search close
picture განცხადება

ზიზი შეყელაძის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი 23 იანვარს გაგრძელდება

22 იანვარი 2017

ხვალ, 2017 წლის 23 იანვარს 10:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება ტრანსგენდერი ქალის ზიზი შეყელაძის მკვლელობაში ბრალდებული პირის გ. მ.-ს სასამართლო პროცესი. 2017 წლის 11 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა საკუთარი ადვოკატი აიცილა და ახალი ადვოკატი მოითხოვა. სწორედ ამ საფუძვლით მოხდა სხდომის გადადება.

ბრალდებული გ. მ. 14 ოქტომბერს, ტრანსგენდერ ქალს ორთაჭალის ტერიტორიაზე, საღამოს საათებში, დაესხა თავს. ქალს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული თავისა და ყელის არეში და საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე 40-დღიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ შეიცვალა საქმის კვალიფიკაცია და გ. მ.-ს ბრალად ედება ზიზი შეყელაძის განზრახ მკვლელობა. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

დაზარალებულის უფლებამონაცვლის - მისი დედის ინტერესებს ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის'' (WISG) იურისტი ციალა რატიანი იცავს.