search close
picture განცხადება

ზიზი შეყელაძის მკვლელობაში ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

2 თებერვალი 2017

2017 წლის 3 თებერვალს გაიმართა ტრანსგენდერი ქალის ზიზი შეყელაძის მკვლელობაში ბრალდებული პირის სასამართლო პროცესი. სასამართლომ გ. მ. დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობაში (დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით) და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გ. მ.-ს სასჯელს დაემატა წინა დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი 3 წელი და საბოლოო სახედ და ზომად განისაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დაზარალებულის უფლებამონაცვლის, ზიზი შეყელაძის დედის ადვოკატის ციალა რატიანის განმარტებით, საქმეში სავარაუდო ტრანფობიური სიძულვილის მოტივი, როგორც ბრალის დამამძიმებელი გარემოება, სათანადოდ არ გამოკვლეულა. ციალა რატიანს მიაჩნია, რომ სასამართლომ და პროკურატურამ უგულვებელყო საქმეში არსებული მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და ყურადღება არ გამახვილებულა დანაშაულის ადგილზე, ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის წარსულში არსებულ ურთიერთობაზე და დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებების სიმძიმეზე.