search close
picture განცხადება

აბორტის უფლება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის

15 ნოემბერი 2016

2016 წლის 10 ნოემბერს ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა’’ (WISG) საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენის მოთხოვნით. ორგანიზაციამ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში (გაუპატიურება) დაზარალებული პირების საქმისწარმოებისას გამოავლინა, რომ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით არ ფინანსდება დაზარალებულისათვის ორსულობის შეწყვეტის სამედიცინო პროცედურები.

"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" (WISG) გამოითხოვა 2014-2016 წლებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) განაჩენის გამოტანით განხილული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს უზენაესი სასამართლოდან. სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით:

,,2014 წელს გაუპატიურების მუხლით განხილულია 11 საქმე - 13 პირის მიმართ,

2015 წელს განხილულია 11 საქმე - 11 პირის მიმართ,

2016 წლის 7 თვეში, განხილულია 11 - საქმე 11 პირის მიმართ.’’

,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფს’’ (WISG) მიაჩნია, რომ ამგვარი პრაქტიკით ხორციელდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალთა არაპირდაპირი დისკრიმინაცია სქესის ნიშნით, რადგან ისინი ამ დანაშაულში დაზარალებული მამაკაცებთან შედარებით არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში არიან.

ორგანიზაციის იურისტის ქეთი ბახტაძის განმარტებით: ,,განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქალებს ჰქონდეთ ორსულობის შეწყვეტის უფლება და ხელი მიუწვდებოდეთ შესაბამის სერვისზე ისეთ შემთხვევებში, როდესაც ორსულობა ქალის მიმართ ძალადობის შედეგად დგება. არცერთი ქალი არ უნდა იყოს იძულებული, რომ მუცლით ატაროს არასასურველი ნაყოფი’’.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური მომხსენებელი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე თავის ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის წარდგენილ 2016 წლის ანგარიშში აღნიშნავს, რომ ,,ორსულობის შეწყვეტასთან დაკავშირებული ხარისხიანი სერვისები უნდა არსებობდეს და იყოს ხელმისაწვდომი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, შემდეგ შემთხვევებში: როდესაც დედის სიცოცხლე და ჯანმრთელობა რისკის ქვეშაა, როდესაც დედა გაუპატიურების ან ინცესტის მსხვერპლია და როდესაც ემბრიონი დაღუპულია. ორსულობის შეწყვეტის შემდგომი ზრუნვა უნდა იყოს ხელმისაწვდომი მოზარდი გოგონებისთვის, იმისგან დამოუკიდებლად ლეგალურად მოხდა ორსულობის შეწყვეტა, თუ არალეგალურად’’.

,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი’’ (WISG) იმედოვნებს, რომ საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნულ პრაქტიკას სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალთა მიმართ არათანაბარ მოპყრობად შეაფასებს და კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიიღებს მის აღმოსაფხვრელად.