search close
picture განცხადება

ტრანსგენდერი ქალის მიმართ ჩადენილი დანაშაულის შესახებ მომზადებული სტატიით ქარტიის მე-10 პრინციპი დაირღვა

29 იანვარი 2017

2017 წლის 28 იანვარს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის’’ (WISG) განცხადება, რომელიც ეხებოდა 2016 წლის 17 ოქტომბერს, Kvira.ge-ის მიერ მომზადებულ სტატიას: “ვინ არის ტრანსგენდერი, რომელსაც სასტიკად გაუსწორდნენ? – ,,ერთმა ქვა ჩაარტყა, მეორემ ყელი გამოჭრა”.

ჟურნალისტის მიერ მომზადებული მასალა შეიცავდა დაზარალებულის პერსონალურ მონაცემებს: სახელი და გვარი, ასაკი (პირადობის მოწმობის მიხედვით) და ფოტოსურათი. საქართველოს კანონით ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და კონსტიტუციით, ასევე, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, აკრძალულია პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა და პერსონალური მონაცემების გასაჯაროვება მისი წინასწარი, ინფორმირებული თანხმობის გარეშე. ჟურნალისტი ტრანსგენდერ ქალს ხან უბრალოდ ,,ტრანსგენდერად’’მოიხსენიებდა, ხან მისი სახელით და გვარით პირადობის მოწმობის მიხედვით და ხანაც ,,ტრანსგენდერ ზიზის’’ უწოდებდა.

WISG მიიჩნევდა, რომ kvira.ge-ის მიერ, დაირღვა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი (ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას–მიიღოს ზუსტი ინფორმაცია) და მე-10 პრინციპი (ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი) და მასალა მომზადდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ, საქმის –“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი ჟურნალისტების: “ლევან სუთიძის, ქეთი კვაჭანტირაძის, ბექა მჭედლიშვილის, თეა სიჭინავას და ნანუკა ქაჯაიას წინააღმდეგ” განხილვილის შემდეგ გაცემული რეკომენდაციის ''ტრანსგენდერ ადამიანებთან დაკავშირებული თემის გაშუქების შესახებ'' უგულვებელყოფით.

ზემოაღნიშნული რეკომენდაციის თანახმად, სიტყვა „ტრანსგენდერი“ არის ზედსართავი სახელი და არშეიძლება, გამოიყენებოდეს, როგორც არსებითი სახელი ან გადაკეთდეს ზმნიზედად. ასევე, ტრანსგენდერი ადამიანის მიერ არჩეული სახელი უნდა იქნას აღიარებული ჟურნალისტების მიერ მის ნამდვილ სახელად, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ეს სახელი მის საბუთებში შეცვლილი.

ხშირად, სხვადასხვა მიზეზის გამო, ტრანსგენდერ ადამიანებს არ მიუწვდებათ ხელი სახელის ან/და სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლის პროცედურებზე. ყველა ტრანსგენდერი ადამიანი იმსახურებს მოპყრობას ისე, თითქოს მათ შეძლეს სახელის ლეგალურად შეცვლა და მათ მიერ არჩეული სახელი ოფიციალური სახელიცაა.

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ონლაინ გამოცემა Kvira.ge-ს რედაქტორმა ქეთი ხოსიტაშვილმა დაარღვია ქარტიის მეათე პრინციპი, რომლის თანახმადაც “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი''. საბჭომ არ გაიზიარა განმცხადებლის მოსაზრება პირველი პრინციპის დარღვევის თაობაზე.