search close
picture განცხადება

14 ოქტომბრის სასტიკი თავდასხმის მსხვერპლი ტრანსგენდერი ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

23 ნოემბერი 2016

დღეს, 22 ნოემბერს 14 ოქტომბრის სასტიკი თავდასხმის მსხვერპლი ტრანსგენდერი ქალი ზ.შ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ექიმების თქმით, გარდაცვალება სიცოცხლესთან შეუთავსებელმა ტრავმებმა გამოიწვია; მიზეზებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით იქნება ცნობილი. ტრანსგენდერი ქალი საავადმყოფოში თავის ქალასა და ყელის არეში მიყენებული მრავლობითი დაზიანებებით 14 ოქტომბერს იქნა გადაყვანილი.

თავდამსხმელმა ზ.შ.-ს მძიმე ჭრილობები თავისა და ყელის არეში 14 ოქტომბერს, დღის 3-დან 4 საათის შუალედში, ორთაჭალის ტერიტორიაზე მიაყენა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენიდან მიმალვაში მყოფი ბრალდებული პირი 16 ოქტომბერს, ქ. რუსთავში დააკავეს სსკ-ის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა).

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გ.მ-ის საქმეზე სასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართა. პროცესზე სასამართლომ ბრალდებულის წინასწარ პატიმრობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ამასთანავე, გადაწყდა, რომ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 8 დეკემბერს, 12 საათზე გაიმართება, რომელზეც გაირკვევა საქმე არსებითი განხილვისთვის უნდა გადაეცეს სასამართლოს თუ არა. პროკურატურამ დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საქმეში დანაშაულის სიძულვილით მოტივირება, შესაბამისად 53-ე მუხლის გამოყენების საჭიროება არ იკვეთება.

"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" (WISG) იურისტები პროკურატურისგან მოითხოვენ საქმეში გამოყენებულიქნას 53-ე მუხლი. იურისტების თქმით, ის ფაქტი, რომ ბრალდებული დაზარალებულს იცნობდა, არ გამორიცხავს იმას, რომ დანაშაული სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით სიძულვილის ნიადაგზე იყოს ჩადენილი. შეგახსენებთ, სიძულვილით მოტივირება დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებაა.