search close
picture განცხადება

ზიზი შეყელაძის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი 11 იანვარს გაიმართება

9 იანვარი 2017

2017 წლის 11 იანვარს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება ტრანსგენდერი ქალის ზიზი შეყელაძის მკვლელობაში ბრალდებული პირის გ. მ.-ს სასამართლო პროცესი. 2016 წლის 8 დეკემბერს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ. გ. მ. დაკავების შემდგომ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" (WISG) ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძესა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს პირად კონტროლზე აიყვანონ ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის ფაქტის გამოძიება და ყურადღება გაამახვილონ თითოეული იმ დეტალის გამოკვლევაზე, შესწავლასა და ანალიზზე, რაც შეიძლება მიუთითებდეს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე.

ბრალდებული გ. მ. 14 ოქტომბერს, ტრანსგენდერ ქალს ორთაჭალის ტერიტორიაზე, საღამოს საათებში, დაესხა თავს. ქალს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული თავისა და ყელის არეში და საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე 40-დღიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ შეიცვალა საქმის კვალიფიკაცია და გ. მ.-ს ბრალად ედება ზიზი შეყელაძის განზრახ მკვლელობა. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

დაზარალებულის უფლებამონაცვლის - მისი დედის ინტერესებს ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის'' (WISG) იურისტი ციალა რატიანი იცავს.