search close
picture განცხადება

სასჯელის მაქსიმუმი გაუპატიურებისთვის

25 ოქტომბერი 2016

2016 წლის 19 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, დამნაშავედ ცნო პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, 137-ე და 138-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს ძარცვას, გაუპატიურებას და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას. დამნაშავეს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა (აღნიშნული დანაშაულების ჩადენისათვის გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმი). დაზარალებული ქალის ინტერესებს გამოძიებასა და სასამართლოში WISG-ის ადვოკატი ციალა რატიანი იცავდა.

ციალა რატიანის თქმით: ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და განსაკუთრებით გაუპატიურება, ძალიან რთული სამტკიცებელია. ამის გამო, ხშირად, ასეთი საქმეების წარმოება პოლიციაში გამოძიების ეტაპზევე წყდება. ამასთან, გაუპატიურება მხოლოდ ფიზიკურ კი არა, ფსიქოლოგიურ ტრავმასაც იწვევს და მსხვერპლს, როგორც წესი, ძალიან უჭირს ამაზე საუბარი ან თუნდაც პოლიციაში ჩვენების მიცემა. თუ გავითვალისწინებთ როგორ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, ამ ყველაფერს სტიგმაც ემატება - როგორც წესი, გაუპატიურების შემთხვევაში საზოგადოება ხშირად ისევ მსხვერპლს ადანაშაულებს ხოლმე („ალბათ, გამომწვევად ეცვა ან იქცეოდა“, „რა უნდოდა მარტოს ასეთ დროს და ასეთ ადგილას“...). ამ ყველაფრის წყალობით, ასეთი დანაშაულის უმეტესობა უხილავი და რეაგორების გარეშე რჩება. საზოგადოების დამოკიდებულების გარდა, აუცილებელია პოლიციელმა იცოდეს მსხვერპლთან მუშაობის სპეციფიკა, რისთვისაც მისი კვალიფიკაცია მუდმივად უნდა ამაღლდეს’’.

ფსიქოლოგი თამარ თანდაშვილი თავის სტატიაში ,,გაუპატიურება – ქალზე სექსუალური ძალადობის კულტურული ჟანრი’’ წერს: ,,2013 – 2015 წლებში ჩემთან მოსული პაციენტებიდან 31 ქალი და 4 კაცი გაუპატიურების მსხვერპლია. (გაუპატიურების ამ სტატისტიკაში მე არ ვგულისხმობ ა. გაუპატიურების მცდელობას და ბ. სექსუალური ძალადობის სხვა ფორმებს). ერთი ჩვეულებრივი კერძო პრაქტიკის მქონე სპეციალისტისთვის, რომელიც არც კრიზისულ ცენტრში მუშაობს და არც ტრავმაზე სპეციალიზებულ კლინიკურ დაწესებულებაში, ხუთ მილიონიანი მოსახლეობის ფონზე ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია.’’

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 137-141 მუხლებით გათვალისწინებული სქესობრივითავისუფლებისადახელშეუხებლობისწინააღმდეგმიმართული დანაშაულის შედეგად, თუ არასრულწლოვნებს არ ჩავთვლით, 176 ადამიანია დაზარალებული. ზემოთქმული პრობლემები გათვალისწინებით - მსხვერპლის სტიგმატიზაცია, ასეთი ტიპის დანაშაულის მტკიცებასთან დაკავშირებული სირთულეები, პოლიციის დაბალი მგრძნობელობა და სხვ. - საეჭვოა, რომ ეს სტატისტიკა სრულად ასახავდეს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას.

ციალა რატიანის თქმით, „სისტემური ცვლილებების გარდა, მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიექცეს ასეთი დანაშაულის გახსნისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასაც. მსხვერპლმა უნდა იცოდეს, რომ ასეთი დანაშაული, არსებული სირთულეების მიუხედავად დაუსჯელი არ დარჩება“.