG) იურისტები პროკურატურისგან მოითხოვენ საქმეში გამოყენებულიქნას 53-ე მუხლი. იურისტების თქმით, ის ფაქტი, რომ ბრალდებული დაზარალებულს იცნობდა, არ გამორიცხავს იმას, რომ დანაშაული სიძულვილის მოტივით იყოს ჩადენილი. WISG-ის იურისტები პროკურატურისგან დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენას მოითხოვენ.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" (WISG) ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძესა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს პირად კონტროლზე აიყვანონ ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტის გამოძიება და ყურადღება გაამახვილონ თითოეული იმ დეტალის გამოკვლევაზე, შესწავლასა და ანალიზზე, რაც შეიძლება მიუთითებდეს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა პროკურატურამ 2016 წლის 14 ოქტომბერს ტრანსგენდერ ქალზე, ზ.შ-ზე თავდასხმაში ბრალდებული პირის, გ.მ-ის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინ, 18 ოქტომბერს, მიმართა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენიდან მიმალვაში მყოფი ბრალდებული პირი 16 ოქტომბერს, ქ. რუსთავში დააკავეს სსსკ-ის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა).

ბრალდბული გ.მ. ტრანსგენდერ ქალს ორთაჭალის ტერიტორიაზე, საღამოს საათებში, 14 ოქტომბერს დაესხა თავს. მსხვერპლს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული თავისა და ყელის არეში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა და საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.