search close
picture განცხადება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო, kvira.ge-ის წინააღმდეგ, WISG-ის განცხადებას განიხილავს

24 ოქტომბერი 2016

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის’’ (WISG) განცხადება ,,საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი კვირის” მიერ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით. სადავო მასალა 2016 წლის 17 ოქტომბერს გამოქვეყნდა. სტატია “ვინ არის ტრანსგენდერი, რომელსაც სასტიკად გაუსწორდნენ? – ,,ერთმა ქვა ჩაარტყა, მეორემ ყელი გამოჭრა” ტრანსგენდერი ქალის მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება.

kvira.ge-ის მიერ მომზადებული მასალა შეიცავს დაზარალებულის პერსონალურ მონაცემებს: სახელი და გვარი, ასაკი (პირადობის მოწმობის მიხედვით) და ფოტოსურათი. საქართველოს კანონით ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და კონსტიტუციით, ასევე, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, აკრძალულია პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა და პერსონალური მონაცემების გასაჯაროვება მისი წინასწარი, ინფორმირებული თანხმობის გარეშე.

ჟურნალისტი ტრანსგენდერ ქალს ხან უბრალოდ ,,ტრანსგენდერად’’ მოიხსენიებს, ხან მისი სახელით და გვარით პირადობის მოწმობის მიხედვით და ხანაც ,,ტრანსგენდერ ზიზის’’ უწოდებს.

WISG მიიჩნევს, რომ kvira.ge-ის მიერ, დაირღვა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი (ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია) და მე-10 პრინციპი (ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი) და მასალა მომზადდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ, საქმის – “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი ჟურნალისტების: “ლევან სუთიძის, ქეთი კვაჭანტირაძის, ბექა მჭედლიშვილის, თეა სიჭინავას და ნანუკა ქაჯაიას წინააღმდეგ” განხილვილის შემდეგ გაცემული რეკომენდაციის ''ტრანსგენდერ ადამიანებთან დაკავშირებული თემის გაშუქების შესახებ'' უგულვებელყოფით.

ზემოაღნიშნული რეკომენდაციის თანახმად, სიტყვა „ტრანსგენდერი“ არის ზედსართავი სახელი და არ შეიძლება, გამოიყენებოდეს, როგორც არსებით სახელი ან გადაკეთდეს ზმნიზედად. ასევე, ტრანსგენდერი ადამიანის მიერ არჩეული სახელი უნდა იქნას აღიარებული ჟურნალისტების მიერ მის ნამდვილ სახელად, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ეს სახელი მის საბუთებში შეცვლილი.

ხშირად, სხვადასხვა მიზეზის გამო, ტრანსგენდერ ადამიანებს არ მიუწვდებათ ხელი სახელის ან/და სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლის პროცედურებზე. ყველა ტრანსგენდერი ადამიანი იმსახურებს მოპყრობას ისე, თითქოს მათ შეძლეს სახელის ლეგალურად შეცვლა და მათ მიერ არჩეული სახელი ოფიციალური სახელიცაა.