search close
picture განცხადება

კონკურსი ბლოგერებისა და ჟურნალისტებისთვის - გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

21 ოქტომბერი 2016

კამპანიის #ამხილეძალადობა ფარგლებში "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" (WISG) აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისა და ბლოგერებისათვის გენდერულ ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სტატიების/ბლოგების მოსამზადებლად.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" (WISG) წარმოადგენს ქალთა საკითხებზე მომუშავე ფემინისტურ ორგანიზაციას, რომლის სამიზნე ჯგუფს შეადგენენ ლესბოსელი და ბისექსუალი ქალები, ტრანსგენდერი ადამიანები, ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი, სოფლად მაცხოვრებელი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სხვა მარგინალიზებული ჯგუფის წარმომადგენელი ქალები.

2015 წელს "გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის" ფარგლებში, WISG-მა სოციალურ ქსელში წამოიწყო აქცია #ამხილეძალადობა, რომელიც ფოტოკამპანიის გარდა, ითვალისწინებდა გენდერული ძალადობის თემატიკაზე ცალკეული სტატიებისა და ბლოგების გამოქვეყნებასა და გავრცელებას ვებ-გვერდებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით. კამპანიის ფარგლებში მომზადებული სტატიები/ინტერვიუები/ბლოგები/თარგმანები თემატურად უკავშირდებოდა გენდერული ძალადობის სხვადასხვა ფორმებს/გამოვლინებას.

ორგანიზაცია აპირებს წელსაც გააგრძელოს კამპანია და აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის.

კამპანიის ყოველი დღე დაკავშირებული იქნება გენდერული ძალადობის ერთ კონკრეტულ ფორმასთან, რომელიც წინასწარაა განსაზღვრული ორგანიზაციის მიერ. შერჩეულ ჟურნალისტებს/ბლოგერებს დაევალებათ სტატიის/ბლოგის მომზადება კონკრეტულ თემაზე, რომელიც განთავსდება WISG-ის კუთვნილ ვებ-გვერდებზე და გავრცელდება სოციალური ქსელის მეშვეობით. სტატიის/ბლოგ-პოსტის მოცულობა არ უნდა იყოს 500 სიტყვაზე ნაკლები და 700 სიტყვაზე მეტი.
ანაზღაურება გაიცემა ჰონორარული სისტემით.

კამპანიის ფარგლებში შერჩეული თემები:

** რეპროდუქციული უფლებები და აბორტი;
** ფემიციდი, ინფანტიციდი და შერჩევითი აბორტები;
** ქამინგაუთი და ეკონომიკური დამოუკიდებლობა;
** სექსუალური ძალადობა;
** ფსიქოლოგიური ძალადობა ლბტ თემის წევრებზე;
** ქალის ობიექტივაცია;
** კომერციული სექს-სამუშაო და მასთან დაკავშირებული რისკები;
** ქალი უფლებადამცველები ქართულ რეალობაში ;
** აივ-შიდსი;
** კიბერ-ბულინგი;
** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები - პრობლემები და გამოწვევები;
** ქალის სექსუალობის კონტროლი;

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

** მუშაობს/უმუშავია ბეჭდურ/ონლაინ მედია-საშუალებაში, აქვს საკუთარი ბლოგი ან/და არის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი;
** აქვს დაწერილი სტატია/ნაშრომი/კვლევა/ბლოგ-პოსტი გენდერულ და ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** დაინტერესებულია აღნიშნული თემატიკით;
** პასუხისმგებლობით ეკიდება დამკვეთთან შეთანხმებულ ვადებს და პირობებს;

კონკურსით დაინტერესებულმა პირებმა ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე beriatata@gmail.com უნდა გამოაგზავნონ შემდეგი ინფორმაცია:

** სახელი, გვარი
** საკონტაქტო მონაცემები
** დასაქმების ადგილი
** ბმულები გენდერული ძალადობის/ქალთა უფლებების თემაზე წარსულში გამოქვეყნებული სტატიების/ბლოგ-პოსტების შესახებ.

დასახელებაში მიუთითეთ: "16 დღიანი კამპანია_თქვენი სახელი".

შერჩეულ ავტორებთან დაკავშირება მოხდება არაუგვიანეს 7 ნოემბრისა.